საქმე №ას-1073-1012-2015 13 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. ქ-ე, ნ. ჭ-ე, ვ. ქ-ე, ლ. მ-ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ დ. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...“ თავმჯდომარე ლ. ქ-ის, დ. ა-ის, ლ. ქ-ის, ვ. ქ-ის, ლ. მ-ისა და ნ. ჭ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, პირველი, მე-3-მე-6 მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც კასატორი, ხოლო, მეორე მოპასუხე, როგორც თავდაპირველი თანამოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2013 წლის 15 ივლისის დამფუძნებელთა საერთო კრების #1 ოქმის; 2013 წლის 31 ივლისის #4 საერთო კრების ოქმის (რომლითაც დადასტურებული იქნა ამხანაგობის წევრ ნ. ჭ-ის მიერ 49,70 კვმ ფართის სხვენის ფლობის ფაქტი); 2014 წლის 11 თებერვლის საერთო კრების ოქმის (რომლითაც დადასტურებული იქნა ამხანაგობის წევრ ლ.l მ-ის მიერ 18,20 კვ.მ ფართის სხვენის ფლობის ფაქტი); მესამე და მეექვსე მოპასუხეს შორის 2013 წლის 27 დეკემბერს დადებული 49,70 კვმ სხვენის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მესამე და მეოთხე მოპასუხეს შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დაბადებიდან ცხოვრობს ქ. .., ბარათაშვილის ქ#...-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე. მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისაგან მალულად შეუქმნიათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, აურჩევიათ თავმჯდომარე, რომელიც სადავო კრების ოქმების საფუძველზე გადასცემს ამხანაგობის კუთვნილ ფართს საკუთრებაში მათ მიერ შექმნილი ამხანაგობის წევრებზე, ამასთანავე, უფლებამოპოვებული ამხანაგობის წევრებმა თვალთმაქცურად, საკუთარ ოჯახის წევრებზე გაასხვისეს ამხანაგობის ყალბი კრების ოქმის საფუძველზე მოპოვებული ქონება. სარჩელის თანახმად, გარიგებათა ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელეს მიეცემა უფლება, მიმართოს ამხანაგობას სადავო ფართების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შექმნილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის შესახებაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. ქონება, რომელზე მფლობელობის უფლებაც ამხანაგობამ სადავო კრების ოქმით დაადასტურა, არასოდეს ყოფილა მოსარჩელის სარგებლობაში, შესაბამისად, განკარგვა მოხდა კანონიერად. ამდენად, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2013 წლის 15 ივლისის დამფუძნებელთა საერთო კრების #1 ოქმი; 2013 წლის 31 ივლისის #4 საერთო კრების ოქმი (რომლითაც დადასტურებული იქნა ამხანაგობის წევრ ნ. ჭ-ის მიერ 49,70 კვმ ფართის სხვენის ფლობის ფაქტი); 2014 წლის 11 თებერვლის საერთო კრების ოქმი (რომლითაც დადასტურებული იქნა ამხანაგობის წევრ ლ. მ-ის მიერ 18,20 კვმ ფართის სხვენის ფლობის ფაქტი); მესამე და მეექვსე მოპასუხეს შორის 2013 წლის 27 დეკემბერს დადებული 49,70 კვ.მ სხვენის ნასყიდობის ხელშეკრულება და მესამე და მეოთხე მოპასუხეს შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, მ. ა-ის სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე გამოვლენილი ნების _ მრავალმხრივი გარიგების კანონთან შესაბამისობას, ასევე, ამ მრავალმხრივი ნების საფუძველზე ამხანაგობის წევრთა მიერ მოპოვებული უფლების შემდგომ განკარგვას (ერთ შემთხვევაში უძრავი ქონების გაყიდვას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადაცემას _ ჩუქებას) შეეხება. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე _ მისი შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს, საკუთრებაში მიიღოს სადავო უძრავი ქონება, რომელიც არსებული მდგომარეობით სხვა პირთა საკუთრებადაა რეგისტრირებული და იგი არ ეთანხმება ამ რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. უდავოა, რომ უძრავი ნივთი, რომელზე პრეტენზიასაც მხარე აცხადებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კნონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების საგნის ცნებას (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ)) და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. მართალია, კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სარდაფის ამხანაგობის წევრის საკუთრებაში გადაცემის საკითხის გადაწყვეტა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება ამ წესით უკვე განკარგულია და მხარე ამ განკარგვას სწორედ იმ საფუძვლით არ ედავება, რომ რეგისტრირებულ მესაკუთრესთან შედარებით საკუთრების უკეთესი უფლება გააჩნია, მან სასამართლოს არა რეგისტრირებული საკუთრების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის, არამედ სადავო ქონების მიკუთვნების მოთხოვნით უნდა მიმართოს, რომლის მტკიცების საგანს და არა სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ამხანაგობის წევრის დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო საშუალება, განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი არ არის, ამასთანავე, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, დგინდება, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.4. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით, მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ დავაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დასაბუთება:
2.1. აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 22 აპრილის, 2014 წლის 15 ოქტომბრისა და 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით მერაბ ანანიძის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 აპრილის, 2014 წლის 15 ოქტომბრისა და 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%-70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ის, ნ. ჭ-ის, ვ. ქ-ის, ლ. მ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და მ. ა-ის სარჩელი ლ. ქ-ის, დ. ა-ის, ნ. ჭ-ის, ვ. ქ-ის, ლ. მ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...“ მიმართ, ამხანაგობის კრების ოქმების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის, 2014 წლის 15 ოქტომბრისა და 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებითაც ყადაღა დაედო ლ. ქ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. .., ბარათაშვილის ქუჩა #... ქ. ..., ჭავჭავაძის ქუჩა #.--.-.- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.22.55.007....), ლ. მ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ..., ბარათაშვილის ქუჩა #... ქ. ..., ჭავჭავაძის ქუჩა #... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.22.55.007...), ვ. ქ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ..., ბარათაშვილის ქუჩა #... ქ. ..., ჭავჭავაძის ქუჩა #.., 49.70 კვ.მ სხვენი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.22.55.007....), ასევე, ლ. მ-ესა და ვ. ქ-ეს აეკრძალათ სადავო სხვენზე (მდებარე ქ. ..., ბარათაშვილის ქუჩა #... ქ. ..., ჭავჭავაძის ქუჩა #32, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.22.55....და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.22.55.007.....) ყოველგვარი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება.
4. ლ. ქ-ეს (პ/#6100402...), ნ. ჭ-ესა (პ/#6100300....) და ვ. ქ-ეს (პ/#6100107...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ პ. შ-ის მიერ ლ. ქ-ის სახელით 26.11.2015წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 791,40 ლარის 70% _ 3 353,98 ლარი.
5. ლ. მ-ეს (პ/#610040...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ. შ-ის მიერ ლ. მ-ის სახელით 26.11.2015წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 945 ლარის 70% _ 661,5 ლარი
6. ბმა „ბ...“ (ბინათმესაკუთრებთა მხანაგობის წევრებს: ლ. ქ-ეს (პ/#610040...), ნ. ჭ-ეს (პ/#610030...), ვ. ქ-ესა (პ/#61001...) და ლ. მ-ეს (პ/#61004007...)) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ. შ-ის მიერ 26.11.2015წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 791,40 ლარის 70% _ 3 353,98 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი