Facebook Twitter

საქმე №ას-1060-2018 5 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ი-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შოთა მილორავამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ი-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 370 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წელს მოპასუხე დაუკავშირდა საკუთარი ოჯახის ახლობელს, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მოსარჩელეს და შესთავაზა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყება, რისთვისაც საჭირო იყო ფინანსები, რასაც მოსარჩელეს დაუბრუნებდა ორი წლის ვადაში და მისცემდა საწარმოს მოგების 60%-ს. მოსარჩელე დაეთანხმა შეთავაზებულ წინადადებას და 2010 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მოპასუხეს გადაურიცხა 370 000 აშშ დოლარი. 2014 წელს მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და მოითხოვა თანხის დაბრუნება, ვინაიდან გასული იყო შეთახმების ვადა. მოპასუხე ჰპირდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, მისი მოძიება 2015 წლის აპრილამდე ვერ მოხერხდა. 2015 წლის აპრილში მხარეთა შორის შედგა ვალის აღიარების ხელწერილი, სადაც მოვალემ აღიარა, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ვალი - 370 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის გადახდის ვალდებულება მოპასუხემ იკისრა ეტაპობრივად, თუმცა კვლავ გაუჩინარდა და თანხა არ დაუბრუნა.

2. მოპასუხის პოზიცია:

კვალიფიციური შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ შემდგარა. 2015 წლის 21 აპრილით დათარიღებული ხელწერილი არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, რადგანაც დოკუმენტს ორივე მხარე არ აწერს ხელს, არ შეიცავს მონაცემებს სესხის აღების დროის, სარგებლის ოდენობისა და უცხოური ვალუტის ქართულ ვალუტასთან შესაბამისობის თაობაზე. მითითებული ხელწერილი ვერ ჩაითვლება ვერც ვალის აღიარების დოკუმენტად, რადგანაც არ არის აბსტრაქტული შინაარსის და მხარეთა შორის წარსულში არსებული ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს. მხარეთა შორის 2010 წლის 17 სექტემბერს შპს „ა.“, რომლის 100% წილს ფლობდა მოპასუხე, გაფორმდა 60% წილის გასხვისების ხელშეკრულება, რასაც უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი იურიდიული შედეგები. წილის შეძენის შემდგომ მოსარჩელე საწარმოს მოგებიდან იღებდა დივიდენდს, რასაც აღიარებს დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვის ოქმში. 2010 წლიდან დღემდე მოპასუხეს ჯამში გადარიცხული აქვს 118 200 აშშ დოლარი. ამრიგად, როგორც მითითებული გარემოებებიდან ვლინდება, ვალის აღიარების ხელწერილში გადმოცემული ვალდებულება წარმოშობილია მხარეთა შორის 2010 წლის 17 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტლებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრა 370 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. 2015 წლის 12 აპრილს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღიარა ვალი - 370 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა ეტაპობრივად: 2015 წლის დეკემბრის ბოლოს 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, დარჩენილი ნაწილი 2016 წლის განმავლობაში მთლიანად;

1.2.2. 2016 წლის 14 იანვარს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული, ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელწერილით მოპასუხემ კრედიტორის მიმართ აღიარა არსებული დავალიანება. მან ხელწერილში მიუთითა, რომ 2010-2011 წლებში დაიწყო ბიზნესსაქმიანობა, რისთვისაც ისესხა ნაღდი ფული მოსარჩელისგან, დღეის მდგომარეობით თანხის ჯამურმა ოდენობამ 370 000 აშშ დოლარი შეადგინა. მოვალემ იკისრა თანხის დაფარვის ვალდებულება და თანხმობა განაცხადა ვალი დაებრუნებინა შემდეგი სახით: 2016 წლის 20 აპრილიდან ამავე წლის 10 მაისამდე _ 150 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 30 დეკემბრამდე - 150 000 აშშ დოლარი, ასევე, პარალელურად 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარი. ე.ი 2017 წლის 30 დეკემბრისათვის სრულად დაფარავდა დავალიანებას;

1.2.3. მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარეთა ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას დაადასტურებდა (საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ევალებოდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც შპს „ა.“ იყო აპელანტი, მოგვიანებით, მართლაც გასხვისდა კომპანიის წილი, თუმცა არა მოსარჩელეზე, არამედ, სხვა პირზე, თავის მხრივ, მოსარჩელე საქმის განხილვის ყველა ეტპაზე უარყოფდა ერთობლივ მეწარმეობას მოპასუხესთან).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მის მიერ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას, რომელიც ადასტურებს მოთხოვნილი თანხის გადაცემის ფაქტს, თუმცა მოპასუხე სასამართლოს სთავაზობს სარჩელში მოყვანილი ფაქტებისაგან განსხვავებულ მოვლენათა განვითარებას, კერძოდ, ის უარყოფს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას და მიუთითებს მხარეთა ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობაზე. კვალიფიციური შედავების თავისებურება არის ის, რომ ამ შედავებაში გადმოცემული ფაქტების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოპასუხეს, რომელსაც ამ მხრივ სარწმუნო მტკიცება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის, ის საკასაციო საჩივარშიც ადატურებს, რომ საწარმოში წილი მოსარჩელემ არ დაარეგისტრირა და ამ საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ ზეპირად. გარდა იმისა, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნებს, მხარეთა ამგვარი შეთანხმება, განკუთვნადი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული, რაც, როგორც ითქვა საქმეში არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ვალის არსებობის დამადასტურებელი ცალმხრივი ხელშეკრულებები და მათი შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა არა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აბსტრაქტული აღიარება, არამედ, ამ მტკიცებულებებით დგინდება მხარეთა შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე, რადგანაც შინაარსობრივად, დოკუმენტებში ასახული ნება ვალის კაუზალური აღიარებაა, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის კონსტანტაციად განიხილება (ვალის არსებობის აღიარების სახეებთან დაკავშირებით იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი) და ეხმარება მოსარჩელეს დადასტურების პროცესუალური მოვალეობის დაძლევაში. ამ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, მოვალეს ეკისრება. უდავოა, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა სარჩელის წარმატებულობის თაობაზე იურიდიულად დასაბუთებულია. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის დაბრუნების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.09.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. ი-ეს (პ/#610060...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.09.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი