Facebook Twitter

ბს-274-260(კს-05) 18 ივლისი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. კ.-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. კ.-ამ მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა დარიცხული სახელფასო და სამივლინებო დავალიანების _ 2282 ლარის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე 1993 წლის ივლისიდან 2004 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. ამჟამად იყო უმუშევარი. მოპასუხის მიერ მასზე დარიცხული 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1543,72 ლარს, ხოლო სამივლინებო დავალიანება _ 739 ლარს, სულ მოპასუხეს ასანაზღაურებელი ჰქონდა 2282 ლარი. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 8 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა კონტროლის პალატას დავალიანების დაფარვის თხოვნით, მაგრამ მოპასუხემ 2005 წლის 11 აგვისტოს ¹988/17 წერილით აცნობა, რომ თანხის დაფარვა მოხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოუყოფდა შესაბამის სახსრებს. მოსარჩელის მოსაზრებით, კონტროლის პალატის ზემოაღნიშნული წერილი (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება), ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, ეს აქტი მას აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს (ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა გ. კ.-ას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1952,81 ლარისა და სამივლინებო დავალიანების _ 739 ლარის, სულ _ 2691,81 ლარის გადახდა (ს.ფ. 27).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 თებერვლის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ ნაცვლად: «მოსარჩელე რ. გ.-ე» მითითებულ იქნა: «მოსარჩელე გ. კ.-ა».

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება (ს.ფ. 38-39).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენდა 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი საქართველოს კონტროლის პალატას ჩაბარდა 2006 წლის 1 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 1 მარტს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რითაც დაირღვა ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა. ის გარემოება, რომ განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 17 თებერვალს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაწყების თარიღად არ მიიჩნია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი ცალსახად ადგენდა გასაჩივრების ვადის ათვლას მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (ს.ფ. 43-46).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ, მართალია, საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კონტროლის პალატას ჩაბარდა 2006 წლის 1 თებერვალს, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, «გ. კ.-ას» ნაცვლად მითითებული იყო «რ. გ.-ე», ხოლო «საქართველოს კონტროლის პალატის» ნაცვლად _ «საქართველოს თავდაცვის სამინისტრო». 2006 წლის 8 თებერვალს კონტროლის პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე მიმართა სასამართლოს დაშვებული შეცდომის (უსწორობის) გასწორების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2006 წლის 15 თებერვლის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატას ჩაბარდა 27 თებერვალს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, რომ არა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კონტროლის პალატა უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიან ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენას (ს.ფ. 50-51).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კონტროლის პალატის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაწყების თარიღად ითვლებოდა 2006 წლის 17 თებერვალი (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების დრო), ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი ცალსახად აწესებდა აღნიშნული ვადის მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ათვლას. ამასთან, გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობა არანაირად არ აბრკოლებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანას. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გაშვებული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად (ს.ფ. 53-58).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატას ჩაბარდა 2006 წლის 1 თებერვალს (ს.ფ. 32). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი აქვს 2006 წლის 1 მარტს (ს.ფ. 38).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 2 თებერვლიდან და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2006 წლის 15 თებერვალს, შესაბამისად, ამავე დღეს _ 15 თებერვალს ამოიწურა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმაა, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2006 წლის 15 თებერვლიდან _ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინების ჩაბარების მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ მომენტიდან შეიძლება გასაჩივრდეს თავად განჩინება გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, აღნიშნულის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი ზემოაღნიშნული წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს კონტროლის პალატას გაშვებული აქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.