№ას-570-541-2014 31 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ი.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ც.კ–ვა, ნ.გ–ძე, ვ.ბ–ძე, ი.გ–ე, ე.ჩ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ამხანაგობის წევრობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (შემდეგში - აღმასრულებელი კომიტეტი) 1985 წლის 25 მაისის №329 გადაწყვეტილებით, N.. კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის, ... დასახლებაში, …… ქუჩაზე გამოიყო მიწის ნაკვეთი. ამავე კომიტეტის 1989 წლის 29 ივნისის №410 გადაწყვეტილებით ….ქუჩა №19-ში პედაგოგთა საუწყებო 42-ე საბინაო სამშენებლო კოოპერატივის (შემდეგში - კოოპერატივი) წევრებად დამტკიცდნენ მოქალაქეები თანდართული სიის მიხედვით, სულ 30 წევრი.
2. აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის №724 გადაწყვეტილებით კოოპერატივის წევრთა სიას დაემატნენ ახალი წევრები. საბოლოოდ, კოოპერატივი 50 წევრით განისაზღვრა, მათ შორის იყვნენ: ც.კ–ვა, ნ.გ–ძე, ვ.ბ–ძე, ი.გ–ე, ე.ჩ–ძე (შემდეგში - მოსარჩელეები).
3. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კორპუსი ცხრასართულიანი უნდა აშენებულიყო. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ დასრულებულა, აშენდა მხოლოდ ოთხი სართული.
4. 2007 წლის 25 აპრილს ჩატარდა „.... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრება“. კრების N4 ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა კოოპერატივის 12 წევრის, მათ შორის, ნ.ზ–ძის (შემდეგში - მოთხოვნის ყოფილი მფლობელი ან კოოპერატივის ყოფილი წევრი) განცხადება კოოპერატივის წევრობიდან გასვლის თაობაზე. კრების გადაწყვეტილებითვე დაკმაყოფილდა 12 მოქალაქის, მათ შორის - ი.ბ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) განცხადება კოოპერატივის წევრად მიღების თაობაზე. კრების ოქმში მითითებულია, რომ „კოოპერატივის ახალი წევრები ინდივიდუალურად დაუფარავდნენ ბინის მშენებლობისათვის განხორციელებულ შენატანებს კოოპერატივის ყოფილ წევრებს“.
5. 2007 წლის 28 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს №162 განკარგულებით გადაწყდა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება, ხოლო 2008 წლის 3 ივლისის ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა (№01-01/21 ბრძანებით) სახლი ექსპლუატაციაში მიიღო. 2008 წლის 19 სექტემბერს მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში ამხანაგობის საკუთრებად აღირიცხა.
6. 2008 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა - ..-მა“ (შემდეგში - ამხანაგობამ), მიიღო წესდება. წესდებაზე თანდართული სიის მიხედვით ამხანაგობა 25 წევრით განისაზღვრა, მათ შორის იყვნენ: ი.ბ–ძე, მ.ქ–ძე, ს.ქ–ძე, რ.ფ–ძე, დ.თ–ძე, ს.ბ–ძე, ი.გ–ძე, ბ.გ–ძე, თ.გ–ძე, გ.დ–ძე, ლ.მ–ძე, ა.ნ–ძე, ნ.ა–ძე და ხ.ი–ძე (შემდეგში - მოპასუხეები).
7. ამხანაგობის საერთო კრებამ 2008 წლის 3 ოქტომბერს (№5 ოქმი) ბინები ამხანაგობის 25 წევრზე გაანაწილა.
8. საერთო კრებამ 2011 წლის მაისში (№16 ოქმი) მოსარჩელეები, როგორც კოოპერატივის ყოფილი წევრები, ამხანაგობის წევრებად მიიღო ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული არასაცხოვერბელი ფართისა (241 მ2) და მათ მიერ განხორციელებული შენატანების ფარგლებში.
9. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვეს:
- 2007 წლის 25 აპრილის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა;
- მოპასუხეთათვის ახანაგობის წევრობის შეწყვეტა.
10. მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხეები ამხანაგობის წევრები გახდნენ თვითნებურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ ფულადი შენატანი კოოპერატივში არ შეუტანიათ და არც რაიმე საბუთით არ დასტურდება მათი წევრობა ამხანაგობაში.
11. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს როგორც მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი, ისე - მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ კოოპერატივის წევრებმა, რომლებმაც თავის დროზე (1989-92 წლებში) შეიტანეს შენატანები ბინათმშენებლობისათვის (პაი), 1993-98 წლებში ცხოვრება დაიწყეს მშენებლობამიტოვებულ სახლში. შემდგომ თავიანთი უფლებები დაუთმეს მოპასუხეებს, შესაბამისად, ამხანაგობის წევრობის უფლება მოპასუხეებმა შეიძინეს. ამასთან, მოსარჩელეებმა გაუშვეს მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. ამხანაგობამ ისინი წევრებად 2011 წელს მიიღო და არც ამხანაგობის დაფუძნებაზე და არც მოპასუხეთა წევრობაზე აქამდე არ შესდავებიან. რაც შეეხება კრებას, კოოპერატივის ყოფილი წევრები უფლებასილი იყვნენ, ჩეტარებინათ კრება იმ შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ საცხოვრებელი ფართით. იმ პირებს, რომლებმაც სადავო კრება მოიწვიეს 1993-1998 წლიდან, ინდივიდუალურ საკუთრებასა და მფლობელობაში ჰქონდათ სადავო ბინები, ამასთან, ისინი იყვნენ მეპაიეები, რომელთაც შენატანების შესაბამისად დაიწყეს ცხოვრება სადავო სახლში, რომლის მხოლოდ 4 სართული იყო აშენებული, ისიც კონსტრუქციის დონეზე. მათ გაწიეს უამრავი ხარჯი, რომ საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. ყოფილი კოოპერატივის დანარჩენმა წევრებმა ინტერესი დაკარგეს სადავო ბინის მიმართ. ეს ინტერესი მათ 2010 წელს გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება, ინვესტორს დაესრულებინა მშენებლობა.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 25 აპრილის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების №4 ოქმი და მოპასუხეებს ახანაგობის წევრობა შეუწყდათ.
13. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე, 54-ე, 59-ე, 208-232-ე, 1512-ე მუხლები, სსრ-ის საბინაო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი აბზაცი და დაასკვნა, რომ მოსარჩელეები, საპაიო შენატანის სანაცვლოდ, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები გახდნენ, კოოპერატივის უფლებამონაცვლეა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო გასაჩივრებული ოქმი, თავისი შინაარსით - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი.
13.1. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა, მოითხოვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის ინფორმირებას კრების ჩატარებასა და მასზე გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, ყოფილი კოოპერატივის წევრთა ცვლილება, გასვლა და ახალი წევრების უკვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად მიღება, რომელიც იმავდროულად ამხანაგობის საერთო ქონების მესაკუთრე ხდებოდა, ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას საჭიროებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების კანონით დადგენილი წესი დაცული არ იყო.
13.2. ბინათმშენებლობის ამხანაგობაში წევრად მიღებას სხვადასხვა წინაპირობები აქვს. ამხანაგობის წევრი საბოლოოდ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების თანამესაკუთრე ხდება, მაგრამ ამ უფლების მოსაპოვებლად ამხანაგობის წევრებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ, რომელთა შესრულებაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს.
13.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოპასუხეთა წევრობის შესახებ მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა ამხანაგობის წევრად აღდგენის შემდეგ - 2011 წელს, ხოლო 2007 წლის 25 აპრილს ჩატარებული კრების შესახებ მათთვის უცნობი იყო.
13.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეების - რ.ფ–ძის, ს.ბ–ძისა და ბ.გ–ის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტაზე არ იმსჯელებდა, რამდენადაც ისინი 25.04.2007 წლის კრების ოქმში მითითებული არ იყვნენ, ხოლო ის გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი ამხანაგობის წევრები გახდნენ მხარეებს არ წარუდგენიათ.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთა ნაწილმა - ი.ბ–ძემ, ს.ქ–ძემ, რ.ფ–ძემ, დ.თ–ძემ, ი.გ–ძემ, თ.გ–ძემ, ლ.მ–ძემ, ა.ნ–ძემ და ხ.ი–ძემ (შემდეგში - აპელანტები) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
14.1. სასამართლომ არ შეაფასა გარემოებები, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ მითითებულის საპირისპიროს ადასტურებდა, კერძოდ, საქმეში განთავსებულია ყოფილი კოოპერატივის წევრების მიერ, რომლებმაც კოოპერატივის წევრობის უფლება დაუთმეს აპელანტებს, კოოპერატივში პაის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.
14.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა გასაჩივრებული კრების ოქმი. რეალურად 2007 წლის 25 აპრილს, სადავო უძრავ ქონებაში ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები შეიკრიბნენ და კრების ოქმით ის ფაქტი დაადასტურეს, რომ სადავო ბინაში მცხოვრები მოქალაქეები, ყოფილი კოოპერატივის წევრებისაგან მიღებული უფლებების საფუძველზე, ნამდვილად არიან იმავე უფლებით აღჭურვილი, რაც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. აპელანტთა განმარტებით, მათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა შეიძინეს არა 2007 წლის 25 აპრილის №4 კრების ოქმით, არამედ ყოფილი კოოპერატივის წევრების მიერ გამოხატული ნებით, მათ გარიგების საფუძველზე მიღებული უფლება გადასცეს აპელანტებს.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:
- აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება აპელანტთათვის (გარდა კასატორისა) ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი აპელანტთათვის (გარდა კასატორისა) ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;
- 2007 წლის 25 აპრილის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების №4 ოქმის ბათილად ცნობისა და კასატორის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
15.1. სააპელაციო პალატამ განიხილა თითოეული აპელანტის ამხანაგობის წევრად მიღების საკითხი და დაადგინა, რომ ისინი კანონშესაბამისად გახდნენ ამხანაგობის წევრები, კერძოდ, ამხანაგობის წევრობა კოოპერატივის წევრებისაგან (რომელთა კოოპერატივის წევრობა, თავის მხრივ, სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდა) მოთხოვნის დათმობის გზით შეიძინეს და მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
15.2. რაც შეეხება კასატორის ამხანაგობის წევრობას, პალატამ მიუთითა, რომ თავად კასატორის განმარტებით, მას მოთხოვნა დაუთმო ამხანაგობის წევრმა ა.ზ–ის მეუღლემ - ნ.ბ–ძემ. უფლების დათმობის თაობაზე განცხადება მართლაც იყო წარმოდგენილი საქმეში, თუმცა თავად მოთხოვნის მფლობელის წევრობა და მის მიერ საპაიო შენატანის შეტანა ამხანაგობაში საქმეში განთავსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, იგი არ იყო მოხსენიებული არც თავდაპირველად გამოქვეყნებულ საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრთა სიაში და არც შემდგომ კორექტირებულ სიაში. ამასთან, საქმეში არ მოიპოვებოდა გადახდის ქვითარი, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ კოოპერატივში თანხის შეტანა. ამდენად, კასატორის ამხანაგობაში გაწევრების საფუძველი გახდა მოთხოვნის დათმობა, რომელიც სააპელაციო პალატამ არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულად მიიჩნია, რადგან არ დგინდებოდა მოთხოვნის არსებობის სამართლებრივი საფუძველი.
15.3. რაც შეეხება ამბახანაგობის წევრთა 2007 წლის 25 აპრილის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობას, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოება, რომ ამხანაგობამ კრების მოწვევისა და ჩატარების კანონით გათვალისწინებული წესი დაარღვია, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო კრების ოქმის ბათილობა აპელანტთა ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა, რამდენადაც ისინი ამხანაგობაში ნამდვილი სამოქალაქო გარიგებების საფუძველზე შევიდნენ.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კასატორმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
16.1. სასამართლომ ისე წარმოადგინა, თითქოს, კოოპერატივის წევრთა სია 1989 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა. მოთხოვნის ყოფილი მფლობელი მეუღლესა და შვილებთან ერთად კოოპერატივის წევრი 1992 წლიდანაა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 7 ივლისის N 544 გადაწყვეტილება;
- მოთხოვნის ყოფილი მფლობელისა და მისი ოჯახის მიერ კოოპერატივში საწევროს - პაის შეტანას ადასტურებს ყოფილი კოოპერატივის თავმჯდომარისა და ხაზინადრის მიერ გაცემული ცნობა 1992 წლის ივლისსა და აგვისტოში 6000 და 6500 რუსული მანეთის გადახდის შესახებ;
- სალაროს წიგნაკის ჩანაწერის მიხედვით, სადაც აღნიშნულია ანაბრის მოძრაობა, 1992 წელს თანხა ჩამოჭრილია კოოპერატივში გადარიცხვის გამო.
16.2. სასამართლომ კოოპერატივის ყოფილი წევრის მეუღლე არაუფლებამოსილ პირად მიიჩნია, მაშინ, როდესაც იგი მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია, როგორც გასაწევრებელი ოჯახის წევრი. სასამართლომ არც ის გარემოება არ გაითვალისწინა, რომ კოოპერატივის ყოფილი წევრი, რომელიც აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურში მუშაობდა, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მისმა მეუღლემ ვერ აღმოაჩინა მეუღლის მიერ საპაიო შენატანის გადახდის ქვითარი და გადახდის ფაქტი დაადასტურებინა ყოფილი კოოპერატივის თავმჯდომარესა და ხაზინადარს. კოოპერატივის მიმართ დარჩენილი ვალდებულების შესრულება მცირეწლოვან შვილებთნ ერთად დარჩენილ მარტოხელა მეუღლეს აღარ შეეძლო და ეს უფლება კასატორს მიჰყიდა. ამასთან, მოთხოვნის ყოფილი მფლობელის ამხანაგობაში გაწევრებით კოოპერატივის სიის კორექტირება არ დასრულებულა, მაგალითად, ერთ-ერთი წევრი N153 გადაწყვეტილებით 1999 წელს გახდა წევრი, ხოლო მეორე, N13 გადაწყვეტილებით - 2000 წელს და ა.შ.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ხელახალი განხილვის მიზნით, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმით გამოიხატა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი (სსსკ-ის 393.2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები). ამასთან, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), რისი შედეგიცაა ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
20. საკასაციო პალატა, უპირველესად, იმ სამართლებრივ ნორმებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და კასატორისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის თაობაზე სსკ-ის 208-232-ე მუხლებიდან (1997-2007 წლებში მოქმედი რედაქციით) გამომდინარეობდა. ასეთი დასკვნა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ის 1512-ე მუხლის შინაარსიდან (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით) გამომდინარეობს, რაკი ამ ნორმის მიხედვით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების უფლებამონაცვლეებად ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები იქნენ მიჩნეული.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ მითითებული ნორმები არ ადგენს მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მენაშენეთა (ამხანაგობის წევრთა) უფლება-მოვალეობებს, არამედ უკვე აშენებული (ექსპლუატაციაში მიღებული) სახლის მესაკუთრეთა სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. ამდენად, სსკ-ის 1512-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ეხება დასრულებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეთა შორის წარმოშობილ უფლება-ვალდებულებებს (შდრ.: იხ. სუსგ №ას-666-887-08, 31.01.2009წ; სუსგ #ას-584-553-2014, 17.12.2015წ.).
22. წინა პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, რაკი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ყოფილ წევრთა უფლება-მოვალეობები, რომლის მშენებლობაც 1997 წლის 25 ნოემბრისათვის დასრულებული არ იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ოცდამეხუთე თავის (ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) დადგენილი ნორმების (სსკ-ის 930-ე-940-ე მუხლები) მიხედვით უნდა მოწესრიგდეს. ეს დასკვნა გამომდინარეობს სსკ-ის 1507-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან (იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ). მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ კოოპერატივის ყოფილ წევრსა და მოპასუხეს (კასატორს) შორის წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები, ამიტომ მათ მიმართ ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები უნდა გამოვიყენოთ.
23. საკასაციო პალატა, ვიდრე მხარეთა უფლება-მოვალეობებს ამხანაგობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით შეამოწმებდეს, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და კასატორისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის თაობაზე. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 180-ე მუხლში. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ მომავალში დარღვევის ვარაუდი, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, თუ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლო გამოარკვევს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, სასამართლომ აღიარებითი სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს და არ უნდა განიხილოს.
24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ უთითებს აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე (რაც ასეთი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით). შესაბამისად, გამოსარკვევია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღიარებითი მოთხოვნის მიმართ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, უპირველესად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა უნდა შეამოწმოს, კერძოდ, ამხანაგობის კრების 2008 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ამხანაგობის კუთვნილ კორპუსში არსებული ოცდახუთივე ბინა განაწილებულია, მათ შორის, კასატორსაც გადაეცა საკუთრებაში ერთ-ერთი ბინა. მართალია, ამხანაგობის ხსენებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამხანაგობის 2007 წლის 25 აპრილის საერთო კრების სადავო გადაწყვეტილებაც, მაგრამ ამ უკანასკნელის ბათილად ცნობით, ისევე, როგორც კასატორისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტით, ავტომატურად ვერ გაუქმდება ამხანაგობის 03.10.2008 წლის გადაწყვეტილება ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ბინების ამხანაგობის წევრებისათვის (მათ შორის, კასატორისათვის) განაწილების თაობაზე და ეს ქონება ამხანაგობას ვერ დაუბრუნდება და ვერც მოსარჩელეებს ვერ გადაეცემათ საკუთრებაში. შესაბამისად, გასარკვევია, რისი მიღწევა სურთ მოსარჩელეებს აღიარებითი სარჩელით, კერძოდ, თუ ისინი ფაქტობრივად ამხანაგობის 03.10.2008 წლის გადაწყვეტილებით მიღებულ შედეგს ედავებიან, მაშინ დასადგენია, მიაღწევენ თუ არა ამ მიზანს წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელით, თუ ამისათვის მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა დასჭირდებათ.
25. თუ, ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული გარემოებების გამორკვევის შემდეგ, სასამართლო აღიარებით სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, მაშინ მან უნდა შეამოწმოს კასატორის ამხანაგობაში წევრად მიღების კანონიერება. კასატორის მტკიცებით, კოოპერატივის ყოფილ წევრს, რომლის ნაცვლადაც იგი ამხანაგობაში შევიდა, საპაიო შესატანის შესაბამისი წილის (ქონებრივი უფლების) მოთხოვნის უფლება გააჩნდა ამხანაგობის მიმართ და მან კოოპერატივის ყოფილი წევრისგან სწორედ ეს მოთხოვნის უფლება შეიძინა.
26. მოთხოვნის უფლების შეძენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 198.1 მუხლი (მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ), ხოლო სსკ-ის 199.1 მუხლი ადგენს იმ გამონაკლისებს, რა დროსაც მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია (მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ის არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). სსკ-ის 198.2 მუხლის (მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი) შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია კრედიტორის ცვლილება, კერძოდ, თავდაპირველი კრედიტორის ადგილს იკავებს ახალი კრედიტორი.
27. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია კასატორის მიერ კოოპერატივის ყოფილი წევრისგან მოთხოვნის უფლების შეძენა, თუმცა ამისათვის უნდა არსებობდეს მოთხოვნის დათმობის ნადვილობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, მათ შორის, მოთხოვნის დამთმობი ამ მოთხოვნის მფლობელი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორს მოთხოვნის უფლება არ შეუძენია, ვინაიდან თავად მოთხოვნის დამთმობს (კოოპერატივის ყოფილ წევრს) არ გააჩნდა ეს უფლება, კერძოდ, კასატორმა ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამთმობი კოოპერატივის წევრი იყო და მან კოოპერატივში საპაიო შესატანი შეიტანა.
28. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მითითებული დასკვნა ისე გამოიტანა, რომ კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საერთოდ არ შეაფასა, კერძოდ, არ გამოიკვლია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 7 ივლისის N544 გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნის მფლობელსა და მის ოჯახს კოოპერატივის წევრობის რეკომენდაცია მიეცა, ასევე, არ შეაფასა კოოპერატივის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მოთხოვნის მფლობელი, ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კოოპერატივის წევრი გახდა. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა მოთხოვნის მფლობელის (კოოპერატივის ყოფილი წევრის) მიერ კოოპერატივის წინაშე არსებული ვალდებულების შეუსრულებლობის, პაის გადაუხდელობის ფაქტი, რომ არ გამოიკვლია კოოპერატივის ყოფილი თავმჯდომარისა და ხაზინადარის მიერ გაცემული ცნობა მის მიერ კოოპერატივში თანხის შეტანის შესახებ.
29. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესახებ, რითაც დაირღვა სსსკ-ის 105-ე მუხლის (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) მოთხოვნა, რამაც, თავის მხრივ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
30. გასათვალისწინებელია, რომ კოოპერატივის ყოფილმა წევრმა მოთხოვნის უფლების დათმობით ფაქტობრივად თავისი წილი განკარგა ამხანაგობაში. ეს დასკვნა გამომდინარეობს ამხანაგობის კრების სადავო გადაწყვეტილების შინაარსიდან, რომლის მიხედვით, ამხანაგობის ყოფილი წევრი (მოთხოვნის დამთმობი) ახალმა წევრმა (მოთხოვნის მიმღებმა) ჩაანაცვლა ამხანაგობაში. ამხანაგობის წევრის მიერ წილის გადაცემის შესაძლებლობა აღიარებულია კანონით, თუმცა მისი ნამდვილობა ამხანაგობის წევრთა თანხმობაზეა დამოკიდებული. სწორედ ასეთ წესს ადგენს სსკ-ის 933.1 მუხლი (წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას). ამდენად, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე დადებული წილის გასხვისების ხელშეკრულება არ არის ნამდვილი, იგი მერყევად ბათილია. შესაბამისად, წილის გადაცემა ნამდვილი გახდება, თუ ამხანაგობის წევრები, რომელთაც თავიდან არ გაუციათ თანხმობა, შემდეგში განაცხადებენ თანხმობას, ანუ მოიწონებენ ხელშეკრულებას (სსკ-ის 101-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა განმარტებით ირკვევა, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ამხანაგობის კრების მუშაობაში და, შესაბამისად, არც თანხმობა არ გაუციათ ამხანაგობის ყოფილი წევრის მიერ წილის გასხვისებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ გარიგების ნამდვილობის დასადგენად საკმარისი არაა მხოლოდ იმ ფაქტის არსებობა, რომ მოსარჩელეებს გარიგების დასადებად თანხმობა არ გაუციათ. ამხანაგობის წევრები, როგორც წესი, ამხანაგობის წევრის ერთგულების მოვალეობიდან გამომდინარე, ვალდებული არიან, გასცენ თანხმობა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი წილის გასხვისებაზე. ამ ვალდებულებისაგან ისინი თავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პატივსადები მიზეზი. კანონმდებელი არ აზუსტებს, თუ რა მიიჩნევა პატივსადებ მიზეზად, თუმცა, რაკი ამხანაგობა პერსონალური საზოგადოებაა, რომელშიც წევრთა გაერთიანება ძირითადად თითოეული წევრის თვისებებით, ცოდნითა და გამოცდილებით, ინტერესთა ერთიანობით და ა.შ. არის განპირობებული, შესაძლებელია, პატივსადები მიზეზი შემძენის პიროვნებიდან გამომდინარეობდეს, რომელთან ერთადაც ამხანაგობის საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. პატივსადები მიზეზის არსებობის დასადგენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, უნდა შეფასდეს მხარეთა განმარტებები და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, რაკი ამხანაგობის წევრი ვალდებულია, გასცეს თანხმობა წილის გასხვისებაზე, სწორედ მან უნდა ამტკიცოს ასეთი თანხმობის გაცემაზე უარის თქმის პატივსადები მიზეზის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია წილის გასხვისების ნადვილობის საკითხი, რაც უნდა შეასრულოს საქმის ხელახლა განხილვისას, ვინაიდან სწორედ წილის გასხვისების ნამდვილობაზეა დამოკიდებული კასატორის ამხანაგობის წევრობა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი უნდა შეამოწმოს აღიარებითი სარჩელის მიმართ. თუკი გამოვლინდება, რომ მათ არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი ასეთი სარჩელის მიმართ ან მათ მიერ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაა შესაძლებელი, მაშინ სასამართლომ სარჩელი განუხილველად უნდა დატოვოს. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო აღიარებით სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, პალატამ უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
32. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ი.ბ–ძისათვის ამხანაგობა ...-ს წევრობის შეწყვეტის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი