Facebook Twitter

¹ბს-275-261(კს-06) 23 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ნ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

III პირი _ სს «გ.-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ნ.-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ოჯახის დანაზოგი თანხის 2323 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 85).

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13.01. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს «გ.-ი" (იხ. ს.ფ. 85).

რაიონული სასამართლოს 2004 წლის 02.06 გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 2323 ლარის გადახდა გ. ნ.-ის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ.113-115).

რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25.10. განჩინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ზ. ა.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რაიონული სასამართლოს 2004 წლის 02.06 გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 122).

რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25.10 გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2323 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. ს.ფ. 136-131).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 134-135).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 27.01 გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24.10 გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 164-171).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-ის წარმომადგენელმა ქ. ი.-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება (იხ. ს.ფ.174-176).

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ.-ის წარმომადგენლის _ ქ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ. 215-222).

2006 წლის 5 იანვარს გ. ნ.-ის წარმომადგენელმა ი. ლ.-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინების (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება) გაუქმება (იხ.ს.ფ. 230).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის განჩინებით გ. ნ.-ის წარმომადგენლის _ ი. ლ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 და 379-ე მუხლების საფუძველზე განმარტა: საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2004 წლის 16 დეკემბერს, სააპელაციო საჩივართან ერთად მასვე გაეგზავნა სასამართლო უწყება 2004 წლის 30 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოძახების თაობაზე. გზავნილი სასამართლოს უკან არ დაბრუნებია, ხოლო გ. ნ.-ე 2004 წლის 30 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და მას პრეტენზია სააპელაციო საჩივრის მიღებასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მხარეს სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2004 წლის 30 დეკემბრამდე, შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილ იქნა 2006 წლის 5 იანვარს, ანუ სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც იგი დაუშვებლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ი. ლ.-ის მიერ, რომელსაც 2005 წლის 19 მაისის ¹51 ორდერით გააჩნდა მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, რაც არ წარმოადგენდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს, ამასთან, გ. ნ.-ეს 2006 წლის 6 იანვარს სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაცემული რწმუნება არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (იხ.ს.ფ. 238-241).

2006 წლის 27 თებერვალს გ. ნ.-მ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (იხ.ს.ფ. 246-247).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ნ.-ის შუამდგომლობა რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია კერძოO საჩივრად, დატოვებულ იქნა ხარვეზზე (იხ.ს.ფ. 253-255).

2006 წლის 10 აპრილს გ. ნ.-მ ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 იანვრის განჩინების (შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) გაუქმება შემდეგი მოტივით:

გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2004 წლის დეკემბერში, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა სსსკ-ის 379-ე მუხლის ძველი რედაქცია. 2003 წლის 23 ივნისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სსსკ-ის 379-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მიეცა სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან 10 დღის ვადის ათვლა კანონით სააპელაციო საჩივრის გადაცემის მომენტიდან იწყება, ამდენად ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების დრო, ხოლო სააპელაციო საჩივარი მას ჩაჰბარდა 2004 წლის დეკემბერში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მას სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა იმ დროს, როდესაც მოქმედებდა სსსკ-ის 379-ე მუხლის ძველი რედაქცია, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარედგინა საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში.

რაც შეეხებოდა ადვოკატის უფლებამოსილების საკითხს, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მისი სახელით ადვოკატმა წარადგინა, მის ინტერესებს სასამართლოში ორი ადვოკატი იცავდა და ურთიერთშორის შეუთანხმებლობის გამო მოხდა გაუგებრობა. ადვოკატები პროცესზე გამოცხადდენ შესაბამისი რწმუნებულების გარეშე, რაც მათ ფაქტობრივად გააჩნდათ, მაგრამ დოკუმეტების წარდგენა ვერ მოხერხდა სასამართლოში /იხ.ს.ფ. 259-261/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. ნ.-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსსკ-ის 379-ე და 1.2. მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდებოდა საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებდა საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს, რის გამოც უსაფუძვლო იყო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მას აღნიშნული ნორმის ძველი რედაქციის მოქმედების დროისათვის ჩაჰბარდა, მის მიმართ ნორმის გაუქმებული რედაქციით გათვალისწინებული პირობები უნდა ყოფილიყო გამოყენებული /იხ.ს.ფ. 262-267/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის და 2006 წლის 13 იანვრის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393.2. და 394 «ე» მუხლების მოთხოვნები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ნ.-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაეგზავნა 2004 წლის 16 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 138/. სააპელაციო საჩივართან ერთად მასვე გაეგზავნა სასამართლო უწყება 2004 წლის 30 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ, მაგრამ შეტყობინება ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამასთან, საქმის მასალების თანახმად /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/, გ. ნ.-ე 2004 წლის 30 დეკემბრის სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდა და მას სააპელაციო საჩივრის ჩაუბარებლობის თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია, რაც იმის საფუძველია, რომ მხარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2004 წლის 30 დეკემბამდე.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის საფუძველზე /1997 წლის 14 ნოემბრის კანონის რედაქცია/ განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე აღჭრვილი იყო უფლებით, საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარედგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განაცხადა თუ არა მან უარი სააპელაციო საჩივარზე. 2005 წლის 23 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განესაზღვრა კანონისმიერი საპროცესო ვადა _ 10 დღე, რომლის ათვლის მომენტად დადგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს კანონის გამოყენების სფეროს, განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი პრინციპის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, რაც გულისხმობს, საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი მიღების, გამოცემისა და ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ წარმოიშვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება, სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, საპროცესო მოქმედება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით დადგენილი კანონისმიერი ვადა წარმოადგენს პროცესის სუბიექტის _ მოწინააღმდეგე მხარისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვადას, კონკრეტული საპროცესო უფლების - შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის _ რეალიზაციისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადისა, რომლის გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საპროცესო კოდექსით დადგენილი კანონისმიერი ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ სამართალწარმოების ყოველი მხარე თავად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო უფლების რეალიზაციის საკითხს. კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილი იყო აღეძრა შეგებებული სააპელაციო საჩივარი 2004 წლის 30 დეკემბრამდე /სსსკ-ის 379-ე მუხლის თავდაპირველი რედაქციის მოქმედების დროს/ სააპელაციო სასამართლოში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა რა კანონისმიერი ვადა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის, ხოლო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს იმ საპროცესო კოდექსის იმ ნორმის გამოყენების ვალდებულებას, რომელიც მოქმედებდა კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს, მხარემ _ გ. ნ.-მ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარადგინა რა 2006 წლის 5 იანვარს, სსსკ-ის 379-ე მუხლის ახალი რედაქციის მოქმედების პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ნ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, კანონისმიერ ვადაში წარუდგენლობის _ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული საქმე გ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 225, უზენაესი სასამართლოს მიმართვა/, გ. ნ.-ის მიერ საპროცესო უფლება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გამოყენებულ იქნა 2006 წლის 5 იანვარს, ანუ, სსსკ-ის 379-ე მუხლის განახლებული რედაქციის მოქმედების პირობებში, საკანონმდებლო ცვლილების შეტანიდან 7 თვის შემდეგ. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ შეტანილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმის დაბრუნებიდან 2 თვის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე თავის საპროცესო უფლებას /შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა/ რეალიზაციას გაუკეთებდა საქმის დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიიჩნეოდა კანონისმერ დადგენილ საპროცესო ვადაში წარდგენილად, /რამდენადაც კანონის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან 2005 წლის 7 ნოემბრამდე საქმე იმყოფებოდა საკასაციო სასამართლოში, სადაც იგი შეგებებულ აპელაციას ვერ წარადგენდა/ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, გ. ნ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად, კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს კანონისმიერი საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველს, შესაბამისად, მოსარჩელე აღარ არის უფლებამოსილი, მოთხოვნა შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით აღძრას პირვანდელ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად, კანონისმიერი ვადის გაშვების გამო. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 390-ე, 399-ე, 408.3. 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის და 2006 წლის 13 იანვრის განჩინებები;

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.