საქმე №ას-1806-2018 17 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა. ხ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან პირველი თანამესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მეორე თანამესაკუთრე) მიმართ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ... გამზირის მე-... კვარტალში, მე-3 კორპუსში მდებარე ...-ე ბინაზე (ს/კ #01.19.35.004.017...., შემდგოში _ საზიარო საგანი ან უძრავი ქონება) ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის 1/2-ის მიკუთვნების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის 21 დეკემბრიდან, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებმა შეიძინეს სადავო ქონება და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან თანამესაკუთრეებად. მოსარჩელეს სურს საზიარო საგნიდან წილის გასხვისება, რის უფლებასაც არ აძლევს მეორე თანამესაკუთრე, ამასთანავე, რადგანაც ქონება წარმოადგენს ბინას, მისი ნატურით გაყოფა შეუძლებელია, ხოლო მოპასუხე არ არის თანახმა, შეიძინოს მოსარჩელის წილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2017 წლის 10 ნოემბერს და შესაგებლის წარდგენისათვის ვადა განესაზღვრა 10 დღით, ამასთან, განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები. დადგენილ ვადაში მოპასუხეს არც შესაგებელი წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მისი რეალიზაციისა და ამონაგები თანხის 1/2-1/2-ის მათ შორის განაწილების გზით.
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე თანამესაკუთრემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა 2017 წლის 10 ნოემბერს, მისთვის ცნობილი იყო 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია;
1.2.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხის საჩივარი ემყარება მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომლითაც პაციენტისთვის სტენტის ჩადგმა დასტურდება, ასევე, 2017 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული კურსუსი, რომლითაც დგინდება, რომ კლინიკას კარდიოლოგის კონსულტაციაზე დაბარებულმა პაციენტმა მიმართა, ამდენად, მოპასუხეს ზოგადად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა, წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმის მასალები 10 ნოემბერს ჩაბარდა და ამ დროისათვის და შემდგომ მისი ჯანმრთელობა არ გაუარესებულა (შპს „....“ მიერ, 2015 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე სტაციონარში 2017 წლის 23 ოქტომბერს მოთავსდა და ჩაუტარდა სტენტირება, ხოლო, 2017 წლის 25 ოქტომბერს სტაციონარიდან გაეწერა. სარჩელი და თანდართული მასალა 2017 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 30 იანვრის სხდომაზე მეორე თანამესაკუთრემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მას საავადმყოფო ფურცელი 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა გახსნილი, ხოლო 10 ნოემბრის შემდგომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი) საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს), გარდა ამისა, მხარეთა თანასაკუთრება ნივთზე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით (სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, დავა უძრავ ნივთზე უფლებას შეეხება, ან საქმეში წარმოდგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები, სამართლებრივი მართლწესრიგი მოითხოვს, რომ ეს მტკიცებულებები შეფასდეს სასამართლოს მხრიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია). ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სარჩელს (სკ-ის 961 (1) და 964 (1) მუხლები), შესაბამისად, არსებობდა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პროცესუალური წინაპირობა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, ექიმის რეკომენდაციით თავი შეეკავებინა ფიზიკური და ემოციური დატვირთვისაგან, მას არ იზიარებს პალატა და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, თუმცა, მათი ლოგიკური, ერთობლივი და ინდივიდუალური ანალიზი არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზი, რის გამოც გაუქმდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, საზიარო უფლების გაუქმების, ასევე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კ. ა. კ-ეს (პ/#01029005790) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური