საქმე №ას-1944-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ის უფლებამონაცვლე ე. ლ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მაყვალა ლასურაშვილმა (უფლებამონაცვლე _ ე. ლ-ი, შემდგომში წოდებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა ერთჯერადი კომპენსაციის _ 1 412,25 ლარის გადახდის სანაცვლოდ, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისათვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი 44,8 კვ.მ აუცილებელი სამანქანე გზის გამოყოფა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრების უფლებით ეკუთვნის მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.თბილისში, სოფელ ... (ს/კ #01.72.14....). მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა. გარკვეულ დრომდე მოსარჩელე სარგებლობდა მომიჯნავედ მდებარე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთითა და მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შემოუღობავი ნაწილით (ს/კ #01.72.14....). მოგვიანებით მოპასუხემ შემოღობა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომლითაც სარგებლობდა მოსარჩელე და ამ უკანასკნელს მოესპო უძრავ ნივთთან მიახლოების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონებასთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოსაწყობად საჭიროა, მოპასუხის ნაკვეთს ჩამოეჭრას 44,80 კვ.მ მიწა, საიდანაც 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 18 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე მართლაც სარგებლობდა საკუთარ და მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი მიწით, თუმცა, როდესაც მესამე პირმა გაავლო სასაზღვრო მიჯნა მეზობელ ნაკვეთზე, მან ამ მიჯნის შიგნით მოაქცია ის დაურეგისტრირებელი მიწა, რომელიც გამოიყენებოდა გზად. გარდა ამისა, მოსარჩელის სახელზე ქონება 2010 წელს დარეგისტრირდა და ამ დროისათვის რომ არ არსებულიყო მასთან მისასვლელი გზა, რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. მოპასუხე სოფელ ... საცხოვრებლად გადავიდა 2010 წელს და მან შეაკეთა დარღვეული ღობე. ამას მოსარჩელისათვის ნაკვეთთან მისვლაში ხელი არ შეუშლია, რადგანაც იგი სარგებლობდა მხარეების, ასევე, მესამე პირის კუთვნილ მიწებს შორის არსებული თავისუფალი მიწით, რომელიც დღეისათვის მეზობლის ნაკვეთის საზღვრებშია მოქცეული. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ ასახავენ რეალობას, რადგანაც მოსარჩელემ ექსპერტებს წარუდგინა არასწორი ინფორმაცია, გარდა ამისა, ექსპერტისათვის არასწორადაა დასმული შეკითხვები, ისევე,როგორც არასწორად იქნა განსაზღვრული 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან არსებობდა სადავო მიწასთან მისასვლელი ალტერნატიული გზა, მოთხოვნა გაუმართლებელია, ამ მოთხოვნით მოსარჩელეს უნდა მიემართა იმ მეზობლის წინააღმდეგ, რომლის ეზოშიც იქნა მოქცეული ნაკვეთთან მისასვლელი გზა. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია, დასტურდება ქ.თბილისის მერიის ზედამხედელობის სამსახურის მასალებით, ამასთანავე, სასამართლომ უარყო მოსარჩელის მიერ მეზობლის წინააღმდეგ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრული სარჩელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის _ 1 412,25 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელეს გამოეყო ქ.თბილისში, სოფელ ..., „ჩ.“ მდებარე მიწის ნაკვეთთან (ს/კ #01.72.14....) მისასვლელი სამანქანე გზა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან (ს/კ #01.72.14.....) 44,8 კვ. მეტრის გამოყოფით სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის #0028019... დასკვნის შესაბამისად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 2 ივლისის #002801... დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი 730.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, (ს/კ #01.72.14....) არ გააჩნია საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის წინ, საჯარო გზის მხარეს განთავსებულია მოპასუხის მიწის ნაკვეთი #01.72.14...., #01.72.14.... და #01.72.14....1 საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთებს შორის არსებული ცარიელი სივრცე. ამავე დასკვნის შესაბამისად, მოპასუხის მიწის ნაკვეთის ნაწილისა და #01.72.14.... და #01.72.14... ნაკვეთებს შორის არსებული ცარიელი სივრცის ხარჯზე ტექნიკურად შესაძლებელია მისასვლელი გზის მოწყობა, რა დროსაც მოპასუხეს ჩამოეჭრება 44.80 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ექსპერტიზის დასკვნას თან ახლავს #1 დანართი _ ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობის გეგმა-ნახაზი;
1.2.2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა 2013 წლის 2 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა ამჟამად არსებულ საკადასტრო მონაცემებთან იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ (#01.72.14.... საკადასტრო კოდი), ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ (სარჩელის აღძვრამდე), საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის შეცვლილი მონაცემები დაარეგისტრირა, რომლითაც #01.72.14.... და #01.72.14.039... ნაკვეთებს შორის არსებული ცარიელი სივრცე (დაურეგისტრირებელი ნაწილი), რომელზედაც მიუთითებს ექსპერტი #002801... დასკვნაში, #01.72.14.039... საკადასტრო კოდის ქვეშ არის მოქცეული;
1.2.3. სააპელაციო საჩივარში მითითებული სადავო გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო პალატამ საქმეზე დანიშნა ექსპერტიზა, რომელსაც დაესვა შემდეგი კითხვა:
არის თუ არა დღეის მდგომარეობით შეცვლილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის #002801... დასკვნაში მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა (მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ლოკაცია)?
დადებითი პასუხის შემთხვევაში, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება?
1.2.4. ექსპერტიზის 2018 წლის 2 მაისის #5002580.. დასკვნის თანახმად, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის #00280..3 დასკვნის #1 დანართზე ასახული #01.72.14.039....1, #01.72.14... და #01.72.14.033.... მიწის ნაკვეთებიდან კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის ცვლილება აღნიშნული პერიოდისათვის, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, განიცადა მხოლოდ #01.72.14.039.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულმა მიწის ნაკვეთმა. დანარჩენი ორი მიწის ნაკვეთი დარჩა უცვლელად. აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია დასკვნის #1 დანართზე ასახული დაურეგისტრირებელი სივრცის კონფიგურაციის ცვლილება და ფართის შემცირება, კერძოდ, დასკვნის დანართ #1-ზე დაურეგისტრირებელი სივრცის ფართი შეადგენდა 85 კვ.მ-ს (იხ: დანართი #3), ხოლო, აღნიშნული პერიოდისათვის დაურეგისტრირებელი სივრცის ფართი შეადგენს 38 კვ.მ-ს. შესაბამისად, დაურეგისტრირებელი სივრცის 47 კვ.მ ფართი მოექცა #01.72.14.039.... ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 4 ივნისს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული მონაცემების მიხედვით #01.72.14.033... და #01.72.14.039.... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს შორის სიგრძეზე ფიქსირდება ცარიელი სივრცე (სივრცის სიგანე დაახლოებით შეადგენს 0,9 მ-ს), რომელიც არ არის მოქცეული საზღვრებს შიგნით და რომელიც სრულად არ არის ნაჩვენები რუკაზე (რუკაზე ასახულია მხოლოდ ფრაგმენტი). ხსენებული ცარიელი სივრცე, აღნიშნული პერიოდისათვის, მოქცეულია საჯარო რეესტრში #01.72.14.039.... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით. ამდენად, 85 კვ.მ ფართის დაურეგისტრირებელი სივრციდან 47 კვ.მ მოქცეულია #01.72.14.039.... საკადასტრო კოდის ქვეშ, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით #01.72.14.039.... საკადასტრო კოდით აღრიცხულ 47 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დადგინდა აუცილებელი გზა ისე, რომ აღნიშნულის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული და საქმეში მოპასუხედ ჩართული #01.72.14.039.... მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოცემული სარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც აუცილებელი გზის დადგენის წინაპირობებთან ერთად განსაზღვრავს ამ მოთხოვნის სუბიექტთა წრესაც, კერძოდ ეს არის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და/ან მესაკუთრეები. კანონის ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, გამართლებულია საკუთრების სუბსტანციით _ უფლების შეზღუდვისას პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას პრეტენზია, ამასთან, მას გააჩნია საპროცესო სამართლებრივი დატვირთვაც: ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (სსსკ-ის მუხლი 2). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლომ იმსჯელა პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც დავაში არ ყოფილა ჩაბმული, მან მართებულად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად (სსსკ-ის 377.2, 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულით სასამართლომ დაიცვა, როგორც საქმის განხილვის პროცესუალური სტანდარტი, ისე _ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული პირის უფლება სასამართლო ხელმისაწვდომობაზე. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის განმარტების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მარიკა არევაძის მიერ 27.11.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ. გ-ს (ს/კ #0101102..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ა-ის მიერ 27.11.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი