Facebook Twitter

საქმე №ას-498-466-2017 19 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2010 წლის 27 მაისს სს „თ. ბ.“ (შემდგომში „ბანკი“ ან „მოსარჩელე“) და თ. ბ-ეს (შემდგომში „კლიენტი“, „მოპასუხე“, ,„კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კლიენტს გადაეცა განვადების ბარათი 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი და 10 თვე, გაძვირების პროცენტი - 20 %-ით, ტრანზაქციის მინიმალური ოდენობა - 50 ლარით. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 28 რიცხვში.

2. გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %.

3. ხელშეკრულებით განისაზღვრა განვადების დაფარვის ვადა - ლიმიტის ათვისებიდან 10 თვე (ან კლიენტის სურვილის შემთხვევაში, უფრო ადრე).

4. კლიენტმა განვადების ბარათზე არსებული თანხა სრულად აითვისა 2012 წლის 31 იანვარს, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განვადების დაფარვის 10-თვიანი ვადა იწურებოდა 2012 წლის 30 ნოემბერს.

5. ბანკმა სარჩელი აღძრა კლიენტის მიმართ და მოითხოვა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1983.67 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1209.89 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 86.15 ლარი და პირგასამტეხლო - 687.63 ლარი) მოპასუხისთვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ კლიენტმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ დაფარა კრედიტის თანხა.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ბანკის წინაშე დავალიანება არ აქვს, ვინაიდან მხარეთა შორის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც განვადების ბარათით უსარგებლია. მოსარჩელემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 1209,89 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 86,15 ლარისა და პირგასამტეხლოს - 120, 98 ლარის გადახდა.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო განყოფილების შეტყობინების ბარათით დამატებით დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2015 წლის 30 ნოემბერს.

11. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელი წარდგენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით. კერძოდ, სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მოპასუხემ განვადების ბარათზე არსებული (დარჩენილი) თანხა, 20 ლარი გაიტანა და, შესაბამისად, ლიმიტი სრულად აითვისა 2012 წლის 31 იანვარს, საიდანაც აითვლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული განვადების დაფარვის 10-თვიანი ვადა, ანუ აღნიშნული ვადა ამოიწურა 2012 წლის 30 ნოემბერს. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კრედიტორს (ბანკს) სწორედ 2012 წლის 30 ნოემბერს უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ და ამ დროიდან სამი წლის განმავლობაში - 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა სარჩელი სასამართლოში სესხისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკმა სარჩელი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2015 წლის 30 ნოემბერს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

12. სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან სესხის დაფარვის მიზნით ბოლო გადახდა (100 ლარის ოდენობით) 2012 წლის 27 ნოემბერს განახორციელა. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია, არ არსებობდა მისი გაზიარების საფუძველი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით, ასევე ამავე კოდექსის 115-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბანკის მიერ მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით (სარჩელი წარდგენილია მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან მე-3 წლის ბოლოს), მოსარჩელემ თავად შეუწყო ხელი პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას, რაც სსკ 420-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი შემცირების საფუძველს ქმნიდა. ამდენად, სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს, 687.63 ლარის ნაცვლად, გონივრულ ოდენობად 120.98 ლარი მიიჩნია.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. კასატორის განცხადებით, სასამართლომ თავისი ინიციატივით დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც არცერთ მხარეს არ მიუთითებია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2010 წლის 27 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება მაშინ, როდესაც ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია - მხარეთა შორის არც ხელშეკრულება გაფორმებულა და არც განვადების ბარათით უსარგებლია მოპასუხეს. ამასთან, სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა, რომ ბარათზე არსებული 20 ლარი მოპასუხემ გაიტანა 2012 წლის 31 იანვარს. მოპასუხე სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ ბოლო გადახდა მან განახორციელა 2012 წლის 27 ნოემბერს, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის დროდ უნდა მიჩნეულიყო 2012 წლის 28 დეკემბერი (ვინაიდან გადახდის თარიღად არჩეული იყო ყოველი თვის 28 რიცხვი). რომც დასტურდებოდეს, რომ მოპასუხემ ბარათზე დარჩენილი 20 ლარი გაიტანა 2012 წლის 31 იანვარს, ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა 2012 წლის 28 თებერვალს. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.

16. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბანკმა სარჩელი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში 2015 წლის 30 ნოემბერს. საქმეში არ არსებობს საფოსტო კონვერტი, რომლითაც აღნიშნული გარემოება დადასტურდებოდა. ამრიგად, სასამართლომ არასწორად აითვალა სარჩელის ხანდაზმულობის ვადა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად არ მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად.

22. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

26. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

27. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

29. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

30. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

33. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 27 მაისს დადებული განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაეცა განვადების ბარათი 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით და კრედიტის ლიმიტის ვადად განესაზღვრა 4 წელი და 10 თვე. სასამართლომ სარჩელზე დართული გადახდების ისტორიით დადგენილად მიიჩნია, რომ განვადების ბარათზე დარჩენილი თანხა მოპასუხემ სრულად აითვისა 2012 წლის 31 იანვარს, საიდანაც უნდა ათვლილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული განვადების დაფარვის 10-თვიანი ვადა, ხოლო ვინაიდან ამ ვადაში მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შეასრულა, არსებობდა მისთვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი.

34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და მის მიერ განვადების ბარათით სარგებლობის ფაქტი სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა. ასევე კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა განვადების ბარათზე დარჩენილი 20 ლარის მოპასუხის მიერ 2012 წლის 31 იანვარს გატანის ფაქტი. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული გარემოებები საქმეში არსებული დოკუმენტების (ხელშეკრულება, გადახდის ისტორია) საფუძველზეა დადგენლი (იხ. ს.ფ 12-16), ხოლო კასატორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიუთითებს მათ გამაბათილებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

35. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის არასწორად გამოთვლის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 130-ე მუხლი კი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მის მიერ განხორციელებული ბოლო გადახდიდან 1 თვის შემდეგ - გადახდის მომდევნო თვის 28 რიცხვიდან ან, უკიდურეს შემთხვევაში, განვადების ბარათზე დარჩენილი თანხის გატანის მომდევნო თვის 28 რიცხვიდან (ვინაიდან კრედიტის დაფარვის თარიღად არჩეული იყო ყოველი თვის 28 რიცხვი).

37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ პირობაზე, რომლითაც განისაზღვრა განვადების დაფარვის წესი და განვადების სრულად დაფარვის დროდ მიეთითა ლიმიტის ათვისებიდან 10 თვე (ან კლიენტის სურვილის შემთხვევაში, უფრო ადრე) (იხ. ს.ფ 14). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ განვადების ბარათზე არსებული თანხა მოპასუხემ სრულად აითვისა 2012 წლის 31 იანვარს, სწორედ ამ დროიდან 10 თვის განმავლობაში (2012 წლის 30 ნოემბრამდე) შეეძლო მას დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, ხოლო ვინაიდან დადგენილია, რომ ამ ვადაში მოპასუხეს ბანკის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია, 2012 წლის 30 ნოემბრიდან ბანკს, მოსარჩელეს მის მიმართ წარმოეშვა თანხის მოთხოვნის საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ საფოსტო გზავნილზე, რომლითაც დასტურდება, რომ ბანკმა სარჩელი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში 2015 წლის 30 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 99), ანუ კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით (ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა 2015 წლის 30 ნოემებრს).

38. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული გარემოებების გამაბათილებელ რაიმე მტკიცებულებაზე კასატორი ვერ მიუთითებს და არც საქმის მასალებით ირკვევა საწინააღმდეგო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა მართებულად დაუკავშირა განვადების ბარათზე დარჩენილი ლიმიტის ათვისებას. შესაბამისად, სარჩელი მართებულად მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილად.

39. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-254-254-2018, 30 მარტი, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. ბ-ეს (პ/ნ: 610040...) დაუბრუნდეს დ. ხ-ის მიერ (პ/ნ: 610040...) 2017 წლის 6 ივნისს №5 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე