საქმე №ას-890-2019 22 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ჯ.“ სარჩელის გამო, ლ. ა-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელწმიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელწმიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხოლო, ამავე პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ. ა-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
2019 წლის 19 ივლისს, სასმართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ა-მა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ აქვს ჩაბარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის დასაბუთებული განჩინება რადგან სააპელაციო სასამართლოს არ აქვს მომზადებული, რის გამოც ვერ ახერხებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ შუამდგომლობას, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში განთავსებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება, ამასთან საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლომ, ლ. ა-ს მისი განცხადების საფუძველზე გაუგზავნა დასაბუთებული განჩნება და 2019 წლის 20 მაისს ჩაბარდა პირადად (ტ.2, ს.ფ.125-128). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ა-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორ ლ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს გოგიტა აფციაურის მიერ 2019 წლის 1 ივლისს #8127935010 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ლ. ა-ს (პირადი #010120...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ა-ის მიერ 2019 წლის 1 ივლისის #8127935010 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე