საქმე №ას-161-2019 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო.ყ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დაზარალებული ან მოიჯარე) და ბ.დ–ძეს (შემდეგში: მეიჯარე) შორის, 2010 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანის მიზნით, გორის რაიონის სოფელ ..... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა (იხ.ტ. 1, ს.ფ 16-18).
2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ამერიკული ჯიშის ხორბალი სახელწოდებით - ,,ჯაგერი“ დათესა (იხ.ტ. 2, ს.ფ. 64).
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს ,,მ–ი “ (შემდეგში: მოპასუხის სამართალმამკვიდრებელი, კომპანია), 2011 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თურქულ კომპანიასთან ერთად, ბოსტნეულის კულტურების წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვის პროექტს ახორციელებდა. სამუშაოების შედეგად, მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხორბლის ნათესის ნაწილი დაზიანდა (იხ.ტ. 2, ს.ფ. 64-65).
4. მოსარჩელეს, კომპანიის 2011 წლის 11 მაისის №130 წერილით ეცნობა, რომ სპეციალური კომისია მასთან ერთად, დამუშავებულ ფართობზე ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას დაითვლიდა და ამის მიხედვით, მოსარჩელეს ან ხორბალს, ან მის საფასურს საბაზრო ღირებულებით აუნაზღაურებდა. ამავე წერილით, კომპანიამ მოსარჩელეს მეიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა მოსთხოვა (ტ. 1, ს.ფ. 20).
5. მოსარჩელესა და კომპანიას შორის, 2011 წლის 29 ივლისს მიწის ფართობის გადაცემის შესახებ აქტი შედგა, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის გადაცემულმა მიწის ფართობმა 16,4 ჰა შეადგინა (ტ. 1, ს.ფ. 19).
6. მოსარჩელემ, 2011 წლის 16 დეკემბერს და 2012 წლის 4 ივლისს წერილობით მიმართა კომპანიის დირექტორს, ხოლო 2012 წლის 12 ნოემბერს - სამინისტროს და 2011 წლის 11 მაისის წერილით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ხორბლის საკომპენსაციო რაოდენობის ანაზღაურება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის მიხედვით მოითხოვა, რაც, მოსარჩელის მითითებით, სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მის მოადგილესთან სიტყვიერად იყო შეთანხმებული (ტ. 1, ს.ფ. 21-23).
7. მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 16.4 ჰა მიწის ნაკვეთიდან, ხორბლის დათესვის შედეგად, 2011 წლის მისაღები შემოსავალი - 17 482 ლარია (ტ. 1, ს.ფ. 75-83).
8. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის, 2015 წლის 5 თებერვლისა და იმავე წლის 23 ივლისის განჩინებებით, უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელების წარმოებაში მიღებაზე (ტ. 2, ს.ფ. 66).
9. კომპანიის უფლებამონაცვლეს შპს „ს.მ–ია“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) წარმოადგენს (ტ. 1, ს.ფ. 26-28).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1 მოსარჩელემ 2016 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის დელიქტით მიყენებული ზიანის - 17482 ლარის დაკისრება მოითხოვა (იხ. სასარჩელო მოთხოვნა ტ.1, ს.ფ. 126).
10.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მან მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირობა შეასრულა - ამ უკანასკნელს წარუდგინა მოთხოვნილი იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კანონიერად ფლობდა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე-130-ე, 138-ე, 144-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 1008-ე მუხლებით;
12.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2011 წლის 17 დეკემბრიდან დაიწყო და სამი წლის თავზე, ანუ - 2014 წლის 17 დეკემბერს ამოიწურა, ხოლო ამ უკანასკნელმა პირველად 2014 წლის 23 დეკემბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს.
12.4 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის (შემდეგში: სამინისტრო) მიმართვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა, რადგან ამისათვის აუცილებელი იყო მხარის მიერ არჩეული საშუალება, ვარგისი ყოფილიყო შესაბამისი შედეგის მისაღწევად.
12.5 საქალაქო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტა, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო 2016 წლის 12 სექტემბერს, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (დაზარალებულმა), მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
14.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
14.1.2 აპელანტის სარჩელი დაკმაყოფილდა.
14.1.3 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17482 ლარის გადახდა დაეკისრა.
14.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
14.3 სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 128-ე, 130-ე 144-ე მუხლებზე და, ამავე კოდექსის 1008-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის შესახებ.
14.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 138-140-ე მუხლებზეც, რომლებიც ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებსა და ვადებს.
14.5 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
14.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა რომ მოსარჩელემ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, როგორც უშუალოდ კომპანიას, ისე - უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს - სამინისტროს, მისთვის ხორბლის საკომპენსაციო რაოდენობა საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის მიხედვით, ან მისი საფასური - საბაზრო ღირებულებით აენაზღაურებინა, რაც, სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
14.7 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად 2012 წლის 4 ივლისს წერილობით მიმართა კომპანიის დირექტორს, ხოლო შემდეგ - 2012 წლის 12 ნოემბერს - სამინისტროს.
14.8 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, სამინისტროსთვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა, ვინაიდან მითითებული ორგანო არ იყო კომპეტენტური და, შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსათვის მიმართვის გზით შეუძლებელი იყო.
14.9 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ კომპანია სახელმწიფომ (სამინისტრომ) დააფუძნა. ამასთან, ზიანი კომპანიის დელიქტურმა მოქმედებამ გამოიწვია. ამ პირობებში საზოგადოების დამფუძნებელი სახელმწიფო ორგანოსთვის სადავო მოთხოვნის განხორციელების მიზნით მიმართვა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს.
14.10 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ დასკვნას განამტკიცებს საქმეში წარდგენილი მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის შუამდგომლობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 108), რომლის თანახმად, კომპანია 2011 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე, გორის რეგიონში თურქულ კომპანიასთან ერთად ბოსტნეულის კულტურების წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვის პროექტს ახორციელებდა, რომელშიც ჩართული იყო სამინისტროც. პროექტში მონაწილე ხელმძღვანელი პირების განმარტებით, პროექტის დამთავრების შემდგომ, სამინისტროს, სს ,,სოფლის მეურნეობის კორპორაციისა’’ და გორის მუნიციპალიტეტის უშუალო მონაწილეობით, მიწის მფლობელებს ამ პროექტისათვის გამოყენებულ მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების შესაბამისი რაოდენობა აუნაზღაურდათ.
14.11 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 141-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 2012 წლის 12 ნოემბერს შეწყდა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის თავიდან დაწყების თარიღად მიჩნეულ უნდა ყოფილიყო 2012 წლის 13 ნოემბერი, ხოლო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ამოწურვის დღედ - 2015 წლის 13 ნოემბერი.
14.12 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის სარჩელი წარდგენილია 2016 წლის 8 სექტემბერს სასამართლოში, ბოლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში.
14.13 სააპელაციო სასამართლო მიუთითა სსკ-ის 140-ე მუხლზე და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში და ამ საფუძვლით სარჩელის უარყოფა დაუსაბუთებელია.
14.14 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, როგორც ზიანის ბრალეულად მიყენების ფაქტს, ასევე - მის ოდენობას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ პირობებში განხორციელებულად უნდა მიჩნეულიყო სსკ-ის 992-ე მუხლის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ელემენტი.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სარჩელის უარყოფა.
15.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად არ შეაფასა, რითაც მხარეთა საპროცესო უფლებები დაირღვა.
15.3 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
15.4 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე კერძო სამართლის სუბიექტია და სამინისტროს კუთვნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ წარმოადგენს.
15.5 კასატორის განმარტებით, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოა, სამინისტრო კი - პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანია შეიქმნა.
15.6 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ სამინისტროსათვის მიწერილი წერილი ვერ ჩაითვლება მოპასუხისათვის მიწერილ წერილად. კომპანიას ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გენერალური დირექტორი, რომელიც წესდებისა და მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოპასუხე კომპანიას მართავს.
15.7 კასატორის მტკიცებით, სამინისტროსათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული დაწესებულება კომპეტენტური იყოს და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა მისთვის მიმართვის გზით წესრიგდებოდეს. კასატორის განმარტებით, სამინისტროსათვის მიმართვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი ვერ იქნება.
15.8 კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ თავდაპირველად სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოებაში არ იქნა მიღებული. ხანდაზმულობის ვადის დენას კი, უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
23. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
24. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე'' (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17წ.) - (იხ. სუსგ #ას-68-68-2018, 03.04.2018წ.).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ ბოსტნეულის კულტურების წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვის დროს წარმოებული სამუშაოების შედეგად, მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხორბლის ნათესის ნაწილის დაზიანებით (სსკ-ის 408.1-ე, 409-ე, 992-ე, მუხლები), სახეზეა დელიქტური ვალდებულება, რომლის მოთხოვნა სსკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტის შეტყობიდან 3-წლიან ხანდაზმულობას ექვემდებარება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა 2011 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, დაზარალებულმა კი, სარჩელი 2016 წლის 8 სექტემბერს წარადგინა სასამართლოში.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის უარყოფას ეხება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავი (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების) - ხანდაზმულობის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
28. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 138-ე მუხლზე მითითებით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება“, განმარტავს, რომ „მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია“ (იხ. სუსგ ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ.).
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ, 2011 წლის 16 დეკემბერსა და 2012 წლის 4 ივლისს წერილობით მიმართა კომპანიის დირექტორს, ხოლო 2012 წლის 12 ნოემბერს - სამინისტროს და 2011 წლის 11 მაისის წერილით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ხორბლის საკომპენსაციო რაოდენობის ანაზღაურება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის მიხედვით მოითხოვა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ სამინისტროსათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას ვერ გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო, რომელიც ასევე სახელმწიფოს მიერ დაარსებულ კომპანიას (მოპასუხეს) შეერწყა. სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობასაც, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ ბოსტნეულის კულტურების წვეთოვანის მორწყვის სისტემების დანერგვის პროექტში სამინისტროც ჩართული იყო. პროექტში მონაწილე ხელმძღვანელი პირების განმარტებით, მიწის მფლობელებს, პროექტის დამთავრების შემდეგ, სამინისტროს, სს ,,სოფლის მეურნეობის კორპორაციისა“ და გორის მუნიციპალიტეტის უშუალო მონაწილეობით, ამ პროექტისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების შესაბამისი რაოდენობა აუნაზღაურდებათ.
31. ზემოაღნიშნულიდან ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება სამინისტროსათვის მიმართვის გზით შესაძლებელი იყო და სამინისტროს მიმართ მოსარჩელის 2012 წლის 12 ნოემბრის წერილობითი მიმართვით, სსკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სამინისტროს 2012 წლის 12 ნოემბერს მიმართა, ხანდაზმულობის ვადის თავიდან დაწყების თარიღი - 2012 წლის 13 ნოემბერია (სსკ-ის 141-ე მუხლი).
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრისა და 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ სადავო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელების წარმოებაში მიღებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 23 ივლისს წარდგენილი სარჩელიც არ მიიღო წარმოებაში, თუმცა მოსარჩელის მიერ 2016 წლის 8 სექტემბერს წარდგენილი სარჩელით, სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ამოქმედდა, რომლის თანახმად, ,,თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან - 2014 წლის 23 დეკემბრიდან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე გამორიცხავს.
33. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. ამგვარი მითითების მიმართ კი, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ # ას-1350-1275-2012).
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).
35. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას დაედო საფუძვლად, რომლის თანახმად, მოსარჩელემ, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ბოლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში წარადგინა სარჩელი სასამართლოში.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.მ–იის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ს.მ–ის" (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 874,10 ლარის (საგადასახადო დავალება N916, გადახდის თარიღი 2019 წლის 25 იანვარი), 70% – 611,87 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე