Facebook Twitter

საქმე №ას-914-880-2016 13 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. და გ. ლ-ები, ნოტარიუსი დ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მარწმუნებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ლ-ის, გ. ლ-ისა და ნოტარიუს დ. გ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე, პირველი მოპასუხე წოდებული, როგორც მყიდველი ან მესაკუთრე, მეორე მოპასუხე _როგორც რწმუნებული ან გამყიდველი) მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხის სახელზე გაცემული, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობისა და პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 21 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელემ მეორე მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც რწმუნებულს მარწმუნებლის სახელით საჯარო რეესტრში უნდა წარედგინა მიწის აზომვითი ნახაზები. მინდობილმა პირმა უფლებამოსილება მიიღო მოტყუებით და იმგვარად, რომ მოსარჩელეს არასოდეს ჰქონია ქონების გასხვისების ნება, მისი კუთვნილი უძრავი ქონება, 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით მიჰყიდა პირველ მოპასუხეს. აღნიშნული გარიგება არის მოჩვენებითი, თვალთმაქცური, დადებულია მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურია.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს, მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელემ მინდობილობის გაცემისას ნოტარიუსთან გამოავლინა ნება, რომლის შესაბამისადაც მოქმედებდა რწმუნებული გარიგების დადებისას, შესაბამისად, როგორც დავალების ხელშეკრულება, ისე _ ნასყიდობა დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, კერძოდ აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით, 2013 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის უარყოფის თაობაზე, ხოლო, 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობა. ამ თვალსაზრისით კასატორი პრეტენზიას აცხადებს შემდეგზე: სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო იმით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იგი იცავდა განსასჯელის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. ამ ფაქტის შესახებ ეცნობა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, არ იქნა გათვალისწინებული იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო პალატამ უფრო ადრე ჩანიშნა სხდომა, ვიდრე საქალაქო სასამართლომ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის ხსენებული პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. საქმის მასალების თანახმად, აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე რამდენჯერმე გაგეგზავნა უწყება მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩაბარდა, საბოლოოდ 2015 წლის 13 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები);

1.2.2. წარმომადგენლობის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით;

1.2.3. იმ საფუძვლით, რომ რწმუნებული მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში დამცველის სტატუსით, სასამართლომ ორჯერ გადადო საქმის განხილვა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებელი აპელანტის წარმომადგენელს 2016 წლის 29 იანვარს აცნობა სატელეფონო შეტყობინების ჩაბარების გზით;

1.2.4. 2016 წლის 23 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი. ამ უკანასკნელმა სხდომის დღეს მიმართა სასამართლოს და აცნობა, რომ კვლავ მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სხვა საქმეშიც წარმოადგენდა მხარის ინტერესებს, ითხოვა ამ ორი საქმის ერთსა და იმავე დროს ჩანიშვნა. განცხადებას ერთვის საქალაქო სასამართლოს უწყება, რომლის თანახმადაც აპელანტის წარმომადგენელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატის სტატუსით მიიწვია 2016 წლის 22 თებერვალს;

1.2.5. 2016 წლის 23 თებერვლის სხდომაზე სასამართლომ აპელანტის/მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა მიიჩნია არასაპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარყო სააპელაციო საჩივარი;

1.2.6. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში აპელანტი მიუთითებს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზე, რაც, მისი მოსაზრებით, უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს რათა არ დარღვეულიყო მხარეთა თანასწორობის პრინციპი;

1.2.7. სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საჩივრის ავტორს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ამასთან, სააპელაციო პალატამ უფრო ადრე აცნობა სხდომის თაობაზე, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ არსებობს მისი გაუქმების სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.3.2. კასატორის პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პროცესუალურ საკითხზე: სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

1.3.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მიუხედავად სასამართლოს მხრიდან სხდომის არაერთხელ გადადებისა და აპელანტის დადგენილი წესით ინფორმირებისა, კვლავ არ გამოცხადდა საჩივრის აღმძვრელი პირი და/ან მისი წარმომადგენელი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

1.3.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, ხსენებულ საკითხს ამავე კოდექსის 241-ე მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს:

_ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

_ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

_ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

_ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;

_ არსებობს საპატიო მიზეზი, რომელიც გამართლებულს ხდის მხარის გამოუცხადებლობას.

1.3.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში გადმოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობა. ამ უკანასკნელ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რამდენადაც, ხსენებული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.3.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რამდენადაც სისხლის სამართლის საქმის განხილვაში აპელანტის წარმომადგენლის მონაწილეობის მიზეზით სამოქალაქო საქმეზე სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, გარდა ამისა, სამოქალაქო საქმეთა პალატის მხრიდან მხარე მართლაც გაცილებით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და ვერც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრით და ვერც საკასაციო საჩივრით ვერ ხსნის იგი, თუ რატომ არ სცადა სისხლის სამართლის საქმის განხილვის გადადება, რატომ მიანიჭა უპირატესობა იმ სხდომას, რომლის შესახებაც უფრო გვიან ეცნობა და რა მიზანს ემსახურებოდა ერთი და იმავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში რამდენჯერმე გამოუცხადებლობა, რაც საკასაციო პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას/განჩინებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული პროცესის ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ამავე სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი