საქმე №ას-1039-2019 22 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –შპს "ა." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "რ.ფ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმარტების გაკეთება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება, რომლითაც შპს "რ.ფ–ს" აეკრძალა შპს "ა–თვის" სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. რუსთავში, .....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს "ა–ის" საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და უცვლელელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამარტლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით შპს "ა–ის" განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შპს "ა–მა" კერძო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განჩინებაზე და განმარტების გაკეთება მოითხოვა
2019 წლის 18 ივლისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს შპს "ა–ის" დირექტორმა და მის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს "ა–ის" განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შპს "ა–ის" კერძო საჩივარი 2019 წლის 10 ივლისს შემოვიდა;
2019 წლის 18 ივლისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს შპს "ა–ის" დირექტორმა და მის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ა–ის" კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის არსებითად განხილვამდე კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ა–ის" შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შპს "ა–ის" კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე შპს "ა–ის" სარჩელის გამო, შპს "რ.ფ–ის" მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;
3. შპს "ა–ს" (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300063150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი.კ–ის (პ/ნ ....) მიერ 2019 წლის 14 ივნისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი