Facebook Twitter

11 ივნისი, 2019 წელი,

საქმე №ას-411-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ა–ი (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) ვ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მესაკუთრე ან პირველი კასატორი) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ტ.1, ს.ფ .15-16).

2. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი ან კომპანია) სოფელ .... სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2017 წლის 7 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.

4. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ივნისის დასკვნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფ. .... მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კომპანიის მიერ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად, ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება და ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე აისახება.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში, არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს.

მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსული კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, თუმცა შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.

გამომდინარე იქიდან, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ .... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს, შესაბამისად, შესაძლებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

5. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, დაზიანებული უძრავი ნივთის აღდგენას 14 914 ლარი ესაჭიროება (იხ. ტ.1, ს.ფ. 36-49).

6. 2017 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ზიანის - 14 914 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ჩატარების, ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 1730 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას სოფელ ...., რა დროსაც, მის მიერ განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანება, რითაც მას ქონებრივი ზიანი მიადგა.

7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში მას ბრალი არ მიუძღოდა. ამასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობდა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან.

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის 13 400 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ჩატარების, ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 1730 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე, 316-ე, 317-ე და 411-ე მუხლები გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 10 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; ექსპერტიზის ჩატარების, ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.1. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ იყო მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით განპირობებული, შესაბამისად, აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი 10 000 ლარად უნდა შეფასებულიყო. იმ პირობებში, როდესაც, არ არსებობდა დაზიანებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ის გონივრულ ოდენობამდე (10 000 ლარამდე) უნდა შემცირებულიყო.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისათვის ზიანის - 13 400 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11.1. მოსარჩელის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ისე შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 13 400 ლარი 10 000 ლარამდე, რომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი უძრავი ქონების აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოებისათვის აუცილებელი ხარჯები.

11.2. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელი სახლზე არსებული დაზიანების წარმოქმნაში. მოსარჩელის სახლი მდებარეობს ფეთქებად საშიში ზონის გარეთ, აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და სადავო ქონების მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი, არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, დაზიანებები არ წარმოშობილა აფეთქებების შედეგად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტისა და 17 აპრილის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგანაც ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არ აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

16. მოპასუხის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის. მოსარჩელის მტკიცებით კი, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არასწორად განსაზღვრა 10 000 ლარით. საკასაციო სასამართლო, კასატორთა აღნიშნულ პრეტენზიებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სახელდობრ:

16.1. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

16.2. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებზე, რომელთა თანახმადაც, მოპასუხის მიერ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა, გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსული კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. რადგანაც, 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ .... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს, შესაბამისად, შესაძლებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

16.3. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელესაც მიუძღვის.

სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ გამოკვლეულა. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ (დიდწილად) იყო მოპასუხის მიერ ნაწარმოები აფეთქებების შედეგად განპირობებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ის გონივრულ ოდენობამდე - 10 000 ლარამდე, მართებულად შემცირდა.

16.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, ამასთან, გარკვეულწილად მოსარჩელესაც მიუძღვის ბრალი მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

17. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-482-2019, 31.05.2019; №ას-280-280-2018, 18.07.2018; №ას-189-189-2018, 23.03.2018).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, მოსარჩელეს - 210, ხოლო მოპასუხეს - 410.55 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ისა“ და ვ.ა–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 586.5 ლარის (საგადახდო დავალება N835, წარდგენის თარიღი 03.03.2019 წ., მიღების თარიღი 04.03.2019 წ.) 70% - 410.55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. ვ.ა–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მაია ხაჩიძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი #19714466 გადახდის თარიღი 19.03.2019წ. და გადახდის ქვითარი #19834756 გადახდის თარიღი 2.04.2019წ. ) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე