Facebook Twitter

საქმე №ა-3249-2018 16 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ზ.ა. ძე ი. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა. ძე ბ. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის N22-ც/786/993/17 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლო) 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით პოლტავის ოლქის ქ. კრემენჩუკის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის რაიონული სასამართლო) 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა. ძე ბ–ოს (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) ზ.ა. ძე ი–ის (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან შუამდგომლობის ავტორი) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის ამოღების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალას მისი გამოცხადების მომენტიდან იძენს და მისი გასაჩივრება შესაძლებელია უცხო ქვეყნის უმაღლეს სპეციალიზებულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ სასამართლოში ოცი დღის განმავლობაში, გადაწყვეტილების კანონიერი ძალის შეძენის დღიდან.

2. მოპასუხის წარმომადგენელმა ს.ბ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2018 წლის 9 ივლისს, წარმოდგენილი შუამდგომლობით უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უცხო ქვეყნის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გაუქმებულია უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №ა-2007-შ-50-2016 განჩინებით ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მიექცა აღსასრულებლად და შუამდგომლობის ავტორის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

4. უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით, წარიმართა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. ამავე განჩინების თანახმად კრედიტორს შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გაეგზავნა, ამასთან, განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვით მოთხოვნის უფლება აქვს.

6. მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა, ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული დოკუმენტები, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის დადგენილებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ.

7. უცხო ქვეყნის სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის 2018 წლის 21 მაისის დადგენილებით 2015 წლის 29 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოება შეწყდა. დადგენილებაში მითითებულია, რომ მისი გასაჩივრება შესაძლებელია „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ უკრაინის კანონის შესაბამისად.

8. 2019 წლის 12 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება შუამდგომლობის ავტორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობად და აღსასრულებლად მისაქცევი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში, 2017 წლის 2 ივნისს, შესვლის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს.

10. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართა, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მხარეები უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

11. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სანოტარო კანტორებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

12. ამავე ხელშეკრულების მე-2 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 41-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

14. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამას მოითხოვდა.

15. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც ითხოვს და აღსრულებასაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, თუ რატომ ვერ მოხდება დასახელებული გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე, აღსრულება.

16. უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდა დაეკისრა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). სპეციალური კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად აღსრულებას ექვემდებარება უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანია მხოლოდ მოსარჩელისათვის სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე და უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირია, გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა აღსრულდეს. რაც შეეხება უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მისი აღსრულება ვერ მოხდება იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე შუამდგომლობის ავტორს არ აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე, აღსრულება მოხდეს.

17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით შუამდგომლობის ავტორის მიზანია მის წინააღმდეგ დაწყებული აღსრულების შეწყვეტა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). იმისათვის, რომ მოპასუხემ ამ მიზანს მიაღწიოს უნდა გაუქმდეს ის განჩინება, რომლის საფუძველზეც აღსრულება მიმდინარეობს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები (სსსკ-ის 423-ე მუხლი).

18. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა (სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა (გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებას), თუმცა იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს, ის საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.1-ე, 70.1-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ა. ძე ი–ის შუამდგომლობა, უკრაინის, პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის N22-ც/786/993/17 გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც პოლტავის ოლქის ქ. კრემენჩუკის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა. ძე ბ–ოს ზ.ა. ძე ი–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის ამოღების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე