საქმე №ას-611-570-2017 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 25 ივლისს, ერთი მხრივ, ი. ქ-სა (ან „მეიჯარე“) და, მეორე მხრივ, მ. მ-ეს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც 2018 წლის 1 აგვისტომდე იჯარით იქნა აღებული ქ. ..., წერეთლის ქ. #11-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი 86.44 კვ.მ ფართი.
2. ხელშეკრულების თანახმად, ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარეს მეიჯარისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში - პირგასამტეხლო 3 თვის საიჯარო ქირის ოდენობით.
3. ი. ქ-ა ხელშეკრულების დადების დროისათვის წარმოადგენდა შპს „მ.“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე ორგანიზაცია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) დირექტორს.
4. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელეს იჯარით აღებული ფართით კომერციული საქმიანობისათვის ყოველთვიურ საიჯარო ქირას უხდიდა მოპასუხე ორგანიზაცია.
5. შპს „მ.“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ახალ დირექტორად დაინიშნა თ. ბ-ე.
6. 2014 წლის 21 აგვისტოს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა, თ. ბ-ემ ელექტრონული წერილის საფუძველზე აცნობა მოსარჩელეს, რომ 2014 წლის 30 სექტემბრიდან იგი წყვეტდა საიჯარო ხელშეკრულებას და მეიჯარეს ფართს ჩააბარებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტასა და ფართის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის მიმდინარეობდა მიმოწერა ელექტრონული სახით, თუმცა რაიმე შეთანხმებას მათ ვერ მიაღწიეს.
7. 2014 წლის 30 სექტემბერს ი. ქ-ამ მეიჯარეს აცნობა, რომ 2014 წლის მაისიდან იგი აღარ არის შპს „მ.“ დირექტორი და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფართით სარგებლობაზე ამჟამად პაუხისმგებელია ორგანიზაციის ახალი დირექტორი, თ. ბ-ე. ამასთან, ი. ქ-ამ განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საგანი - კომერციული ფართი განკუთვნილი იყო შპს „მ.“ მაღაზიათა ქსელის გასაფართოებლად.
8. 2014 წლის 20 ოქტომბერს მეიჯარეს დაუბრუნდა საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართი.
9. 2014 წლის 22 აგვისტოდან ფართის დაბრუნებამდე (2014 წლის 20 ოქტომბრამდე) მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია საიჯარო ქირა.
10. მეიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ორგანიზაციისა და მისი ყოფილი დირექტორის, ი. ქ-ას მიმართ და მოითხოვა გადაუხდელი საიჯარო ქირისა და საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლისათვის პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.
11. ი. ქ-ამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი საქმეში არასათანადო მოპასუხეა.
12. სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხე ორგანიზაციამ და განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების მხარეა ფიზიკური პირი, ი. ქ-ია და სწორედ მას ეკისრებოდა მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება და არა მოპასუხეს.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ი. ქ-იას შუამდგომლობა, მოსარჩელის თანხმობით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა ი. ქ-ია. სარჩელის განხილვა გაგრძელდა მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის საიჯარო ქირის - 5000 აშშ დოლარისა და საიჯარო ქირის დანაკლისის, 4 148.86 ლარის, ასევე, საადვოკატო ხარჯის - 800 ლარის გადახდა; მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.
15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ საადვოკატო ხარჯის - 800 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 7 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ 2013 წლის 25 ივლისის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო არა მოსარჩლესა და ფიზიკურ პირს (ი. ქ-ას) შორის, არამედ მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციას (შპს „მ.“) შორის. მართალია, ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარედ მითითებული იყო ი. ქ-ია, თუმცა მას როგორც მოიჯარეს, ხელშეკრულების საგნით (კომერციული ფართით) არასდროს უსარგებლია - იგი ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ორგანიზაციას წარმოადგენდა დირექტორის სახით.
18. აღნიშნული გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდებოდა თავად იჯარის ხელშეკრულებიდან, სადაც მითითებულია, რომ მოიჯარეს ქონება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად (ფეხსაცმლის მაღაზიის გასახსნელად) გადაეცა. საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტიდან არ ირკვეოდა, რომ ამ სახის საქმიანობას თავად ი. ქ-ია ეწეოდა. სასამართლოს განმარტებით, შეუძლებელია ი. ქ-იას ხელშეკრულება ისე დაედო, რომ იჯარით აღებული ქონებით არასდროს ესარგებლა. ამასთან, თავად მოპასუხე ვერ ადასტურებდა, რომ თუ არა საიჯარო, მაშინ სხვა რომელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უხდიდა იგი ქირას მოსარჩელეს.
19. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. ქ-იამ, როგორც მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოსარჩელესთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა სამოქალაქო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციის სახელით და მის სასარგებლოდ. ამრიგად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც მოსარჩელის მიმართ გააჩნდა არა პირადად ი. ქ-იას, არამედ მოპასუხეს, შპს „მ.“.
20. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე დაადგინა, რომ ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აცნობა 2014 წლის 21 აგვისტოს, თუმცა ქონება დაუბრუნა იმავე წლის 20 ოქტომბერს, მას უნდა დაკისრებოდა საიჯარო ქირა 5000 აშშ დოლარი და 4 148.86 ლარი. შესაბამისად, ამ თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
21. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე თითქმის ოთხი წლით ადრე მოშალა ხელშეკრულება, დარღვეული ვალდებულების მოცულობას სავსებით შეესაბამებოდა მოთხოვნილი პირგასამტეხლო 7 500 აშშ დოლარის ოდენობით და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
23. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ი. ქ-ია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე არაუფლებამოსილ პირად და, შესაბამისად, არასწორად ამორიცხა იგი მოპასუხეთა სიიდან. იჯარის ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან არა მოპასუხე და მოსარჩელე, არამედ ი. ქ-ია და მოსარჩელე. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოიჯარე უფლებამოსილია მეიჯარის წერილობითი თანხმობით გადასცეს მასთან აფილირებულ პირ(ებ)ს და/ან მესამე მხარე(ებ)ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოვალეობები ან მათი ნაწილი. ამასთან, მოიჯარე თავად დარჩება პასუხისმგებელი მეიჯარის წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესრულებაზე. თუკი საიჯარო ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარედ გვევლინება არა ი. ქ-ია, არამედ შპს „მ.“, მაშინ რა სახის უფლებამოსილება გააჩნდა ი. ქ-ას, როდესაც თავისი ხელმოწერით გააუქმა აღნიშნული ხელშეკრულება. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ფართის გასაღები ი. ქ-იამ გადასცა, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ იგი იყო მეიჯარის წინაშე პასუხისმგებელი საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესრულებაზე.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედის და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი).
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).
30. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
31. განსახილველ დავაში არასათანადო მოპასუხედ იქნა ცნობილი საიჯარო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ფიზიკური პირი ი. ქ-ია და დადგინდა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადებისას იგი დირექტორის სახით წარმოადგენდა იურიდიულ პირს - შპს „მ.“, რომელსაც უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
32. კასატორი არ იზიარებს სასამართლოების ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ხელშეკრულებაში იყო მითითებული ხელშემკვრელი მხარეები - მოსარჩელე და ი. ქ-ია, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება არასათანადო მხარედ მიეჩნია ფიზიკური პირი, იოსებ ქანთარია და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მოპასუხე ორგანიზაციისათვის.
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ნორმის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირები სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდიან დამოუკიდებლად და ისინი დამოუკიდებლად აგებენ პასუხს მესამე პირთა წინაშე. კერძოდ, ფიზიკურ პირს აქვს უნარი თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (სსკ მე-12 მუხლი), ხოლო იურიდიული პირი, როგორც განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სსკ 24-ე მუხლი).
34. ფიზიკური პირის მსგავსად, კერძო სამართლის იურიდიული პირი სარგებლობს ზოგადი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობით, რაც გულისხმობს იურიდიული პირის უფლებას, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს კანონი, იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა გათვალისწინებული ეს საქმიანობა ორგანიზაციის შესაბამის სადამფუძნებლო დოკუმენტებში (სსკ 25-ე მუხლი). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
35. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ივლისს დადებული საიჯარო ხელშეკრულებას ხელს აწერენ ი. ქ-ია და მ. მ-ძე. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის ი. ქ-ია იყო მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი (იხ. ტ. 1, ს.ფ 23-24) და ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში საიჯარო ქირა მოსარჩელის ანგარიშზე სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის (და არა ი. ქ-ას) მიერ ირიცხებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ 25-28). დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს გაუგზავნა არა ფიზიკურმა პირმა, ი. ქ-ამ, არამედ მოპასუხე ორგანიზაციის იმ დროისათვის მოქმედმა დირექტორმა, თ. ბ-ემ (იხ. ტ. 1, ს.ფ 21-22). სწორედ მასსა და მოსარჩელეს შორის მიმდინარეობდა მიმოწერა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფართის დაბრუნების თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ 32-40). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ საიჯარო საგნით (დაქირავებული ფართით) ფიზიკურ პირს, ი. ქ-ას არასდროს უსარგებლია - აღნიშნული ფართს კომერციული საქმიანობისთვის იყენებდა მოპასუხე ორგანიზაცია.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
37. იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირას მოსარჩელეს უხდიდა მოპასუხე ორგანიზაცია, მასვე ჰქონდა მოსარჩელესთან მიმოწერა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფართის დაბრუნების თაობაზე, ამასთან, არც მოსარჩელე და არც მოპასუხე სამოქალაქო კოდექსის 587-ე მუხლით განსაზღვრულ ქვეიჯარის სამართლებრივ ურთიერთობაზე არ მიუთითებენ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი, ი. ქ-ია (რომელიც ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი იყო) ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა, არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, დასაბუთებულად შედავებული არ არის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ი. ქ-ია ხელშეკრულებას ხელს საკუთარი სახელით აწერს.
38. დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ იქნება განხილული ვერც საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ ვინაიდან ხელშეკრულება ი. ქ-ას ხელმოწერით გაუქმდა და მანვე გადასცა მოსარჩელეს კუთვნილი ფართის გასაღები, აღნიშული ადასტურებს საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესრულებაზე ი. ქ-ას პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მითითებული პრეტენზიები უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს კვალიფიციურად ვერ აბათილებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე (იხ. მაგ. საქმე №ას-711-664-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი; სუსგ საქმე №ას-117-109-2017, 2 ივნისი, 2017 წელი; სუსგ საქმე №ას-1057-1012-2014,17 დეკემბერი, 2015 წელი). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 625 აშშ დოლარისა და 249.483 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30% - 187.50 აშშ დოლარისა და 62.23 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „მ.“ (ს/კ: 404966....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 625 აშშ დოლარის 30%-ის -187 (ას ოთხმოცდაშვიდი) აშშ დოლარისა და 50 ცენტის ეკვივალენტი ლარისა და გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 249,483 ლარიდან – 62 (სამოცდაორი) ლარისა და 23 თეთრის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე