Facebook Twitter

საქმე №ას-1044-2018 22 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ააიპ „ს.მ.პ.მ.ს–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

1.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ოს (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, თანადამფინანსებელი ან სააგენტო) სარჩელი შპს „ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, შპს, ბენეფიციარი ან საწარმო) მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 20 157 ლარის გადახდა დაეკისრა.

1.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

1.1.1. მოსარჩელე 2013 წლიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #139 განკარგულებით (შემდეგში: სპეციალური განკარგულება) დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხესთან 2015 წლის 16 მარტს გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. მოპასუხესა და სს ,,პ.ბ–ს’’ (შემდეგში: ბანკი) შორის 2015 წლის 16 მარტს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოპასუხის წარმომადგენელ გ.ბ–ძესთან შედგა შეთანხმება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსებით თანხა შეადგენდა 27 996.49 დოლარს.

1.1.2. 2016 წლის 27 დეკემბერს №5/2238 წერილით შპს-ს დირექტორს გ.ბ–ძეს ეცნობა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა სააგენტოს პროექტების საველე მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი, რა დროსაც ადგილზე არ იქნა წარდგენილი სესხის მიზნობრივი ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია და თანადამფინანსებლისათვის საბუთების მიწოდების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 დეკემბერი.

1.1.3. 2015 წლის 13 ოქტომბერს განხორციელდა საწარმოს მონიტორინგი სესხის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე. 2016 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა სესხის მიზნობრივად ხარჯვის მეორადი მონიტორინგი. სესხის მიზნობრივად ხარჯვის მეორადი მონიტორინგისას (პირველადი მონიტორინგის შემდგომ სესხიდან ასათვისებელი თანხა შეადგენდა 40 000 დოლარს) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება დარჩენილი 40 000 აშშ დოლარის სრულად, შეთანხმებისა და პროექტების შესაბამისად ხარჯვის ფაქტი: კერძოდ, 34.838 ლარი გაწეულია ისეთ ხარჯებზე, რაც არ შეესაბამება სესხის მიზნობრიობას, ხოლო 15 600 აშშ დოლარის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტაცია მოპასუხეს საერთოდ არ წარმოუდგენია.

1.1.4. 2017 წლის 28 თებერვლის სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის სხდომის №2 ოქმში მითითებულია, რომ ,,პირველი მონიტორინგის შემდეგ (13.10.2015წ.) ასათვისებელი ნაშთის სახით დარჩენილი იყო 40 000 აშშ დოლარი, რომლის ოდენობამ კონვერტაციის შედეგად (ბენეფიციარის ინფორმაციით) შეადგინა 90 000 ლარი (აშშ დოლარი-2.25 ლარი. კონვერტაციიის დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი. აგროკრედიტის ათვისების პერიოდისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი საშუალო კურსი 1 აშშ დოლარი - 2.22 ლარი). ბენეფიციარის განმარტებით აღნიშნული თანხით განხორციელდა: ზეთის სახდელი და ჩამოსასხმელი აპარატების მიღებული ზეთის შესანახი რეზერვუარების შესყიდვები; ზეთის ფილტრაციის აპარატის დამზადება; შესყიდული დანადგარების მონტაჟი, ზეთის სახდელი საწყობის და საოფისე ოთახების სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. ბენეფიციარმა მონიტორინგის ადგილზე ვერ წარმოადგინა სესხიდან დარჩენილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი საბუთები. ამისათვის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 დეკემბრამდე. 2016 წლის 9 დეკემბერს მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, აგროკრედიტის თანხა მოხმარდა: 20 335 ლარი - საწარმოს ძირითადი დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენას (წარმოდგენილია ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო დავალება); 14 997 ლარი - სამშენებლო - სარემონტო მასალებისა და სხვა დამხმარე ტექნიკის შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, სალარო აპარატის ჩეკები, შედარების აქტები და სალაროს აპარატის ჩეკები); 5 513 ლარი ხის მასალების და ტექნოლოგიური ხაზების გამყოფი ტიხრების შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, შესყიდვის აქტი და სალარო აპარატის ჩეკები); 3 504 ლარი - სამშენებლო სარემონტო და სამონტაჟო პროცესების საწარმოებლად ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები); 10 836 ლარი - სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშახელის ანაზღაურებას (წარმოდგენილია ხელშეკრულებები, საგადასახადო დავალება, მიღება ჩაბარების აქტები და სალაროს გასვლის ორდერები). აღნიშნულ სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით მოპასუხეს შეუწყდა სააგენტოს თანადაფინანსება და მოეთხოვა მოსარჩელის მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 81 88.82 დოლარის - დაბრუნება.

1.1.5. 2017 წლის 19 აპრილის ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერის გ.ჯ–ძის №1/381 წერილით მოპასუხეს ეცნობა თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 81 88.82 დოლარის სააგენტოსთვის დაბრუნების თაობაზე.

1.1.6. 2017 წლის 11 სექტემბერის №3-1/4224 ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის’’ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის ლ.ჯ–ძის სასამსახურო ბარათში მითითებულია, რომ 2013 წლიდან 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, სააგენტოს მონიტორინგის შედეგების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის’’ 221 (244 სესხზე) ბენეფიციარს შეუწყდა სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება (მათ შორის 114 ბენეფიციარს შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, 83 ბენეფიციარს სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო 24 ბენეფიციარს სესხის გამცემი ბანკის მიერ პროექტის პირობების დარღვევით სესხის გაცემის გამო), შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, 83 ბენეფიციარს - სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო 24 ბენეფიციარს - სესხის გამცემი ბანკის პროექტის პირობების დარღვევით სესხის გაცემის გამო.

1.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-3, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე მუხლებითა და სპეციალური განკარგულებით იხელმძღვანელა.

1.2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ტექნოლოგიური ხაზის შეძენა მცენარეული ცხიმების, კერძოდ, ზეთის საწარმოებლად არსებული შენობის მოწყობა, რემონტი. აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი სააგენტომ განახორციელა და დაადგინა მიზნობრიობის დარღვევა.

1.2.2. სააგენტოსა და შპს-ს შორის 2015 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებების მესამე პუნქტის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარ შეტყობინების გარეშე განახორციელოს ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად თანადამფინანსებელი დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას შეწყვეტს ბენეფიციარის თანადაფინანსებას. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ბენეფიციარს მიღებული თანხების უკან დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

2.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2015 წლის 16 მარტს შპს-ს, ბანკსა და სააგენტოს შორის დაიდო შეთანხმება „ინდ. მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე (ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის)“.

3.2.2. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხემ ტექნოლოგიური ხაზის შესაძენად და ზეთის საწარმოებლად არსებული შენობის მოწყობა-რემონტისათვის ბანკისაგან სესხად აიღო 70 000 აშშ დოლარი.

3.2.3. სესხი გაიცა 84 თვის ვადით, წლიური 13 % სარგებლით. აქედან, სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა 27 996,49 აშშ დოლარს.

3.2.4. აპელანტმა შეთანხმების პირობები შეასრულა, ტექნოლოგიური ხაზი შეიძინა, ხოლო შენობა მოაწყო და გაარემონტა.

3.2.5. 2015 წლის 13 ოქტომბერს და 2016 წლის 30 ნოემბერს სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოსა და გაწეული ხარჯების მონიტორინგი ჩაატარა.

3.2.6. მონიტორიგის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბრისათვის ასათვისებელი ნაშთის სახით დარჩენილი იყო 40 000 აშშ დოლარი.

3.2.7. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ამ დროისათვის სესხად აღებული თანხიდან მოპასუხეს 70 000-40 000=30 000 აშშ დოლარი გახარჯული ჰქონდა და ამ ხარჯვასათან დაკავშირებით სააგენტოს მისთვის პრეტენზია არ წაუყენებია.

3.2.8. 2016 წლის 30 ნოემბრის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სესხად აღებული თანხით აპელანტმა შეიძინა ზეთის სახდელი და ჩამოსასხმელი აპარატები და მიღებული ზეთის შესანახი რეზერვუარები; დაამზადა ზეთის ფილტრაციის აპარატი; დაამონტაჟა შესყიდული დანადგარები და ჩაატარა ზეთის სახდელი, საწყობის და საოფისე ოთახების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

3.2.9. დარჩენილი 40 000 აშშ დოლარიდან სააგენტომ შეთანხმების პირობების დაცვით დახარჯულად, მხოლოდ 24 437 აშშ დოლარი ჩათვალა.

3.2.10. ამის შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, სესხად აღებული 70 000 აშშ დოლარიდან მოპასუხემ არამიზნობრივად 15 563 აშშ დოლარი დახარჯა.

3.2.11. თავის მხრივ, სააგენტომ 27 996,49 აშშ დოლარის ნაცვლად, თანადასაფინანსებლად, მხოლოდ 81 88,82 აშშ დოლარი გადაიხადა.

3.2.12. საწარმომ 2017 წლის 28 მარტს სესხი სრულად დაფარა.

3.3. მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა სპეციალური განკარგულებისა და დადებული „შეთანხმების“, ე.ი. ხელშეკრულების საფუძველზე.

3.4. 2015 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით ზემოხსენებული განკარგულების # 1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებდნენ ორი სახის შეღავათიან კრედიტს: ა) შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის; ბ) შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის.

3.5. ამავე დანართის მე-2 მუხლის „ჰ17“ ქვეპუნქტის მიხედვით, ძირითად საშუალებად ითვლება მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

3.6. საწარმოს თანადაფინანსების მიზანი ძირითადი საშუალებების შეძენა იყო.

3.7. ამრიგად, თანადაფინანსების ფარგლებში სესხად მიღებულ თანხას შპს ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების დასაფარად და საბრუნავი საშუალებების შესაძენად ვერ გამოიყენებდა.

3.8. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სააგენტოსათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია.

3.9. 2015 წლის 16 მარტის „შეთანხმების“ მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას... სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ბენეფიციარს მიღებული თანხების უკან დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.10. ზემოხსენებული ბრძანების #1 დანართის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, როდესაც ძირითადი საშუალებებისთვის დაფინანსებისთვის აღებული სესხით ხდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ბენეფიციარს შეუწყდება სააგენტოს თანადაფინანსება სესხის თანხის იმ ნაწილზე, რომელიც გამოიყენა საბრუნავი საშუალებებისთვის და მოეთხოვება თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება.

3.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, „შეთანხმების“ ზემოხსენებული ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება შეუძლებელია.

3.12. სიტყვასიტყვით, ეს შეთანხმება ბენეფიციარს უშუალოდ მის მიერ მიღებული თანხის დაბრუნებას ავალდებულებს; თუმცა, სინამდვილეში, სააგენტო თანხას არა აპელანტს, არამედ საკრედიტო დაწესებულებას უხდიდა.

3.13. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტების შემთხვევაში, აპელანტს მესამე პირისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ წარმოეშობოდა, ეს კი მხარეთა ნებას აშკარად ეწინააღმდეგება.

3.14. ამის გამო, სასამართლოს შეფასებით, შეთანხმების მე-3 პუნქტი ზემოხსენებული ნორმატიული აქტის დანაწესის საფუძველზე უნდა განიმარტოს.

3.15. ეს ნორმა კი თანადაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებდა არა მთელ სესხზე სრულად, არამედ, მხოლოდ, მის არამიზნობრივად გამოყენებულ ნაწილზე.

3.16. ამის შესაბამისად, „შეთანხმების“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ „მიღებულ თანხაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ ის პროცენტი, რომელიც არამიზნობრივად გამოყენებული სესხისათვის იქნა გადახდილი, ანუ რომლიდანაც ბენეფიციარმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო სარგებელი მიიღო.

3.17. აქედან გამომდინარეობს, რომ მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარს სააგენტოსათვის უნდა დაებრუნებინა სესხის არამიზნობრივად გამოყენებული ნაწილის თანადასაფინანსებლად გადახდილი თანხა.

3.18. როგორც აღინიშნა, სესხად აღებული თანხით საწარმოს ტექნოლოგიური ხაზი უნდა შეეძინა და ამისთვის საჭირო შენობა მოეწყო და გაერემონტებინა.

3.19. ამ მიზნის შესასრულებლად სააგენტოს 27 996,49 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

3.20. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების მიზანი შეასრულა.

3.21. ამასთან, სესხად აღებული 70 000 აშშ დოლარიდან, ყოველ შემთხვევაში, 70000-15563=54437 აშშ დოლარი მაინც მიზნობრივად გამოიყენა და ამისთვის სააგენტომ 27996,49 აშშ დოლარის ნაცვლად, მხოლოდ, 8188,2 აშშ დოლარი გადაიხადა.

3.22. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ თანადაფინანსებისათვის გადახდილი თანხა შეთანხმების მიზანთან სრულ შესაბამისობაში იყო - მოპასუხემ მიზნობრივად გამოიყენა სესხად აღებული თანხის 77% მაინც, სააგენტოს კი თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 30%-იც არ დაუხარჯავს.

3.23. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მოპასუხეს მოსარჩელის თანადაფინანსება არამიზნობრივად არ გამოუყენებია.

3.24. ამიტომ, მას ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია და „მიღებული თანხების უკან დაბრუნება“ არ ეკისრება.

4. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

4.1. მოსარჩელემ (სააგენტომ) საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4.2. კასატორის განმარტებით გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.

4.3. კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხემ ძირითადი საშუალების მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგროკრედიტით სხვა დარღვევებთან ერთად, საბრუნავი საშუალებები შეისყიდა. აღნიშნული გარემოება ხელმოწერით დაადასტურა საწარმომ კასატორის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს. იმავე გარემოებას ადასტურებდა მოპასუხე 2017 წლის 18 იანვრის #1-18/17 წერილში, რაც მას სადავოდ არ გაუხდია.

4.4. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საწარმოს სააგენტოსათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნდა. კასატორის განმარტებით საწარმოს მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევა და სესხის ნაწილის გაურკვეველი მიზნობრიობით ხარჯვა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის.

4.5. კასატორის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხოლოდ სესხის თანხის ნაწილით საბრუნავ საშუალებას შეისყიდდა, სპეციალური განკარგულების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა (მხოლოდ იმ ოდენობით, რასაც საწარმო შეისყიდდა). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა სამართლებრივი ნორმის შინაარს, ფაქტები არ შეისწავლა და ნორმა ვერ გააანალიზა.

4.6. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პროექტის შინაარსი არასწორად გაიგო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (სააგენტოს) საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული და დადგენილი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში გარკვეულ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს, თუმცა არ ასახელებს მტკიცებულებებს, რომელთაც ისინი ეფუძნება. ამასთან, გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო დაშვებას აკეთებს (იხ. ამ განჩინების 3.21-3.23 ქვეპუნქტები), რაც გადაწყვეტილების სიცხადის, სიზუსტისა და დასაბუთებულობის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაადგინოს ფაქტი დაარღვია თუ არა მოპასუხემ მოსარჩელესთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება, ასევე, უნდა დადგინდეს დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობის მოცულობა, ასეთის წინაპირობის არსებობის შემთხვევაში.

8. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისე დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იქედან გამომდინარე, რომ დავა მოპასუხის მიერ სესხის მიზნობრიობით გამოყენება/არგამოყენების საკითხს შეეხება, შეუძლებელია ამ ფაქტის დადგენის გვერდის ავლით დავის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით გადაწყვეტა. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (შედარებისათვის იხილეთ სუსგ #ას-345-345-2018, 11.09.2018 წ.).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოების (ბენეფიციარის მიერ სესხის/ მისი ნაწილის მიზნობრივად გამოყენება/არგამოყენება) გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

10. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

11. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ ს.მ.პ.მ.ს–ოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე