Facebook Twitter

საქმე №ას-1070-2018 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ს–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც.ა–ძე, გ.ლ–ძე, ა.ლ–ძე, მ.ა–ი, ნ.ო–ი, მ.გ–ძე, მ.მ–ძე, დ.ნ–ი, ლ.ა–ი, კ.ი–ი, რ.ტ–ი, ნ.ხ–ძე, ნ.ფ–ი, ი.რ–ი, დ.უ–ი, ი.ხ–ი, გ.ხ–ძე, რ.ჩ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ–ა“ (შემდეგში: ამხანაგობა) დაფუძნდა 2006 წლის 21 აგვისტოს. მისი მიზანი ქ. თბილისში, ...., ბ–ის ქუჩაზე 50/18 სახლის აშენება და მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ შენობის, როგორც ,,ამხანაგობის“ წევრთა წილობრივი თანასაკუთრების, მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა იყო (იხ. ხელშეკრულება ამხანაგობის დაფუძნების შესახებ - ტ.1, ს.ფ 55-79).

2. დამფუძნებელმა წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს ბ.კ–ა (შემდეგში: ყოფილი თავმჯდომარე), ხოლო თანათავმჯდომარედ - კ.კ–ა (შემდეგში: თანათავმჯდომარე; იხ. ტ.1, ს.ფ 66).

3. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის 5.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა ამხანაგობის მმართველობის ორგანოები: დამფუძნებელ წევრთა კრება, ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე (იხ. ტ.1, ს.ფ. 66).

4. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის 5.3 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ამხანაგობას, მესამე პირებთან ურთიერთობასა და სასამართლოში, ერთობლივად წარმოადგენენ, ამხანაგობის სახელით გარიგებებს დადებენ, ხოლო 5.4 ქვეპუნქტით - ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება საჭიროებისამებრ მოიწვევა, ამხანაგობის თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის ან ამხანაგობის რომელიმე დამფუძნებელი წევრის მოთხოვნით. კრების მომწვევი ვალდებულია, კრების ჩატარების შესახებ, ერთი კვირით ადრე მაინც, ამხანაგობის დამფუძნებლებს დაზღვეული წერილით შეატყობინოს, სადაც კრების ჩატარების ადგილი, დრო და განსახილველი საკითხი უნდა იყოს აღნიშნული. კრება უფლებამოსილია, თუ მას ყველა დამფუძნებელი ესწრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრება განმეორებით იმავე წესით მოიწვევა და გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად. თითოეულ დამფუძნებელს აქვს ერთი ხმის უფლება, მიუხედავად მათი წილისა. კრებაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია ამხანაგობის თავმჯდომარის ხმა. ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრები ხმის უფლებით არ სარგებლობენ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებით არ წესრიგდება და რომლის მნიშვნელობაც სცილდება ყოველდღიურ სამეურნეო პროცესს, წევრთა კრების მიერ გადაწყვეტილებას საჭიროებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 66-67).

5. ამხანაგობის 2006 წლის 4 ოქტომბრის დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმის მიხედვით კრებამ თავისი გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩია გ.მ–ძე (შემდეგში: თავმჯდომარე), ხოლო გამგეობის წევრებად - გ.ჭ–ა, გ.ლ–ი და ნ.ო–ძე (შემდეგში: გამგეობის წევრები; იხ. ტ. 1, ს.ფ. 137-138).

6. სს ,,ჰ.ბ.კ–ას“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, სააქციო საზოგადეობა, კორპორაცია) და ამხანაგობას (წარმოდგენილი თავმჯდომარის სახით) შორის, 2011 წლის 5 მაისს, გაფორმდა მემორანდუმი-ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნესთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კორპორაციისა და ბიზნესპარტნიორის შეთანხმება ბიზნესთანამშრომლობაზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვა, განხორციელება, ინვესტიციების ვარგისიანობის, საბაზრო პირობებში ფასის დადგენა, ანალიზი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი საინვესტიციო ვალდებულებათა სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობების შეფასება და სხვა (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ 84-88).

7. სააქციო საზოგადოებასა და ამხანაგობას (წარმოდგენილი თავმჯდომარის, თანათავმჯდომარისა და გამგეობის წევრების სახით) შორის, 2011 წლის 2 ნოემბერს, გაფორმდა დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც, სააქციო საზოგადოება კისრულობდა ვალდებულებას და უფლებამოსილი იყო, სათანადო ანაზღაურების საფასურად, ამხანაგობის უფლებების დაცვისა და ინტერესების გათვალისწინებით, კორპორაციული, საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურება უზრუნველეყო, მათ შორის: ფულადი სახსრების მოზიდვა, ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობით წარედგინა დამკვეთი მესამე პირებთან ურთიერთობებში, ემოქმედა და წარემართა მოლაპარაკებები დამკვეთთან ერთად ან მის გარეშე, დაედო ხელშეკრულებები, შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი ადმინისტრაციულ-ფინანსური ოპერაციები, ასევე - მენეჯმენტისა და ფულადი სახსრების შეუზღუდავი მართვა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დადგენილი უზრუნველყოფების მართვა და სხვა (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ 89-105).

8. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ მხარეებს შორის (ამხანაგობას წარმოადგენდნენ თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე), 2011 წლის 2 ნოემბერს, გაფორმდა დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამხანაგობამ სააქციო საზოგადოებას უფლებამოსილებები მიანიჭა, მათ შორის: აქტივების/ქონების შეუზღუდავი მართვა და განკარგვა, ასევე, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელება და დარეგისტრირება (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ 108-111).

9. ერთი მხრივ, შპს ,, B.G.C.a.I.C.“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს) და შპს ,,ბ.თ–ს“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და, მეორე მხრივ, ამხანაგობას (წარმოდგენილი თავმჯდომარის სახით) შორის, 2012 წლის 24 მაისს, გაფორმდა მემორანდუმი-ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობის თავმჯდომარემ იკისრა ვალდებულება, მეორე მოპასუხესთან, 2012 წლის 30 ივნისს, გაეფორმებინა ხელშეკრულება, პირველ მოპასუხესა და ამხანაგობას შორის, 2011 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიური პირობებით (იხ. ტ. 2, ს.ფ 172-173).

10. მეორე მოპასუხესა და ამხანაგობას შორის (წარმოდგენილი თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის და გამგეობის წევრების სახით), 2012 წლის 30 ივნისს, გაფორმდა დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ, ამხანაგობასა და პირველ მოპასუხეს შორის, 2011 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიური პირობებით (იხ. ტ. 1, ს.ფ 114-134).

11. 2012 წლის 14 სექტემბერს გაიმართა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება. კრებამ თავისი გადაწყვეტილებით თავმჯდომარეს, თანათავმჯდომარეს და გამგეობის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტა და გადააყენა, ასევე, დაადგინა, 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის დაფუძნების შესახებ) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. კრება გადაიდო და ჩაინიშნა 2012 წლის 28 სექტემბერს (იხ. ტ. I, ს.ფ. 205-208);

12. ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება 2012 წლის 28 სექტემბერს გაიმართა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით ამხანაგობის გამგეობის წევრებად მ.გ–ძე, ა.ლ–ძე, მ.ა–ი, ლ.ა–ი და ც.ა–ძე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) აირჩია (იხ. ტ. I, ს.ფ. 209-214);

13. ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება შედგა, ასევე, 2013 წლის 25 იანვარს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, 2012 წლის 14 სექტემბერის დამფუძნებელთა კრების N2 ოქმი დანართთან ერთად და იმავე წლის 28 სექტემბერის დამფუძნებელთა განმეორებითი კრების ოქმი ბათილად გამოცხადდა. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები პირველი მოსარჩელე და მ.მ–ძე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) ამხანაგობის წევრობიდან გაირიცხნენ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის სტატუსი გაუუქმდათ (იხ. ტ. I, ს.ფ. 180-197).

14. სარჩელის საფუძვლები

14.1 პირველმა მოსარჩელემ, მეორე მოსარჩელემ, გ.ლ–ძემ, ა.ლ–ძემ, მ.ა–მა, ნ.ო–მა, მ.გ–ძემ, დ.ნ–მა, ლ.ა–მა, კ.ი–მა, რ.ტ–მა, ნ.ხ–ძემ, ი.რ–მა, დ.უ–მა, ი.ხ–მა, გ.ხ–ძემ, ლ.ა–მა, მ.დ–მა, ჯ.დ–მა, ბ.დ–მა, რ.ჩ–მა და ნ.ფ–მა (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის, გამგეობის წევრების, ე.ს–იას (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, კასატორი), ლეილა ჭეჟიას (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე; მოპასუხე ფიზიკური პირები), სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და მესამე მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს, ბათილად იქნეს ცნობილი: ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობასა და კორპორაციას შორის 2011 წლის 5 მაისს გაფორმებული მემორანდუმი-ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნესთანამშრომლობისა და 2011 წლის 2 ნოემბერს დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ; ამავე მხარეებს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება; 2012 წლის 30 ივნისს ამავე ამხანაგობასა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის წარმოების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხესა და ამხანაგობას შორის 2012 წლის 24 მაისს გაფორმებული მემორანდუმი და 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმი; აეკრძალოთ მოპასუხე ფიზიკურ პირებს, ამხანაგობის წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის არსებობის მანძილზე.

14.2 მოსარჩელეებმა, წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს და დამატებით განმარტეს, რომ ქ. თბილისში 11987 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამხანაგობის საკუთრებაა. მოსარჩელეები წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს, რაც დასტურდება ამხანაგობის 2006 წლის 21 აგვისტოს სადამფუძნებლო ხელშეკრულებითა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით.

14.3 მოსარჩელეებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.1 ქვეპუნქტზე (დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში) და 5.2 ქვეპუნქტზე,,ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ერთობლივად წარმოადგენენ ამხანაგობას“ მითითებით განმარტეს, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან სადავო მემორანდუმზე ხელს აწერს მხოლოდ ერთი თავმჯდომარე. შესაბამისად, ხელშეკრულება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. გარდა აღნიშნულისა, მემორანდუმი გაფორმებულია ამხანაგობის წევრების ყოველგვარი ნებართვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში – სსკ) მე-10 მუხლის მესამე ნაწილი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს იცავს უფლების ბოროტად გამოყენებისგან. სადავო გარიგება სსკ-ის 54-ე, და 59-ე მუხლების საფუძველზეც ბათილია.

14.4 წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა მოპასუხე სააქციო საზოგადოებას მისცეს უფლებები, ემოქმედა ამხანაგობის სახელით, მათ შორის - ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად.

14.5 წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა მოპასუხე შპს-ებს მისცეს უფლებები, ემოქმედათ ამხანაგობის სახელით, მათ შორის, მიანიჭეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული გარიგება ბათილია სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე, 54-ე მუხლების შესაბამისად, ასევე, 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმიც ბათილია, რადგან ამხანაგობის წევრები არ იყვნენ გაფრთხილებული სათანადო წესით, არ შემოწმდა კრების უფლებამოსილება, კრების ოქმს ხელს აწერენ არადამფუძნებელი წევრები და ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან ამხანაგობის წევრები. კრების ოქმით საკუთრების უფლება გაუუქმდათ ამხანაგობის ორ წევრ მოსარჩელეს, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

14.6 მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხე ფიზიკურ პირებს ამხანაგობის წარმომადგენლობითი და მმართველობითი ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის მოქმედების ვადაში უნდა აეკრძალოთ, რადგან მათ არაერთხელ დაარღვიეს ამხანაგობის წევრების უფლებები და საკუთარი გადაწყვეტილებებით ზიანი მიაყენეს ამხანაგობას.

15. მოპასუხის შესაგებელი

15.1 მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ (მეორე მოპასუხემ) წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებების შესახებ ამხანაგობის წევრებმა იცოდნენ. ამასთან, სააქციო საზოგადოებასთან გაფორმებული ხელშეკრულებები ამხანაგობის გამგეობისა და სააქციო საზოგადოების ორმხრივი შეთანხმებით გაუქმდა.

15.2 ამხანაგობის გამგეობის წევრებს, ხელშეკრულების გაფორმების სრული უფლებამოსილება ჰქონდათ, ამ ტიპის გარიგების დადებისათვის, ამხანაგობის წევრების თანხმობა არ სჭირდებოდათ. გამგეობის წევრები ამხანაგობას კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნათა დაცვით ხელმძღვანელობდნენ. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მოპასუხეთა მხრიდან ამხანაგობისათვის საზიანო ქმედებებს.

15.3 2013 წლის 25 იანვრის კრება მოწვეულ იქნა და ჩატარდა დადგენილი წესების შესაბამისად. ამხანაგობის წევრებს შესაბამისი მოსაწვევები გაეგზავნათ და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ამხანაგობის ნებას წარმოადგენს.

15.4 სააქციო საზოგადოებამ (კორპორაციამ) წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ მხოლოდ გამგეობის წერილობითი და სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობითაა დასაშვები ამხანაგობის ქონების განკარგვა. სააქციო საზოგადოებას ხელშეკრულება ამხანაგობის უფლებამოსილ პირებთან აქვს გაფორმებული. მათ გააჩნიათ აბსოლუტური შეუზღუდავი უფლებამოსილება გენერალური მინდობილობის სახით, თუმცა, სახელშეკრულებო პირობები არ დარღვეულა. ინვესტორებისათვის ხელისშემშლელი რომ არ ყოფილიყო ქონების მოცულობის ცვალებადობა, გენერალური მინდობილობა გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სააქციო საზოგადოებამ პასუხისმგებლობა იკისრა, არ დაეშვა ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება თუ შემცირება.

15.5 ამხანაგობასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სააქციო საზოგადოების (კორპორაციის) მომზადებული დოკუმენტია და მათ მიერ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

16.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის ამხანაგობის არსებობის მანძილზე წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელების აკრძალვის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობასა და პირველ მოპასუხეს (სააქციო საზოგადოებას) შორის წინამდებარე განჩინების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებები. ასევე, ერთი მხრივ, ამხანაგობასა და, მეორე მხრივ, მეორე მოპასუხეს (შეზღუდულ პასუხისმგებლობის საზოგადოებას) და მესამე მოპასუხეს შორის, 2012 წლის 24 მაისს, გაფორმებული მემორანდუმი-ხელშეკრულება და ამხანაგობასა და მეორე მოპასუხეს შორის, წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული დავალების ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი, ამხანაგობის 2013 წლის 25 იანვრის დამფუძნებელთა კრების ოქმიც.

16.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 59-ე, 930-ე, 932-ე, 934-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობის მიზანს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმოადგენდა, რომლის მისაღწევად წევრებმა ამხანაგობაში შენატანები განახორციელეს. საქალაქო სასამართლომ სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.1 და 5.3 ქვეპუნქტებზე (5.1 და 5.3 ქვეპუნქტების დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტებში) მითითებით განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებებს, რომლის თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა ხელშეკრულებების მონაწილე მოპასუხეებს გარკვეული დავალებები მისცეს. ამხანაგობის სახელით მოქმედებისას, მათი უფლებამოსილება იმ ფარგლებით განისაზღვრება, რაც ამხანაგობის დამფუძნებლებმა მიანიჭეს. არც ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებით და არც 2006 წლის 4 ოქტომბრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმით, ამხანაგობის თავმჯდომარეს, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება არ მინიჭებია, მით უფრო - ამ უფლების სხვისთვის გადანდობა.

16.3 საქალაქო სასამართლომ, სსკ-ის 934-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 932-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 712-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.4 (ბოლო აბზაცი) და 3.3 ქვეპუნქტებზე მითითებით ,,ამხანაგობაში ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად (934 მუხლი). რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები (712-ე მუხლი). თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას (932-ე მუხლი). ყოველი შენატანი წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას (დამფუძნებელი ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტი; იმავე ხელშეკრულების 5.4 ქვეპუნქტის ბოლო აბზაცის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში)“ განმარტა, რომ ასეთი თანხმობა ამხანაგობის წევრების საერთო კრებას არ გაუცია. სასამართლომ სსკ-ის 59-ე მუხლზე მითითებით ,,ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილების უფლება გააჩნია დაინტერესებულ პირსაც“ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ, შესაბამისად, გაფორმებული სადავო გარიგებები მათ უფლებებსაც პირდაპირ ეხება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანი იყო.

16.4 საქალაქო სასამართლომ ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 5.4 ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში 2013 წლის 25 იანვრის კრებაზე ყველა დამფუძნებელი წევრი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროის, ადგილისა და განსახილველი საკითხების მითითებით) შესაბამისად არ ყოფილა მოწვეული, კრებას ყველა დამფუძნებელი წევრი არ ესწრებოდა. იგი არ იყო უფლებამოსილი და გადაწყვეტილებაუნარიანი, მიეღო გადაწყვეტილებები, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.

17. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

17.1 აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა, 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

17.2 აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რომლითაც დასტურდება, რომ ამხანაგობის კრებაზე ყველა წევრი, ამხანაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სრული დაცვით იყო მიწვეული.

17.3 2013 წლის 25 იანვრის კრება იყო განმეორებითი, რომელზეც, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების პირობების თანახმად, დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად, მიიღება გადაწყვეტილება. პირველი კრება, 2012 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა, რა დროსაც ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი წევრი (მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი მოწვეული იყო ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით) არ გამოცხადდა. შესაბამისად, რამდენადაც კრებაგადაწყვეტილებაუუნარო იყო, ხელშეკრულების პირობების დაცვით, განმეორებით იქნა მოწვეული, რომელიც 2013 წლის 25 იანვარს ჩატარდა და გადაწყვეტილებები დამსწრეთა უმრავლესობით მიიღო.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

18.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხე ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

18.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლი).

18.3 სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზი გაესვა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

18.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრებაზე, უფლებამოსილი პირები (დამფუძნებელი წევრები) მიწვეული იყვნენ საქმიანობის ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, აპელანტებზე უნდა გადანაწილებულიყო, რაც მათ ვერ დასძლიეს.

18.5 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრებაზე ყველა ,,დამფუძნებელი“ წევრი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროის, ადგილისა და განსახილველი საკითხის შესახებ) არ ყოფილა მიწვეული. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ კრება უფლებამოსილი და გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო, რაც, თავის მხრივ, სსკ-ის 54 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ამ კრებაზე ამხანაგობის წევრთა სახელით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უდავო საფუძველს წარმოადგენდა.

19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

19.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეოთხე მოპასუხემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.

19.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოს არც ერთ სხდომას მისი, გამგეობის წევრებისა და მეხუთე მოპასუხის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმომადგენელს სასამართლოში რწმუნებულება ჰქონდა წარდგენილი. სასამართლომ აღნიშნულ მოპასუხეებს, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმის უფლება არ მისცა, რითაც სამართლიანი სასამართლოს და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური უფლება დაირღვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მეოთხე მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობა (საერთო საქმიანობა) მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ურთიერთობაა და ის მოითხოვს მისი მონაწილეებისაგან ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო მიზნის რეალიზაციას (სსკ-ის 930-ე მუხლი), აქედან გამომდინარე, ის, როგორც მრავალმხრივი გარიგება, წარმოადგენს რთულ სამართლებრივ კონსტრუქციას. საერთო მიზანი ლეგიტიმური და მიღწევადი უნდა იყოს (შდრ. სუსგ #ას-1231-1154-2015, 31.05.16 წ.). „ამხანაგობის ხელშეკრულება, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და იგი დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით (სკ-ის 327.1 მუხლი). მართალია, სამოქალაქო კოდექსი ადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც სამართალსუბიექტებს არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ ამ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ლეგიტიმურ ბოჭვას სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაში პოვებს, კერძოდ, ხელშეკრულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს დადებული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. სახელშეკრულებო დავის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელშეკრულებაში გადმოცემული მხარეთა რეალური ნების დადგენა, მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობა“ (იხ. სუსგ საქმე #ას-1003-964-2014, 17 დეკემბერი 2015 წელი).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია ამხანაგობის 2013 წლის 25 იანვრის კრების ოქმის ბათილად ცნობას შეეხება. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ ამხანაგობის წევრები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მოწვეული კრებაზე, გადაწყვეტილება კი სსკ-ის 934-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით იქნა მიღებული, რამაც მისი ბათილობა განაპირობა (სსკ-ის 54-ე, 934-ე მუხლები;იხ. ამ განჩინების 13, 16.4, 18.3-18.5 პუნქტები).

25. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

26. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

27. კასატორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვას არ ესწრებოდა აპელანტთა წარმომადგენელი, რომლის რწმუნებულებაც საქმეში იყო წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე თავად აპელანტებს ეცნობათ (ტ. 4, ს. ფ. 33-37, 40). 2017 წლის 2 მაისის სხდომაზე მხოლოდ ორი აპელანტი გამოცხადდა, მათ შორის - მეოთხე მოპასუხე. მომდევნო სხდომის თაობაზეც პირადად აპელანტებს ეცნობათ (ტ. 4, ს. ფ. 85, 91-93, 103-105, 121, 123, 125). საააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომაზე ერთ-ერთი აპელანტი გამოცხადდა. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს მოიხმობს და განმარტავს, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო კანონმდებობის დაცვით იყვნენ მიწვეული მხარეები სხდომაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, მისი საქმის განხილვაში მონაწილეობა (გამოცხადება), თავად აპელანტებს უნდა უზრუნველეყოთ.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ, რაც საკასაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

29. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

30. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ს–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე