Facebook Twitter

საქმე №ას-904-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ნ., თ. და ლ. ბ-ების კანონიერი წარმომადგენელი – მ. ქ-ი (მოპასუხე)

2. მ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ქ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის (შემდგომ – კასატორი მოპასუხე), ნ., თ. და ლ. ბ-ების (შემდგომ – კასატორი მოპასუხეები) კანონიერი წარმომადგენლის – მ. ქ-ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელ მოპასუხეს გააჩნდა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება მის მიმართ, რომელიც მან არ შეასრულა. კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით.

3. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 16 ივნისს გაცემული განკარგულების საფუძველზე და 2014 წლის 23 ივნისის შემდეგ მოსარჩელე მისი მესაკუთრეა. მოპასუხეები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ცხოვრობენ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, რითაც ხელს უშლიან მისი საკუთრების უფლების ობიექტის ფლობასა და სარგებლობაში.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, ცხოვრობენ მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელე, თანამზრახველებთან ერთად, შეეცადა ქონების წართმევას. მოპასუხე მხარე იმყოფება უკიდურესად მძიმე ვითარებაში და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღკვეთილ იქნა მოპასუხეების მიერ მოსარჩელის საკუთრების უკანონო ხელშეშლა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 16 ივნისის განკარგულების საფუძველზე 2014 წლის 23 ივნისის შემდეგ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე.

8. 2014 წლის ივლისში მსესხებელმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სამი პირის, მათ შორის, მოსარჩელის მიმართაც თელავის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე როგორც პირველ, ისე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოპასუხეები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელებიც პირდაპირ იწვევდა ნასყიდობის შესახებ დადებული გარიგების ბათილობას, რამდენადაც ხსენებული საკითხები სხვა დავის ფარგლებში განსახილველ გარემოებებს წარმოადგენდა და ასეც რომ ყოფილიყო, მათზე თელავის რაიონული სასამართლო 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან ხსენებული მოთხოვნით აპელანტთა მიერ უკვე აღძრული იყო სარჩელი 2014 წლის ივლისში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილა და დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.

11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

12. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნინო ქათიბაშვილი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. ამავდროულად, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

14. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი სხვა დავის საგნის ფარგლებში სასამართლოს მიერ უკვე განხილულ ფაქტობრივ გარემოებებზე, არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის თხოვს აპელანტთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

16. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნინო ქათიბაშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და აპელანტთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილიყო სადავო უძრავი ქონება.

17. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატამ განმარტა, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეთა კანონიერმა წარმომადგენელმა – მსესხებელმა მოპასუხემ, ასევე კასატორმა მოპასუხემ შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსის ხელშეწყობით გააფორმა უკანონო გარიგება, რაც ემსახურებოდა მოპასუხეთა მოტყუების მიზანს. კასატორები წარმოადგენენ ქონების მართლზომიერ მფლობელებს, ამას ადასტურებს მრავალი ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ მომხდარა დაუყოვნებლივ იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რამაც გამოიწვია მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების ნასყიდობასთან ერთად ოჯახის სახელზე აღრიცხული ქონების დატვირთვა იპოთეკით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იპოთეკის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ამასთან აუცილებელია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წერილობით, სანოტარო წესით დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნოს გააჩნია ნივთს რაიმე სახის ნაკლი ანდა სამართლებრივი შეზღუდვა თუ არა. მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსმა არ მიუთითა იპოთეკის არსებობის შესახებ, რაც წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა მოშლილოყო.

20. კასატორებმა მიუთითეს სსკ-ის 286-ე, 289-ე მუხლებზე და მიიჩნიეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად აუცილებელი იყო იპოთეკის რეგისტრაცია, თუმცა არც ნოტარიუსის და არც მხარეთა მხრიდან არ იქნა დაცული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, რამაც გამოიწვია გარიგების კანონთან შეუსაბამობა. სამართლიან და შეჯიბრებით პირობებში სასამართლოს უნდა მიეღო სრულებით სხვაგვარი გადაწყვეტილება.

21. სსკ-ის 81-83-ე მუხლები განსაზღვრავენ მოტყუებით დადებული გარიგების ცნებებს. დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელემ და სხვა პირებმა მოტყუებით გააფორმეს გარიგება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ. სამოქალაქო გარიგებები დაიდო 2013 წლის 18 სექტემბერს. ცალკეული მოქმედებების გავლის შედეგად კასატორების ოჯახს უნდა შენარჩუნებოდა ქონება, ტყუილი დაპირებებით ისინი აღმოჩნდნენ სამართლებრივ ჩიხში.

22. კასატორებმა განმარტეს, რომ სადავო უძრავი ქონება ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით, რადგან იგი კასატორების სახელზე არ ირიცხებოდა.

23. აღსანიშნავია, რომ ჯერ დაიდო 2013 წლის 18 სექტემბრის №13097900 იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო შემდეგ გაფორმდა №130979886 ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა ნუმერაციიდანვე ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას წინ უსწრებს იპოთეკის ხელშეკრულება არარსებულ უძრავ ნივთზე. უფრო სწორად კი ეს უძრავი ნივთი მოტყუებით ჯერ დატვირთეს იპოთეკით 2013 წლის 18 სექტემბერს, ხოლო ამ ვალდებულებიდან გაასხვისეს კასატორებზე. კასატორთათვის არ ყოფილა ცნობილი და ნოტარიუსის მიერ შედგენილ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი დატვირთული იყო იპოთეკით.

24. რაიონულმა სასამართლომ არ შეაფასა ის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც პირდაპირ იწვევს ნასყიდობის შესახებ დადებული გარიგების ბათილობას. იგივე პოზიცია გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ დაფიქსირდა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც რამოდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა იმავე ნოტარიუსთან, ასევე არ იქნა აღრიცხული იპოთეკის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

25. სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩანიშნა, არ მოისმინა მოპასუხეთა სამართლებრივი მოთხოვნები, დასაბუთება და არგუმენტაცია, ასევე, არ იხელმძღვანელა იმ ფაქტობრივი გარემოებებითა და კანონის მოთხოვნებით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს მოცემულ საკასაციო საჩივრებში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

29. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 16 ივნისის განკარგულების თანახმად, 2014 წლის 23 ივნისის შემდეგ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე.

30. 2014 წლის ივლისში მსესხებელმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სამი პირის, მათ შორის, მოსარჩელის მიმართაც თელავის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე როგორც პირველ, ისე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

31. მოპასუხეები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

37. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

39. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

40. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

41. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

42. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერ. კასატორს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

43. რაც შეეხება სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერებას, აღნიშნული საკითხი მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს სხვა სამოქალაქო საქმეზე სარჩელის წარდგენის გზით, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში არცერთი ინსტანციის სასამართლო ხელახლა ვერ შეაფასებდა მითითებულს საკითხს, რადგან უკვე არსებობს მოცემულ საქმეზე იდენტურ მხარეთა შორის იმავე საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

44. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორების მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და არ მოისმინა მოპასუხეთა სამართლებრივი მოსაზრებები.

45. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

46. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ., თ. და ლ. ბ-ების კანონიერი წარმომადგენლის – მ. ქ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური