Facebook Twitter

საქმე №ზ-241-ა-8-2019 15 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ. წ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. წ-ია (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ლ. ს-უ

გასაჩივრებული განჩინებები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილისა და 5 ივნისის განჩინებები

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. წ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. წ-იას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ნ. წ-იას მიმართ სარჩელი აღძრა ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ლ. ს-უმ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

4. ნ. წ-იამ ლ. ს-უს სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ს. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის, ლარისა სემელიდუს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-ამ და ლ. ს-უმ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. წ-იამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. წ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. წ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

10. 2019 წლის 17 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. წ-იამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. საკასაციო სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, რადგან საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 19 მარტს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია არა 10 დღის ვადაში, არამედ 30-ე დღეს, რაც საპროცესო ნორმის უხეში დარღვევაა;

10.2. ამასთან, სსსკ-ის 445-ე მუხლის მე-3 პუნქტის კანონის ანალოგიით გამოყენების შემთხვევაში, სარჩელი (განსახილველ შემთხვევაში - საკასაციო საჩივარი) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ;

10.3. კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენების სამართლებრივი საფუძველია სსსკ-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია);

10.4. ვინაიდან სასამართლომ არ დაიცვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი ვადა, ამ ვადის გასვლის დღიდან საჩივარი მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რაც გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველია;

10.5. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მატერიალური საფუძველია ის გარემოება, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების მისაღებად საპროცესო ნორმებით დადგენილ ვადაში განცხადებით არ მიმართა, მაშინ როდესაც ამ პროცედურისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმით ანუ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია გასაჩივრების უფლების მქონე პირის მხოლოდ სასამართლოში გამოცხადება და არა - სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა;

10.6. განმცხადებელი სწორედ ამ მოთხოვნის დაცვით, დადგენილ ვადაში არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, მიმართავდა მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდა განჩინების გადაცემას, რაზედაც ყოველთვის იღებდა პასუხს, რომ განჩინება მზად არ იყო და გამზადებისთანავე შეატყობინებდა, რაც არ გაუკეთებია;

10.7. დადგენილ ვადაში განმცხადებლის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების დამადასტურებელია ის გარემოება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის ოქმების გამოთხოვის თაობაზე და ჩაიბარა ისინი 2019 წლის 15 იანვარს ანუ სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს;

10.8. ამდენად, განმცხადებელი იძულებული გახდა რამდენჯერმე გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, განმცხადებელი სხდომის ოქმებთან ერთად სადავო განჩინებასაც ითხოვდა, რაც 15 იანვრამდე გაგრძელდა ანუ სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღემდე და სასამართლოში გამოცხადებისათვის საპროცესო ნორმით დადგენილ 20-დან 30 დღემდე ვადაში. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლის თანაშემწემ მას მხოლოდ სხდომის ოქმების ელექტრონული ვერსია გადასცა, ხოლო სადავო განჩინების გადაცემისათვის შეტყობინების გაგზავნას დაპირდა, რასაც განმცხადებელი ნდობიდან გამომდინარე დაელოდა;

10.9. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების შესახებ კასატორის 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებას, აღნიშნული განცხადების დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ს. წ-ასთან მიმდინარე სხვა დავასთან დაკავშირებით 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, სადაც ს. წ-ამ წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება, რომელსაც ამავე სხდომაზე პირველად გაეცნო. სწორედ ამიტომ დაწერა მან 2019 წლის 18 თებერვალს ანუ იმავე დღეს განცხადება სააპელაციო სასამართლოში, რადგან მისი სიტყვიერი საყვედურის მიუხედავად განცხადების დაწერის გარეშე, მოსამართლის თანაშემწემ განჩინება აღარ გადასცა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით ნ. წ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, განცხადება არ შეიცავდა საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას.

12. 2019 წლის 25 ივნისს ნონა წურწუმიამ წარადგინა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილისა და 5 ივნისის განჩინებების გაუქმების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილისა და 5 ივნისის განჩინებები, რომლებითაც განუხილველი დარჩა საკასაციო საჩივარი და განცხადება, კანონსაწინააღმდეგოა და ემყარება საპროცესო ნორმების სუბიექტურ და არასწორ განმარტებას;

12.2. 2019 წლის 5 ივნისის განჩინება გამოტანილია სსსკ-ის 445-ე მუხლის (კანონის ანალოგია) მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით არა განცხადების ჩაბარებიდან 5 დღეში, არამედ - მე-19 დღეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ამავე ნორმის ბოლო ნაწილთან, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა, რომ განცხადება მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში ანუ 5 დღეში განჩინება გამოტანილი არ იქნება - ამ ვადის გასვლის შემდეგ;

12.3. ამდენად, რადგან მოსამართლის მიერ დაცული არ არის განცხადების მიღების შესახებ განჩინების გამოტანის კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადა, განცხადება მიღებულად ითვლება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ამგვარი სადავო განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს;

12.4. ანალოგიურად არაა დაცული მოსამართლის მიერ საკასაციო საჩივრის მიღების შესახებ განჩინების გამოსატანად სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი 10-დღიანი ვადა. მოსამართლე სადავო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მარტავს, რომ საკასაციო საჩივრის მიღების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვა ან დაუცველობა „არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახალ გარემოებად, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“)“. ფაქტიურად სასამართლომ კანონი არ იცის, რადგან არასწორად მარტავს და სუბიექტურად მსჯელობს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების 10-დღიანი ვადა იწყება საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსვლისა და საქმის განაწილების დღიდან. მაშინ როდესაც, სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 პუნქტში მსგავსი არაფერი წერია. ამ ნორმით კანონმდებელმა დააწესა „საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან“ 10-დღიანი ვადის დაცვის პირობა და არა - საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესვლისა და საქმის განაწილების დღიდან;

12.5. ანალოგიურად სუბიექტურად მსჯელობს და კანონდარღვევით მარტავს მოსამართლე, რომ არც კასატორს და არ მის წარმომადგენელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2019 წლის 7 იანვარი) და არაუგვიანეს 30 დღისა (2019 წლის 17 იანვარი) განცხადებით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის და არ მოუთხოვიათ 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარება. ამ ტექსტშიც მოსამართლე თავისი უკანონო განჩინების გასამართლებლად ხელოვნურად ამატებს ისეთ პირობას, რომელიც კასატორს ავალდებულებს დასაბუთებული განჩინების მისაღებად მოსამართლისათვის განცხადებით მიმართვას, მაშინ როდესაც დასახელებული ნორმა არა „განცხადებით მიმართვას“ ითხოვს, არამედ - „სასამართლოში გამოცხადებას“, რასაც კასატორი პერმანენტულად ახორციელებდა და რისი დადასტურებაც მოსამართლის თანაშემწეს შეუძლია. ასევე, ამავე საქმეში მტკიცებულების სახით დევს სადავო განჩინების გამოტანიდან 28-ე დღეს, კასატორის მიერ დაწერილი ხელწერილი სასამართლო სხდომების ოქმების ჩაბარების შესახებ, რითაც მტკიცდება, რომ კასატორი კანონით დადგენილ ვადაში ნამდვილად გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში და თანაშემწემ მხოლოდ სასამართლო სხდომების ოქმები გადასცა. თუ სადავო განჩინება მზად იყო, თანაშემწე ვალდებული იყო გადაეცა მისთვის, რაც არ გაუკეთებია, რადგან, მისივე განმარტებით, განჩინება არ იყო ხელმოწერილი და, როგორც კი იქნებოდა მზად, აუცილებლად შეატყობინებდა, რაც ასევე არ შეასრულა.

13. განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წინაშე მოითხოვა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განცხადების განსახილველად მიღება.

14. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა 2019 წლის 1 ივლისს (იხ. ტ. 3. ს. ფ. 184). 2019 წლის 2 ივლისის მიმართვის საფუძველზე (იხ. ტ. 3. ს. ფ. 189), საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა 2019 წლის 12 ივლისს (იხ. ტ. 3. ს. ფ. 191).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

18. განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ, მისი განმარტებით, სადავო განჩინება მიღებულია სსსკ-ის 445-ე მუხლის მე-3 ნაწილით [მოსამართლე ვალდებულია სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის (განცხადების) მიღების შესახებ. სარჩელი (განცხადება) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ] დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით და ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი მიღებულად ითვლება.

19. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

20. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს არ მიუთითებია სადავო განჩინების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძველზე [სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე], ამასთან, მის მიერ მითითებული გარემოებები ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებას დაედება საფუძვლად [სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება]. დასახელებული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლადაღმოჩენილად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება. განმცხადებელი ვერ უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე.

21. რაც შეეხება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს [მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას], განმცხადებელი ვერც ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე უთითებს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

22. განმცხადებლის პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ განცხადების დასაშვებობის შემოწმების ვადის დარღვევის თაობაზე არ წარმოადგენს ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებლის მითითება სამართლებრივ ნორმაზე (სსსკ-ის 445.3. მუხლზე) არ განიხილება გარემოებად და არ შეიძლება წარმოადგენდეს საქმისწარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე წინაპირობას.

23. ამასთან, საკასაციო პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 450-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე. ასეც რომ არ იყოს, სსსკ-ის 425-ე [გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი] და 396.4 მუხლების საფუძველზე [საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით] განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ ის შეტანილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განიხილება საკასაციო ინსტანციის სასამართლოსთვის გათვალისწინებული საერთო 10-დღიანი ვადის დაცვით და არა - 5 დღის ვადაში, როგორც ამას განმცხადებელი უთითებს.

24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა განცხადება წარადგინა 2019 წლის 17 მაისს (იხ. ტ. 3. ს. ფ. 142). აღნიშნული განცხადების განხილვის 10-დღიანი ვადის გასვლამდე, ამავე წლის 24 მაისიდან საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება საავადმყოფო ფურცელზე გადაყვანის გამო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება, ტ. 3. ს. ფ. 163). სადავო განჩინება გამოტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების განახლების პირველივე დღეს - 2019 წლის 5 ივნისს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2019 წლის 5 ივნისის ბრძანება, ტ. 3. ს. ფ. 164). გამომდინარე აქედან, განმცხადებლის მითითება განჩინების კანონდარღვევით მიღების თაობაზე დაუსაბუთებელია.

25. ამასთან, საკასაციო პალატა განმცხადებელს დამატებით განუმარტავს, რომ განცხადების/საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ განცხადების/საკასაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან განცხადებას/საკასაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს [სსსკ-ის 396.3 მუხლი: თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 429-ე მუხლი: სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. 399-ე მუხლი: საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. 372-ე მუხლი: საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 187.2. მუხლი: თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)]. გამომდინარე აქედან, თუნდაც დასტურდებოდეს სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის/განცხადების წარმოებაში მიღების 10-დღიანი ვადის დარღვევის ფაქტი, რაც განმცხადებელს შეუქმნიდა იმის ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ განცხადება/საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში განმცხადებლისთვის დადგებოდა იგივე სამართლებრივი შედეგი.

26. რაც შეეხება განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს (იხ. წინამდებარე განცხადების 12.4. და 12.5. ქვეპუნქტები), მათ შესახებ (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების 10-დღიანი ვადის დაუცველობა და სსსკ-ის 2591 მუხლის განმარტება) ერთხელ უკვე იმსჯელა საკასაციო პალატამ 2019 წლის 5 ივნისის განჩინებაში და მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ უთითებდა კანონით გათვალისწინებულ, საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობაზე. განსხვავება ისაა, რომ განმცხადებელი ამჯერად სადავოდ ხდის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებაში იმავე გარემოებებზე მსჯელობისას სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ არ საჩივრდება და შედის კანონიერ ძალაში დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე [სსსკ-ის 429-ე მუხლი: სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. 264.3. მუხლი: საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას ან შეცვლას ითვალისწინებს მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში [სსსკ-ის 265-ე მუხლი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით], რომლის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განმცხადებელი ვერ უთითებს.

27. გამომდინარე აქედან, არ არსებობს განმცხადებლის მიერ მითითებულ და წინამდებარე განჩინების 12.4. და 12.5. ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მსჯელობის კანონიერი საფუძველი.

28. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე [საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას], საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული კანონი ძალადაკარგულია 2009 წლის 8 დეკემბრიდან. თუმცა, მოხმობილი ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ითხოვს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას იმ საფუძვლით, რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას [სსსკ-ის 3911 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას].

29. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განცხადება უსაფუძვლობის გამო განუხილველია, არ არსებობს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის წინაპირობა.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. წ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილისა და 5 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური