საქმე №ას-213-2019 6 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ხ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. დ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 12 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №8116300...; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა, 2018 წლის 21 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ითხოვდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას და 350 ლარის ნაცვლად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 250 ლარის დაკისრებას. ანუ, დაკისრებული 350 ლარიდან იგი აღიარებდა 250 ლარს და სადავოდ ხდიდა 100 ლარს.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ დავის საგნის ფასი მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 1200 ლარს (100X12=1200), რაც ნაკლები იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე – 2000 ლარზე. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემაც, რომელმაც მოითხოვა ალიმენტის ოდენობის გაზრდა და დავის საგნის ღირებულებად მიუთითა 1800 ლარი, რაც ასევე არ აღემატება დასაშვებ ზღვარს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი მაინც მიიღო წარმოებაში, რითაც დაარღვია თანასწორობის პრინციპი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
17. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 12 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №8116300...; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა, 2018 წლის 21 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
18. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, მოითხოვა ალიმენტის ოდენობის 350 ლარიდან 250 ლარამდე შემცირება და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის ხელახლა განსაზღვრა (იხ. ტ.1. ს.ფ. 216-224).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1200 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას (100 ლარი X 12 თვეზე). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი) და მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარიც განუხილველი დარჩა სწორედ იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს (იხ. ტ.2. ს.ფ. 4-5).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე