საქმე №ას-875-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი, ნ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ჯ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ისა და ნინო ბეგიაშვილის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 54 895 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა 1500 აშშ დოლარის ფარგლებში. მოპასუხემ მხარემ ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეასრულა და დაუგროვდა გადაუხდელი დავალიანება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ, მართალია, მოსარჩელისაგან ისესხეს 1500 აშშ დოლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა თავისი სარგებლით დაუბრუნეს. ამდენად, მოსარჩელეს არანაირი ვალი არ გააჩნიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხანდაზმულობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 46-ე მუხლი შეიცავს იმ პირების ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2591 მუხლისა და ამ კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ, შესაბამისად, კანონის საფუძველზე მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ჩაბარებიდან.
8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 2018 წლის 5 დეკემბერს (ტ. 2, ს.ფ 75). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 6 დეკემბრის და ამოიწურა 19 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შესულია ფოსტით, საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდის თანახმად, გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 20 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
9. 2018 წლის 21 დეკემებერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე (ტ.2, ს.ფ 76). განმცხადებელმა მიუთითა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბერის გადაწყვეტილება ჩაბარდა 5 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 19 დეკემბერი. სსსკ-ის 65-ე და 215-ე მუხლებზე მითითებით, განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის აღდგენა. განმცხადებლის განმარტებით, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ და სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამძიმებული.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებობს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით დადგენილი ვადა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა. ამასთან, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განსაზღვრავს ვადას, თუ არ არსებობს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით დადგენილი ვადა. სსსკ-ის 65-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
11. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მოითხოვა სწორედ კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენა, რაც დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. ამდენად, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოს გაუგზავნა საპროცესო ვადის დარღვევით, 2018 წლის 20 დეკემბერს, რაც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. აღნიშნულის გამო, მხარემ სააპელაციო საჩივარს დაურთო განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ. ავადმყოფობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია უვადოდ გაცემული დოკუმენტები, თუმცა აპელანტმა განმარტა, რომ ახალი ცნობითაც შეძლებდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურებას, რომლებიც დაურთო საქმეს.
15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსსკ-ის 65- და 215-ე მუხლების საფუძველზე მისი მოთხოვნის გაუზიარებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის მე-7 მუხლით და ანალოგიის წესით გამოეყენებინა 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე მის მიერ სადავო საპროცესო მოქმედება ვერ განხორციელდა დაუძლეველი ძალის (ავადმყოფობის) გამო.
16. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლი მესამე ნაწილის განსაზღვრავს სასამართლოს მიერ დავის განხილვის კანონისმიერ ვადას – 2 თვეს. მოცემულ, სამართლებრივად მარტივ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული ვადა ჯერ 5 თვემდე გააგრძელა და შემდეგ რამდენიმე თვით გადააცილა დავის გადაწყვეტა. ასევე დაირღვა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადა. შესაბამისად, თუ სასამართლოსათვის დასაშვებია კანონით დადგენილი ვადის დარღვევა, მხარის მიერ საპატიო მიზეზით სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა სასამართლოს დასაშვებად უნდა ეცნო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის აღდგენა.
19. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას აწესებს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
20. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი წარმოადგენდა სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, შესაბამისად, მის მიმართ გასაჩივრების ვადის ათვლა სააპელაციო პალატამ მართებულად დაიწყო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ მას გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2018 წლის 5 დეკემბერს.
22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2018 წლის 6 დეკემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 19 დეკემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 20 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი არ გამოიყენება (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები), რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (იხ. სუსგ 2412.2018წ. საქმე №ას-1014-2018).
25. სსსკ-ის 65-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. (იხ. სუსგ 18.10.2016წ. საქმე № ას-790-757-2016; 29.05.2015წ. საქმე №ას-221-208-2015, 16.11.2018წ. საქმე № ას-1685-2018).
26. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას ვერ გამოიწვევს კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია კანონით დადგენილი ვადები და შელახა მოსარჩელის უფლებები.
27. ასევე, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული მხარის პრეტენზია საპროცესო ანალოგიის წესით სადავო საპროცესო ვადის აღსადგენად, სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-7 მუხლი ითვალისწინებს ანალოგიის წესით სხვა ნორმატიული დანაწესის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას არ შეიცავს.
29. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის შეტანის წესი მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ზედმიწევნითაა რეგლამენტირებული. სსსკ-ის 369-ე მუხლი კი ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის დარღვევის უპირობო შედეგს – სააპელაციო პრეტენზიის განუხილველად დატოვებას.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე