Facebook Twitter

საქმე №ას-1802-2018 26 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. ტ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დაზარალებული ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მიყენებული ზიანის _ 76 670 ლარისა და პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... გააჩნია საცხოვრებელი სახლი. ამავე სოფელში მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას. მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად სახლსა და ავტოფარეხზე გაჩნდა სხვადასხვა ზომის ბზარები, მთლიანად დასკდა კედელი, რომელსაც ეჭირა სახლის წინ გამავალი საავტომობილო გზა და იყო გზის ჩამოვარდნის საშიშროებაც. მოსარჩელის მიერ გამაგრებითი სამუშაოების წარმოების მიუხედავად, სიტუაციის სრულად გამოსწორება ვერ მოხერხდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად პირველი ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ _ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები. თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებს, მაშინ შენობაზე ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები, ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში, წარმოიქმნება დეტალური კვლევის აუცილებლობა. რაც შეეხება დამხმარე ნაგებობის ტექნიკურ მდგომარეობას, იგი არადამაკმაყოფილებელია. ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დამხმარე ნაგებობაზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა. ასეთი ხარისხით დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია რღვევითი დეფორმაციების განვითარება. შპს „თ.“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ორსართულიან სახლზე, დამხმარე შენობასა და სხვა ნაგებობებზე, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 76 670 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია სოფელ ... ტერიტორიაზე მართლაც აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, მაგრამ არა აფეთქებით. გვირაბის გასაჭრელად მაგარ ქანებში ზოგჯერ გამოიყენებოდა ასაფეთქებელი მასალა, თუმცა, ნორმის ფარგლებში და მას არ შეეძლო, ზიანი მიეყენებინა მოსარჩელის ქონებისათვის. იმ ფაქტს, რომ ზიანი კომპანიის ქმედების შედეგი არაა, ადასტურებს აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე.“ 2017 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნა. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი არსად არ მიუთითებს, რომ ჩინური კომპანია მშენებლობას ახორციელებდა აფეთქების გზით, არამედ, ეყრდნობა დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აფეთქებითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. დასკვნა არ არის კატეგორიული, მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ექსპერტს არ დაუდგენია, თუ რა მანძილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრეზე. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქვიშხეთზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ს. რ.“ დაკვეთით აწარმოა კომპანია „ე.“, იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და აფეთქებები წარმოებდა თუ არა დასაშვებ ნორმებში, კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს. „ე.“ კვლევა ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს მოსარჩელის საკუთრების დაზიანებასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარებამდე მან გარკვეული აღგდენითი სამუშაოები აწარმოა, თუმცა, რაიმე დოკუმენტაცია სამუშაოთა ღირებულებებისა და შეძენილი მასალების შესახებ კრედიტორს არ წარმოუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24 886 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. ხაშურის რაიონის სოფელ ... მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რა დროსაც გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები;

1.2.2. დაზარალებულის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში;

1.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის დასკვნის მიხედვით, „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე დ. ტ-ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად პირველი ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები. თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებს, მაშინ შენობაზე ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები, ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში წარმოიქმნება დეტალური კვლევის აუცილებლობა“;

1.2.4. ამავე დასკვნის თანახმად, „ხაშურის რაიონის სოფელ ... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი დამხმარე ნაგებობის - ავტოფარეხის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დამხმარე ნაგებობაზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და აუცილებელია, აღდგენა გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში, მოსალოდნელია რღვევითი დეფორმაციების განვითარება“;

1.2.5. შპს „თ.“ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახლზე, დამხმარე შენობასა და სხვა ნაგებობებზე, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 76 670 ლარი;

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის გენერალურ დათქმას შეიცავს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანის დადგომა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებლით ედავება მოთხოვნის წინაპირობების არსებობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, სწორად მიანიჭა პრიორიტეტი სარჩელზე დართულ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილ ზოგადი ხასიათის გამოკვლევასთან შედარებით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც ზიანის ოდენობასთან მიმართებით წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნია ზიანის ოდენობა ვალდებული პირის პასუხისმგებლობის ადეკვატურად, ამ დასკვნას კრედიტორი არ ხდის სადავოდ, ხოლო მოვალეს, როგორც ზიანის მიმყენებელს, არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს გააქარწყლებდა დაკისრებული თანხის ოდენობის თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „...“ მიერ 20.08.2018წ. #259 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1 244,30 ლარის 70% _ 871,01 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „...“ (საწარმოს ლიცენზიის #5101090000...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „...“ მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/კ #40438...) მიერ 20.08.2018წ. #259 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1 244,30 ლარის 70% _ 871,01 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი