საქმე №ას-1424-2018 21 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. (ე.) ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. (ე.) ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... გამზირის #10-ში მდებარე #.. ბინის (ს/კ #01.10.14.10.... შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) 1/2-ის თანამესაკუთრედ ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები არიან და-ძმა. 1967 წლის 18 იანვარს გაცემული ორდერის საფუძველზე მოსარჩელემ და მოპასუხემ მიიღეს ქ.თბილისში, .... გამზირის #10-ში მდებარე 2-ოთახიანი #... ბინა, სადაც მოსარჩელე ცხოვრობდა 19... წლამდე. 19... წლის ... ივლისს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად და არ აძლევს მას უფლებას ისარგებლოს სადავო ბინით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ 1967 წლის 18 იანვარს გაცემული ორდერის საფუძველზე სადავო ქონება გადაეცა მოპასუხეს, მასთანვე გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება 1992 წლის 23 ივლისს. ამ პერიოდისათვის მოსარჩელე რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე და ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... გამზირის #23-ში მდებარე ბინა #37-ში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 1967 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში, ... გამზირის #10-ში მდებარე #... ბინაზე, მოპასუხის სახელზე გაიცა #... ორდერი, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ორდერის მფლობელთან ერთად მითითებულია მისი ძმა - მოსარჩელე;
1.2.2. 1992 წლის 23 ივლისს ქ.თბილისში, .... გამზირის #10-ში მდებარე #... ბინაზე მოპასუხესთან გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და არსებული მდგომარეობით სადავო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე;
1.2.3. დანიელ ალაფიშვილი სადავო ბინაში რეგისტრირებული იყო 1991 წლის 18 აპრილამდე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, 1992 წლის 1 თებერვლის „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ #107 დადგენილების მე-5 პუნქტია. თავად ნორმით განსაზღვრული წინაპირობაა, რომ პრივატიზაციის უფლების მქონე პირი უშუალოდ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის დამქირავებელი და/ან დამქირავებლის ოჯახის წევრი და პრივატიზაციის განხორციელების დროისათვის ჩაწერილი იყოს და ცხოვრობდეს სადავო მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში, ნორმის წინაპირობების სამართლებრივი შეფასებისათვის პალატამ ასევე სწორად იხელმძღვანელა სსრ საბინაო კოდექსის მე-60 მუხლით და ვინაიდან პრივატიზაციის დროისათვის მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა უფლების მქონე პირს, მართებულად უარყო მისი მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთს, რაც მან სათანადო დოკუმენტების წარდგენით ვერ დაადასტურა. ამ კუთხით არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმგვარ მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზი სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ კასატორს არ დაუკარგავს პრივატიზაციისა და შესაბამისად, საკუთრების მოთხოვნის უფლება უძრავ ქონებაზე. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პრივატიზაციის გზით უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-155-146-05, 5 აგვისტო, 2005 წელი; Nას-516-838-05, 14 ნოემბერი, 2005 წელი; Nას-265-594-05, 14 ივნისი, 2005 წელი; Nას-284-610-05, 26 ივლის, 2004 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის საფუძველზე, კასატორის ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი