Facebook Twitter

საქმე №ას-535-535-2018 31 ივლისი, 2018 წელი

№ას-535-535-2018 კიკნაძე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-ი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს „ჰ.“

თავდაპირველი მოპასუხე – ჯ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. კ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული საგვარეული სასაფლაოდან მ. წ-ის გადასვენება და საფლავის მოსარჩელისათვის დაბრუნება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3. მოსარჩელის ბაბუა (დედის მამა), პ. წ-ი, რომელიც გარდაიცვალა 193... წელს, დაკრძალულია ... სასაფლაოზე. მისი დაკრძალვისას ოჯახს გამოეყო სამადგილიანი საფლავი. 19.. წელს აღნიშნულ სამარხში დაკრძალეს მოსარჩელის დიდი ბებია (ბაბუის დედა), ე. წ-ი. ათწლეულების განმავლობაში, სასაფლაო იყო მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში, გაკეთდა რკინის ღობე და მიცვალებულთა მიმანიშნებელი დაფები, თუმცა 1990-იანი წლების შემდგომ ოჯახმა ვერ შეძლო საფლავისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა;

4. 1999 წლის 23 მაისს, მოსარჩელის ოჯახისაგან შესაბამისი თანხმობის მიღების გარეშე, მოპასუხის ოჯახმა (რომლებიც ასევე წერეთლები არიან, თუმცა არა მოსარჩელის ნათესავები) სადავო სასაფლაოს ერთ-ერთ სამარხში დაკრძალეს თავიანთი მიცვალებული, მ. წ-ი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის ოჯახმა შეიტყო 20... წლის ზაფხულში, როდესაც მიცვალებულისათვის პატივის მისაგებად მივიდნენ ... სასაფლაოზე და მათი მიცვალებულის იქ განსვენების ყოველგვარი კვალი წაშლილი დახვდათ;

5. სასაფლაოს დირექციის საშუალებით, მოსარჩელემ დაადგინა მოპასუხის კოორდინატები და იმავე წლის აგვისტოში სთხოვა მას დაებრუნებინა საფლავი და იქ დაკრძალული მიცვალებული გადაესვენებინა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა;

6. მოსარჩელის დიდი ბებია, ე. წ-ი იყო ცნობილი საზოგადო მიღვაწე, რომლის თაოსნობით არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა საჩხერეში. ამ დამსახურებების გამო საჩხერის სამხარეთმცოდნეო-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა „ს.“ მოსარჩელის ოჯახს მიმართა თხოვნით, რათა დაერთოთ ნება ელისაბედ წერეთელი გადაესვენებინათ საჩხერეში, თუმცა მიუხედავად ოჯახის თანხმობისა, აღნიშნული შეუძლებელია.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, უარყო სადავო საფლავთან მოსარჩელის რაიმე სახის კავშირი და განმარტა, რომ მ. წ-ი დაკრძალულია გარდაცვლილი ძმის, ჯ. წ-ის გვერდით. მოსარჩელე ვერ ამტკიცებს იმას, რომ სადავო სამარხში მისი მიცვალებულია დასაფლავებული.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მოსარჩელის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩერთო შპს „ჰ.“.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12. მოსარჩელის ბაბუა, პ. წ-ი გარდაიცვალა 193... წლის 5 ივნისს, ხოლო ბაბუის დედა, ე. წ-ი (მოსარჩელის დიდი ბებია) – 194.. წლის 4 იანვარს;

13. მ. წ-ი გარდაიცვალა 199.. წლის 5 მაისს;

14. მ. წ-ი დაკრძალულია ვერის სასაფალაოზე, სამადგილიან სამარხში, 195... წელს გარდაცვლილი ძმის, ჯ. წ-ის გვერდით. სასაფლაოს ადმინისტრაციის მიერ მიცვალებულის დაკრძალვის თაობაზე გაცემულია შესაბამისი ნებართვა და ცნობა;

15. შპს „ჰ.“ სააღრიცხვო ჟურნალის ამონაწერის შესაბამისად, 199... წლის 19 მაისს გარდაცვლილი მ. წ-ი დაკრძალული იქნა იმავე წლის 23 მაისს. გრაფაში, თუ ვის სამარხში იკრძალება მიცვალებული, მითითებულია - „თავისი ადგილი“.

16. შპს „ჰ.“ წარმომადგენლის განმარტებით, სააღრიცხვო ჟურნალის მინაწერში - „თავისი ადგილი“ იგულისხმება ჭირისუფლის მფლობელობაში არსებული საფლავი;

17. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პირთა მ. წ-ის (სადავო სამარხში დაკრძალული ჯ. და მ. წ-ის და), ლ. ც-ისთავის (მ. წ-ის მეგობარი), გ. ნ-ისა (მ. წ-ის კლასელი) და მ. კ-იძის ჩვენებების მიხედვით, სადავო სასაფლაოზე მ. წ-ი დაკრძალულია ძმის, ჯ. წ-ის გვერდით, ხოლო მითითებულ საფლავზე სხვა პირთა ნეშტის არსებობის თაობაზე მოწმეთათვის უცნობია;

18. მოწმე ლ. ლ-ის განმარტებით, სადავო საფლავის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მისი შვილის საფლავი. იგი 20 წელია დადის სასაფლაოზე და იქ არასდროს უნახავს მოსარჩელე, საფლავზე მხოლოდ მ. წ-ის ნათესავები დადიან.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 160-ე-161-ე, 172-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ მ. წ-ის დაკრძალვისათვის შესაბამისი ნებართვა გაცემულია არა წინა საფლავის მიტოვებულად აღიარებისა და ლიკვიდირებულად გამოცხადების საფუძვლით, არამედ მისი ოჯახის წევრის (ძმის) გვერდით დაკრძალვის უფლების მინიჭების სახით, ხოლო რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მ. წ-ის იმ საფლავში დაკრძალვას, სადაც სხვა ნეშტი განისვენებს, საქმის მასალებში წარდგენილი არ არის.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

21. კასატორის განცხადებით, სასამართლოს მოცემულ საქმეზე არცერთი ფაქტობრივი გარემოება სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რის გამოც გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოებს არ შეუმოწმებიათ ნამდვილად იყვნენ თუ არა მ. და ჯ. წ-ები და-ძმა. ამასთან, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის შუამდგლომლობა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რამდენი ნეშტი იყო დაკრძალული სამარხებში.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომლებიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომლებიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). საგულისხმოა ისიც, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ საქმე №ას-860-860-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადი იქნებოდა, შემდეგი წინაპირობების არსებობისას, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან სადავო ნივთზე ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.

30. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება სადავო საფლავზე მოსარჩელის მფლობელობის ფაქტი, ვინაიდან არ დგინდება მისთვის კონკრეტულ ფართზე უფლების გაცემის ფაქტობრივი გარემოება. ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნულ საფლავში მოსარჩელის წინაპარია დაკრძალული ან/და საფლავი ოდესმე მაინც იყო მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში და ეს მფლობელობა მას მოგვიანებით, მოპასუხემ ჩამოართვა. ამდენად, არ დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო ფართზე არათუ მოპასუხეზე უკეთესი, არამედ საერთოდ რაიმე სახის სანივთო უფლება გააჩნია.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-709-709-2018, 12 ივნისი, 2018 წელი; საქმე №ას-753-713-2015, 7 ივლისი, 2015 წელი).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

37. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002788418 დასკვნა, მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ.117-121).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ე. კ-ეს (პ/ნ: 01008020...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 მაისს №25 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორის ელისაბედ კიკნაძის წარმომადგენელს ირმა მახათაძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002788418 დასკვნა, მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ.117-121);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე