Facebook Twitter

საქმე №ას-1136-1056-2017 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „T.’’

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საწარმოს საკუთრებად აღრიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის

უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ბათუმში, .... მდებარე 51.25 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონების (ს/კ №.....) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) მესაკუთრე იყო შპს ,,T.’’ (შემდეგში: მოსარჩელე, შპს, კომპანია ან გამყიდველი;იხ. ტ. 2, ს.ფ. 21-22).

2. სადავო უძრავი ქონებაზე 28.12.2007 წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო სს ,, ს.ბ–ის’’ (ბათუმის ფილიალი) სანივთო უფლება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 21-22)..

3. შპს-ს, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი გ.შ–ა (შემდეგში: დირექტორი) და დ.ჯ–ს (შემდეგში: აწ გარდაცვლილი ან მყიდველი) შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში, მყიდველი აღირიცხა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 29, 23-24).

4. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 51 935 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი (იხ. ტ. 2, ს. ფ. 29).

5. ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანიის დირექტორს, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა, რაც რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (იხ. ტ. 2, ს. ფ. 27-28).

6. დირექტორის უფლებამოსილება შეზღუდული იყო 01.05.2007 წლის წესდების მე-6 მუხლით (სანოტარო აქტი №1-4118), რომლის თანახმადაც უძრავი ქონების შეძენის, გასხვისებისა და დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარტნიორთა კრებას და დირექტორს. დირექტორს, როგორც კომპანიის 18.80000% მფლობელ პარტნიორს არ გააჩნდა ერთპიროვნულად ქონების გასხვისების შესახებ გარიგების დადების უფლებამოსილება (იხ. ტ. 2, ს. ფ. 30-36).

7. ამ პერიოდისათვის დირექტორთან ერთად, შპს-ს პარტნიორები იყვნენ მ.ა–ა (24.8000%), ბ.გ–ი (18.8000%), თ.ჩ–ძე (18.8000%) და მ.მ–ძე (18.8000%) (იხ. ტ. 2, ს. ფ. 27-28).

8. 2013 წლის 4 ივლისის მდგომარეობით შპს-ის დირექტორია რ.მ–ძე, პარტნიორები არ შეცვლილან.

9. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე - მყიდველი გარდაიცვალა 2013 წლის 17 ივნისს (იხ. ტ. 2, ს. ფ. 42).

10. ე.კ–ა (შემდეგში: მყიდველის მეუღლე, პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი) არის აწ გარდაცვლილის მეუღლე, ქ.ჯ–ი (შემდეგში: მყიდველის დედა) - დედა, ხოლო გ.ჯ–ი (შემდეგში: მყიდველის შვილი, მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორი) - შვილი.

11. სადავო გარიგების გაფორმებისას, შპს-ს პარტნიორებს სადავო უძრავი ქონების გასხვისების ნება არ გამოუვლენიათ.

12. მყიდველის დედის გარდაცვალების შემდეგ მის უფლებამონაცვლედ მყიდველის შვილი დადგინდა (იხ. ტ. 3, ს. ფ. 186-191)

13. სარჩელის საფუძვლები

13.1. მოსარჩელემ 2013 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მყიდველის მეუღლის, დედისა და შვილის წინააღმდეგ, სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა.

13.2. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის დირექტორმა წესდება დაარღვია, რადგან არ გააჩნდა პარტნიორთა გადაწყვეტილება 2011 წლის 18 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. დირექტორმა კანონით დადგენილი წესების დარღვევით, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა - აჭარის კუდ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან იძულების და უკანონო მითითებების საფუძველზე, საკუთარი ნება-სურვილის გარეშე, მართლსაწინააღმდეგო და მოჩვენებითი ნასყიდობა გააფორმა აწ გარდაცვლილთან.

14. მოპასუხეთა შესაგებელი

14.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გარიგება ნასყიდობის თაობაზე გაფორმდა კანონით დადგენილი წესით, გარიგება შეესაბამებოდა გარიგების დამდებ პირთა სურვილს, რომლის გაფორმების დროსაც დაცული იყო კანონის მოთხოვნები. საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, მყიდველი აღნიშნული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, შესაბამისად, არ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

14.2. მოპასუხეებმა, ასევე, მიუთითეს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა.

15.2. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2011 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელემ კი სასამართლოს განცხადებით 2013 წლის 18 ნოემბერს მიმართა, რაც გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულობას.

15.3. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლსა და ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-9.4 მუხლზე.

16. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

16.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმეში განთავსებულია აჭარის ა/რ პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ, მოწმის სახით, სადავო უძრავი ქონების მყიდველის დაკითხვის ოქმი, დათარიღებული 2013 წლის 12 იანვრით, სადაც აწ გარდაცვლილი დაწვრილებით აღწერს კომპანიის დირექტორთან ხელშეკრულების გაფორმების დეტალებს. კერძოდ, მოწმის ჩვენების თანახმად: ”2011 წლის ნოემბრის თვეში მე დამიკავშირდა ჩემი სიძე მ.მ–ძე, რომელიც არის საკაბელო ტელევიზიის მფლობელი და მითხრა, რომ აპირებდა უძრავი ქონების ჩემს სახელზე გადმოფორმებას და მკითხა ვიყავი თუ არა თანახმა. მე ვკითხე თუ რა ქონებაზე იყო საუბარი და ვის უნდა გადაეფორმებინა ის, რაზეც მ.მ–ძემ მითხრა, რომ შპს-ს დირექტორს უნდა გადმოეფორმებია ჩემზე ობიექტი. აქვე გიჩვენებთ, რომ მე მანამდე ვიცნობდი კომპანიის დირექტორს მასაც ჰქონდა საკაბელო ტელევიზია და საქმიანობდა მ.მ–ძესთან ერთად. ვინაიდან მე ვენდობოდი მ.მ–ძეს ზ/ხსენებულზე თანხმობა განვუცხადე, მ–მა მითხრა, რომ დირექტორი მე გადმომიფორმებდა ქონებას და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, მე რაიმე პრობლემა ხსენებული ოპერაციით არ შემექმნებოდა. თუ რატომ სჭირდებოდა მ–ს ქონების ჩემს სახელზე გადმოფორმება მე მ–თვის არ მიკითხავს, ან ვის უნდა ესარგებლა ამ ქონებით არც ეს უთქვამს მ.მ–ძეს ჩემთვის. მას შემდეგ, რაც მე თანხმობა განვუცხადე მ.მ–ძეს ქონების გადაფორმებაზე, მე დედაჩემთან ერთად მივედი ქ. ბათუმში, ყოფილ .... ქუჩაზე მდებარე ს.ბ–ში, სადაც დამხვდა მ.მ–ძე და კომპანიის დირექტორი. მე მ–მა გადმომცა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც გავეცანი და ხელი მოვაწერეთ მე და შპს-ს დირექტორმა. ხელმოწერის შემდეგ ხელშეკრულება გადავეცი მ.მ–ძეს და შპს-ს დირექტორს. ამის შემდეგ მე დავტოვე ს.ბ–ის შენობა. მე გავეცანი წარმოდგენილ ხელშეკრულებას და გიჩვენებთ, რომ სწორედ წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი მე და დირექტორმა ს.ბ–ში, ხელშეკრულებაზე შესრულებულია ჩემი ხელმოწერა. არც მე, არც მ.მ–ძეს და არც სხვა ვინმეს გამყიდველისათვის (დირექტორისათვის) ნასყიდობის ფასი 51 935 აშშ დოლარი არ გადაუხდია.მე ხსენებულ ფართში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, როგორც ვიცი ამჟამად ხსენებულ ფართში განთავსებულია საკაბელო ტელევიზია. შპს-სგან 2011 წლის 18 ნოემბერს ჩემზე გადმოფორმებული უძრავი ქონება დღემდე ირიცხება ჩემს საკუთრებად და მისი გასხვისება ჩემს მიერ არ მომხდარა. თუ ვინ სარგებლობს ხსენებული ფართით დღეისათვის მე არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხსენებულ ფართში განთავსებულია საკაბელო ტელევიზიის ოფისი, ხოლო თუ კონკრეტულად რომელი საკაბელო ტელევიზიის ჩემთვის უცნობია”.

17.3. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მყიდველის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი წერილობით მტკიცებულება, ასევე - საქმეში შეკრებილი სხვა მტკიცებულებები და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორივე მხარე მოქმედებდა იმ განზრახვის გარეშე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ნასყიდობის საფასური მყიდველს არ გადაუხდია, ქონება მხოლოდ რეესტრის ჩანაწერით გადაეცა მყიდველს, ფაქტობრივად მას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონების გამსხვისებელი პირი შპს-ის დირექტორი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

17.4. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

17.5. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის 7.4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.

17.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის 01.05.2007 წლის წესდების მე-6 მუხლის (სანოტარო აქტი №1-4118) თანახმად უძრავი ქონების შეძენის, გასხვისებისა და დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარტნიორთა კრებას. აღნიშნული შეზღუდვა რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის ორგანოში. შესაბამისად უტყუარადაა დადგენილი, რომ კომპანიის დირექტორს, სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა, რაც რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისად, ის არ იყო უფლებამოსილი პირი დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება.

17.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 50-ე, 56-ე, 99-ე, 59.1-ე, 61-ე, 187-ე, 312-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ კომპანიის პარტნიორთა კრებას არც შემდგომში მოუწონებია და არ გამოუთქვამს თანხმობა მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ხელშემკვრელი მხარის - მყიდველის უფლებამონაცვლეთა მითითება იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი, როგორც ქონების მყიდველი იყო კეთილსინდისიერი და მან არ იცოდა იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი შპს-ის ქონების გასხვისებისა. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მონაცემები რეგისტრირებული იყო მეწარმეთა რეესტრში, მყიდველს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა აღნიშნული შეზღუდვის შესახებ, რაც გამორიცხავდა კეთილსინდისიერ შემძენად მის აღიარებას.

18. მეორე აპელანტის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

18.1. მეორე აპელანტმა (მყიდველის შვილმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

18.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს.

18.3. კასატორის განმარტებით საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა, სწორად ასახოს საკუთრების უფლება და მისი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან იძენს საკუთრების უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუფციის მიხედვით კი, რეესტრის ჩანაწერი ითვლება მესამე პირებისათვის სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებთან. როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების შინაარსს, ხოლო მესამე პირებისათვის ამის შესახებ უცნობია, უნდა გამოვიყენოთ სსკ-ის 185-ე მუხლი, რომელიც ხაზს უსვამს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუფციას, უშვებს საჯარო რეესტრის ჩანაწერში ხარვეზის შესაძლებლობას და ასეთ შემთხვევაში იცავს შემძენს, რომელიც ამ ფაქტის (რეგისტრაციის ჩანაწერის ხარვეზი) მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენს იცავს ასევე სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი სხვა პირისაგან იძენს უფლებას, რომელიც გამსხვისებლის სახელზეა რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის სასარგებლოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერია უზუსტოა. მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლისგან, შემძენს კი უნარჩუნდება საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ცოდნა ნიშნავს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემების ცოდნას, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა მოიაზრებს იმ გარემოებების ცოდნასაც, რომელთა გამოც ჩანაწერი უზუსტოა, შესაბამისად, შემძენს არ ევალება იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება.

18.4. კასატორი ხაზს უსვამს ასევე სპეციალური კანონის მე-9 მუხლს და სსკ-ის 56-ე, 86-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე მუხლებს და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობისათვის, საჭიროა ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგებისას მხარეებს გათვიცნობიერებული აქვთ, რომ მათი ნების გამოვლენას არ მოყვება სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: 1) ის დადებულია მოსაჩვენებლად და 2) მხარეებს არ აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის (კრედიტორის ან სახელმწიფოს) მოტყუებაა. შეთანხმების მოჩვენებით გარიგებად „დაკვალიფიცირებისათვის“ გადამწყვეტია, რომ მხარეებს არ ჰქონდეთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა. მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა. კასატორის მტკიცებით, იგივე წესი უნდა მოქმედებდეს მაშინაც, როცა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე მოჩვენებითი გამყიდველი რეგისტრირებულია რეესტრში და ის გაასხვისებს მიწის ნაკვეთს მესამე პირზე. ამ შემთხვევაშიც სსკ-ის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერად.

18.5. კასატორის აზრით, მტკიცების ტვირთი, როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებების დროს, აწევს პირს, რომელიც ამტკიცებს მათ არსებობას, ანუ მას, ვინც თვლის, რომ მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით მისი უფლებები შეილახა.

18.6. კასატორი აღნიშნავს, რომ აწ გარდაცვლილის ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რადგან სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც დაიკითხა მყიდველი, არ არის დასრულებული და შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ გამოძიების მიერ, როგორც ამ ჩვენების, ისე ზოგადად საქმის შესახებ, სხვა შედეგები დადგეს. აქედან გამომდინარე, მყიდველის ჩვენება არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებად და მხოლოდ მასზე დაყრდნობით არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

18.7. კასატორის მტკიცებით, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნებს და დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი - მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულების ბათილობას იძულების გამო, სასამართლომ კი დაადგინა ნების გამოვლენის ნაკლი, რაც, ასევე, მხოლოდ იმ საქმეში არსებულჩვენებას დააფუძნა რომელზეც გამოძიება არ დასრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაბამის დასაბუთებას არ შეიცავს.

23. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

24. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა და ამის შემდეგ შეამოწმებს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს.

25. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა, სპეციალური კანონის მე-9.4 მუხლიდან, სსკ-ის 976.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და 979.1-ე მუხლიდან გამომდინარეობს.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 180-ე მუხლში. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ მომავალში დაირღვევის ვარაუდი, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, თუ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლო გამოარკვევს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, სასამართლომ აღიარებითი სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს და არ უნდა განიხილოს. განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველს მიკუთვნებითი სარჩელი აქვს წარმოდგენილი, ვინაიდან მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.

27. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ მოთხოვნის მიმართ პირის იურიდიული ინტერესის არსებობა სამართლის საკითხს წარმოადგენს და შედავების მიუხედავად, ის ყოველთვის ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან შემოწმებას. იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაში კი, მისი ნამდვილობა განსაზღვრავს სარჩელის წარმატებულობას (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, ასევე, სუსგ-ებები: #ას-937-887-2015 , 10.11.2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ., ასევე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები: Apostol v. Georgia; Hornsby v.Greece). სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება.

28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გარიგება ბათილია, ვინაიდან ეს გარიგება დაიდო საწარმოს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, რაც გათვალისწინებულია საწარმოს წესდებით და, ამასთან, ამ გარიგების დადებისას მყიდველმა იცოდა (უნდა სცოდნოდა) მეწარმე სუბიექტის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

29. მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით გარიგების შეცილებისა და, აქედან გამომდინარე, ამ გარიგების გაბათილების შესაძლებლობას ითვალისწინებს სპეციალური კანონის (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი 19.11.2009 წლის რედაქციის) მე-9 მუხლის მეოთხე პუნქტი (თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ასეთი ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით).

30. ზემოხსენებული ნორმის გამოყენებისათვის, უპირველესად, უნდა განიმარტოს, თუ რა იგულისხმება მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვაში. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მითითებული ნორმის მესამე ნაწილი კი, ადგენს, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, შპს-ში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები, განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით (სპეციალური კანონის 47.3 მუხლი), შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, სპეციალური კანონის 9.4 მუხლში მითითებული მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვა გულისხმობს კანონით ან საწარმოს წესდებით საწარმოს დირექტორისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვას (იხ. სუსგ #ას-653-620-2014, 24.09.15 წ.).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოსა და მის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა კორპორაციის წინაშე ხელმძღვანელთა მრავალმხრივ და მრავალფეროვან მოვალეობებს მოიცავს. კორპორაციული მართვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს საწარმოთა ხელმძღვანელების საქმიანობაზე პარტნიორთა მხრიდან კონტროლის გამართული სისტემის არსებობა, რათა არ მოხდეს ხელმძღვანელთა მხრიდან სამართავად მინდობილი ქონების ბოროტად გამოყენება, რომლის საფრთხეც რეალურია. კორპორაციული მართვა წარმოადგენს სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული ელემენტების სისტემას და იგი კონტროლის განხორციელების შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე ხელმძღვანელი ორგანოების შესაბამისი პასუხისმგებლობის ელემენტებსაც მოიცავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ინსტიტუტის მთავარი მიზანი საწარმოს ქონების დაცვა, ზიანის თავიდან აცილებაა. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია ხდება სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული ემსახურება მესამე პირების ინფორმირებულობას. მესამე პირებს, კონტრაჰენტებს, შესაძლებლობა აქვთ, ჰქონდეთ ინფორმაცია ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ (შდრ. სუსგ #ას-1412-1332-2017, 14.11.18 წ.).

32. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება (სკ-ის 99-ე მუხლი), რის თაობაზე ინფორმირებული იყო მყიდველი და ეს ფაქტი გარიგების ბათილობაზე მეტყველებს, თანახმად, სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ი იცნობს შემდგომი მოწონების ინსტიტუტს, რომელიც, მსგავსად ბათილი გარიგების დადასტურებისა (სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გამოვლენილ ნებას იურიდიული ძალმოსილებით აღჭურავს, თუმცა, განსხვავებით დადასტურებისაგან, რომელიც სამართლებრივ შედეგებს დადასტურების მომენტიდან იძენს (სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მოწონებას უკუქცევითი ძალა აქვს და გარიგება ნების გამოვლენის მომენტიდანვე ნამდვილია (უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების დადასტურებისა და მოწონების სუბიექტებიც განსხვავებულია: პირველ შემთხვევაში, ამგვარად გარიგების მხარე გვევლინება, ხოლო, მეორე შემთხვევაში - მესამე პირი, რომლის ნებაზეცაა დამოკიდებული გარიგების ნამდვილობა) რამდენადაც, ამავე კოდექსის 101-ე მუხლისა და 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო, არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს (შდრ. სუსგ #ას-1412-1332-2017, 14.11.18 წ.).

33. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორს შეზღუდული ჰქონდა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამონაწერში მითითებული იყო, რომ შეზღუდვა ეხებოდა შპს- წესდების მე-6 მუხლს, ხოლო წესდების მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ უძრავი ქონების შეძენა/გასხვისება/დატვირთვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე კომპანიის დირექტორს სადავო უძრავი ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა (სპეციალური კანონის მე-9.4 მუხლი). საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე პარტნიორთა კრებას არც ნებართვა გაუცია და არც შემდგომ მოუწონებია გარიგება. რაც შეეხება მყიდველის ვალდებულებას, სცოდნოდა დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ, გამომდინარეობს იქედან, რომ აღნიშნულის თაობაზე მითითებული იყო სამეწარმეო პირების ამონაწერში, რაც პუბლიცირებულ უფლებას ნიშნავს და გონივრული წინდახედულობის პირობებში, მყიდველმა იურიდიულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა შეამოწმოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილება. თუ მყიდველი ამგვარად მოიქცეოდა, ის შეიტყობდა კიდეც კომპანიის დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ.

34. ზემოთ მოხმობილი შეფასებებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ხოლო ბათილი განკარგვის საფუძველზე გადაცემული ქონება უნდა დაბრუნდეს.

35.რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, აღნიშნულის დაკმაყოფილება შესაძლებელია, რადგან განხორციელებულია სსკ-ის 976.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 979.1-ე მუხლის წინაპირობები. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას„ (შდრ. სუსგ-ები #ას-1193-1122-2015, 31.05.2016 წ.; #ას-74-71-2016, 25.05.2016 წ.; #ას-225-215-2016, 25.05.2016 წ., #ას-184-171-2015, 20.05.2016 წ.).

36. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სარჩელი დაუსაბუთებლად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

37. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე