საქმე №ას-1790-2018 19 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრისა და 2018 წლის 17 ივლისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ქ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ, მოპასუხისათვის 16 305,81 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 4 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა #2.9.15./.. და #2.9.15/... ხელშეკრულებები, ხოლო 2015 წლის 10 ივნისს _ #2.9.15./30/66 ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სკვერების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოს დაცვის ხარისხის უზრუნველსაყოფად მენარდეს სამუშაოს ღირებულებიდან არ გადასცემია სამუშაოთა ღირებულების 5%, საიდანაც 2.5% სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის ხარვეზის აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადახდილიყო. 2016 წლის 23 ივლისს მოსარჩელემ შემკვეთისაგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ობიექტზე აღმოჩნდა დაზიანებები, მათი გამოსწორება დაევალა მოსარჩელეს. ადგილზე გამოცხადებისას დადგინდა, რომ მოპარული იყო ნაგვის ურნები, ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანებული იყო ღობე, ასევე, ვანდალურად იყო დამტვრეული ხის სკამები და მაგიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზიანი არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით და არ ევალებოდა მენარდეს, მან საკუთარი ხარჯებით აღადგინა დაზიანებული ქონება. 2016 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა წერილობით მოპასუხეს და მოითხოვა სამუშაოთა ღირებულების ჩარიცხვა, თუმცა, მოპასუხისგან მიღებული წერილის თანახმად, მენარდეს დაეკისრა 16 305.81 ლარი და ეს თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშფაქტურების საფუძველზე, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა 654 683 ლარს. გამგეობამ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა 634 395 ლარი, ხოლო, დღეისათვის არსებული დავალიანება შეადგენს 20 228.1 ლარს, საიდანაც მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ 16 305 ლარის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში წარმოქმნილი დაზიანებები მენარდეს არ აღმოუფხვრია, შესაბამისად, არ შეასრულა ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის პირობებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მენარდეს არ გადაერიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5% - 16 305.81 ლარი. 2015 წლის 4 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მენარდემ დაასრულა შესრულებული სამუშაოები და 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს თანხა სრულად არ გადაერიცხა. საგარანტიო პერიოდში მენარდის მიერ მოწყობილ სკვერებში გაჩნდა დაზიანებები, რომლის შესახებაც მას ეცნობა 2016 წლის 26 ივლისის წერილით და ეთხოვა, მოკლე ვადაში მოეხდინა რეაგირება. დაზიანებები აღიბეჭდა ფოტოებზე, საიდანაც დგინდება, რომ იგი გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებით, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფძვლოა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 305,81 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი, ასევე, ხარვეზის დადგენის შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების 1.1. პუნქტის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. 2015 წლის 4 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2.9.15/... ხელშეკრულება, რომლის ობიექტი ქ.თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, 5 მისამართზე სკვერების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები იყო. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 356 828.29 ლარს, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;
1.2.2. 2015 წლის 4 მაისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2.9.15/... ხელშეკრულება, საბურთალოს ტერიტორიაზე, 8 მისამართზე სკვერების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების წარმოების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 246 918.14 ლარს, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;
1.2.3. 2015 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2.9.15/... ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც სახელშეკრულებო თანხა, ნაცვლად 246 918.14 ლარისა, განისაზღვრა 233 746.17 ლარით;
1.2.4. 2015 წლის 10 ივნისს კვლავ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2.9.15/... ხელშეკრულება, რომლის ობიექტი ქ.თბილისში, სოფელ ..., სარაჯიშვილის პირველი ჩიხის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოება იყო. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 70 448.53 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;
1.2.5. ხსენებულ გარიგებათა 3.1. პუნქტების თანახმად, მთლიანი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვით. სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შემკვეთსა და მენარდეს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. 4.1 პუნქტების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელი. 4.3 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების შესრულების შემდეგ საგარანტიო ვადის პერიოდში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მენარდე ვალდებული იყო, აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯით. 6.1. პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტზე მიღება-ჩაბარება ხორციელდებოდა ეტაპობრივად. შესრულებულ სამუშაოზე მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;
1.2.6. მენარდის დირექტორსა და შემკვეთს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, მენარდემ დაასრულა შესრულებული სამუშაოები და 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მხრიდან #2.9.15/30..., #2.9.15/30/..., #2.9.15/30.. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების ფაქტს;
1.2.7. შემკვეთის განმარტებით, სადავო თანხის გადაუხდელობის მოტივს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლი წარმოადგენს, რის შედეგადაც გარკვეული დროის შემდეგ რეაბილიტირებულ სკვერებში აღმოჩენილი იქნა რიგი დაზიანებები, თუმცა მოპასუხემ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას მენარდის მხრიდან ნაკლიანი შესრულების თაობაზე და განმარტავს, რომ სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხის მიერ წარდგენილი პრეტენზია კვალიფიციურია, კერძოდ, მოთხოვნას მოპასუხე უპირისპირებს იმ გარემოებას, რომ საგარანტიო ვადაში აღმოჩნდა სამუშაოს შესრულების ნაკლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც არა ფოტომასალა, არამედ, იმგვარი პირდაპირი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც ფაქტობრივ დაზიანებასთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს. ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება მტკიცებულებათა კვლევის საპროცესო სტანდარტს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). სარჩელის წარმატებულობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლი ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა, საგარანტიო ვადაში რაიმე საგარანტიო თანხის დაწესების წინაპირობას არ ადგენს, თუმცა, არც იმპერატიულადაა აკრძალული ამგვარი შესაძლებლობა, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე (სკ-ის 319.1 მუხლი). საკასაციო სასამართლო აფასებს მხარეთა შეთანხმებას სადავო თანხის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ყველაზე ახლოს პირგასამტეხლოსთან დგას (სკ-ის 417-ე მუხლი). სახელშეკრულებო დათქმა, რომლის თანახმადაც, საგარანტიო თანხის 2,5% ანაზღაურდებოდა სამუშაოს მიღების შემდგომ, ხოლო 2,5% ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ, ან ეს უკანასკნელი ნაწილი დარჩებოდა შემკვეთს, თუ მენარდე უარს განაცხადებდა ხარვეზის გამოსწორებაზე, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია (კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვერ ადასტურებს პირგასამტეხლოს დაბრუნების გამომრიცხველი წინაპირობების არსებობას, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს იმ წინმსწრები განჩინების კანონიერებას, რომლითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში, პალატა ამოწმებს ამ განჩინების სისწორეს და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო შედავება საფუძვლიანია. საკასაციო სასამართლო მოიხმობს თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს, ასევე, საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს (თვითმმართველობას აქვს საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა) და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმები არ ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, ისევე, როგორც მის არასაბიუჯეტო ორგანიზაციად მიჩნევას საფუძვლად ვერ დაედება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის XII თავით გათვალისწინებული თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნები, რაც ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველია.
2.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სადავო განჩინების საფუძველზე აპელანტმა 12.01.2018წ. #00147 საგადახდო დავალებით არასწორად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით 652,23 ლარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) ექვემდებარება დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების 1.1. პუნქტის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას (ს/კ #2053...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 12.01.2018წ. #00147 საგადახდო დავალებით მის მიერ არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 652,23 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი