Facebook Twitter

საქმე №ას-188-2019 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.ნ–ი, ზ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მირებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.კ–ძე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, გამყიდველი, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) 2008 წლის 4 მარტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა N22-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან ამხანაგობა) N9 კრების ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...... მდებარე სახლში განთავსებული ამხანაგობის სამეურნეო სათავსიდან 24.34 კვ.მ სარდაფის მესაკუთრე გახდა (იხ.ტ.1, ს.ფ. 18, 28);

2. პირველმა მოპასუხემ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სარდაფი, 2011 წლის 23 აგვისტოს ლ.ნ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მყიდველი, მესამე აპლანტი, მეორე კასატორი) მიჰყიდა. უძრავი ქონება მესამე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ.ტ.1, ს.ფ. 20-25);

3. ნ.კ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე მდებარე მრავალბინიანი სახლის 39 კვ.მ ფართის სარდაფის /ს/კ ....../ მესაკუთრეა. სარდაფს ორი შესასვლელი აქვს, ერთი - ქუჩიდან, ხოლო მეორე - კორპუსის შიგნიდან (იხ.ტ.1, ს.ფ. 11, 146);

4. მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სარდაფებს შორის, კორპუსში არის სარდაფებთან დამაკავშირებელი 5.19 კვ.მ ფართი, რომელიც მესამე მოპასუხის 24.34 კვ.მ ფართშია მოქცეული (იხ.ტ. 2, ს.ფ. 199);

5. მესამე მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2007 წლის 26 სექტემბრიდან რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... /ს/კ ......./ (ტ.1, ს.ფ. 26-27);

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მოსარჩელემ, 2013 წლის 19 ივლისს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ამხანაგობის 2008 წლის 4 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობა, პირველი მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნის ფართის (5.19 კვ.მ) გადაცემის ნაწილში და წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესამე მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნის ფართის (5.19 კვ.მ) გადაცემის ნაწილში.

6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მის სარდაფს, კორპუსის შიგნიდან შესასვლელი აქვს, რომელიც ამხანაგობის საკუთრება იყო. მოსარჩელის განმარტებით, ამ შესასვლელით, თვითონ და მომიჯნავე სარდაფის მესაკუთრე - პირველი მოპასუხე სარგებლობდნენ.

6.3 მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობის სადავო კრების ოქმი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (შემდეგში: სპეციალური კანონი) საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილს ეწინააღმდეგება, კერძოდ, პირველი მოპასუხისათვის სარდაფის გადაცემის დროს, კრებას ესწრებოდა წევრთა 83%, კანონის მიხედვით კი, ქონება უნდა გადაცემულიყო ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით, ვინაიდან სადავო 5.19 კვ.მ ფართი, მისი და პირველი მოპასუხის საერთო სარგებლობის შესასვლელი დერეფანი იყო, სადაც განთავსებულია მისი ელექტრო-გაყვანილობის ყუთი და სახლის შესასვლელის მხრიდან, ამ დერეფნით ხვდება საკუთარ სარდაფში.

6.4 მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ამხანაგობის კრების შესახებ უცნობი იყო, არავის მიუწვევია კრებაზე. ამასთან, მესამე მოპასუხემ, როგორც ამხანაგობის წევრმა, იცოდა, რომ პირველმა მოპასუხემ საერთო შესასვლელის დერეფანი უკანონოდ დაირეგისტრირა.

7. მოპასუხეების შესაგებელი

7.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, სადავო არ არის, რომ სარდაფის დერეფანი ამხანაგობის საერთო საკუთრებაა.

7.2 მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის სარდაფების საერთო სარგებლობის დერეფნის კედელში ლითონის კარია, რომლის გაღების შემდეგ, შესასვლელთანვე, მარჯვნივ, მოსარჩელის სარდაფის კარია, სარდაფს გარს კაპიტალური კედლები აქვს. მოსარჩელის სარდაფის კარიდან, მესამე მოპასუხის მიერ ნაყიდი სარდაფი იწყება, თუმცა კედელი ამოშენებული არ არის.

7.3 მოპასუხეების მტკიცებით, მოსარჩელე დავობს სივრცის იმ ნაწილზე, რომელიც მესამე მოპასუხის საკუთრებაა და მოსარჩელის სარდაფის კარსა და მესამე მოპასუხის სარდაფის არსებულ კარს შორის მდებარეობს და ერთი შეხედვით, ილუზიას ქმნის, რომ ორივე სარდაფს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, მოსარჩელის სარდაფიდან მთლიანად იზოლირებულია.

7.4 მოპასუხეების განმარტებით, ამხანაგობამ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილით და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ხმათა 2/3-ით.

7.5 მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ამხანაგობის კრების შესახებ.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.

8.1.1ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2008 წლის 4 მარტის N9 კრების ოქმი, პირველი მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ - გადაცემის ნაწილში, ასევე - წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება მესამე მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში.

8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 54-ე, 129-ე, 185-ე და 477-ე მუხლებით; სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით.

8.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამხანაგობის წევრებმა, პირველ მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელის ინდივიდუალური თანამფლობელობის ფაქტი არ გაითვალისწინეს, რითაც მოსარჩელის უფლება დაირღვა, პირველი მოპასუხის მსგავსად, საკუთარი უფლების რეალიზება მოეხდინა. ამასთან, ამხანაგობას უნდა გაერკვია თანამფლობელის ნება, შესაბამისად, ამხანაგობის სადავო კრების ოქმის მიღებისას, სავალდებული იყო მოსარჩელის მონაწილეობა.

9. სააპელაციო საჩივარი

9.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი გააჩნია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე აღძრული სარჩელით, საკუთარ სარდაფთან მისასვლელი ფართის მესამე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებისგან გამოცალკევებას ცდილობს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ამხანაგობის კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობით, სადავო ფართი, საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმში მოექცევა, რაც მოსარჩელეს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარ სარდაფში შესასვლელად ამ ფართით ისარგებლოს.

10.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის სხდომაზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არ მიუწვევიათ. სადავო კრების ოქმი ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა, მაგრამ არა ყველა წევრმა მიიღო.

10.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე და ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, პირველი მოპასუხისათვის გადაცემული 24,34 კვ.მ ფართში, 5,19 კვ.მ-ის დერეფანიც შედიოდა, სადაც განთავსებული იყო მოსარჩელის სარდაფში შესასვლელი კარიც.

10.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სარდაფების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას ამხანაგობის წევრთა სულ მცირე 2/3 ნაწილის ხმა ესაჭიროება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველ მოპასუხეს არა მხოლოდ სარდაფი, არამედ მასში შესასვლელი დერეფანიც ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა, რითაც მოსარჩელეს, შეეზღუდა ფართით სარგებლობის უფლება საერთო დერეფნის გავლით.

10.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ამხანაგობის კრების მიერ 2008 წლის 4 მარტს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვა ბინის მესაკუთრის მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, კერძოდ, მოსარჩელეს შენობიდან საკუთარ სარდაფში ჩასვლის შესაძლებლობა მოესპო.

10.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კრების ოქმის იმ ნაწილს, რომელიც სარჩელით სადავოა, ამხნაგობის წევრების ხმათა 2/3 ლეგიტიმურს და კანონიერს ვერ გახდიდა, 5,19 კვ.მ-ის ნაწილში ამხანაგობის წევრთა სრული შემადგენლობის თანხმობა იყო საჭირო, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელე სადავო კრებაზე საერთოდ არ მიუწვევიათ, ზემოაღნიშნული პროცედურული დარღვევები კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

10.8 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ,,მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ“, დაადგინა, რომ ამხანაგობის მიერ სადავო ფართის პირველი მოპასუხისათვის გადაცემა კანონსაწინააღმდეგო იყო და განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს 5,19 კვ.მ არ გადასცემია სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ იგი ვერც მესამე მოპასუხეს გადაეცემოდა.

10.9 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ მსჯელობას გააქარწყლებდა ის გარემოება, თუ მესამე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნეოდა (სსკ-ის 185-ე მუხლი).

10.10 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სპეციალური კანონის მიღების მიზანს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნით, ამხანაგობის წევრებს უფლება მიეცათ, მრავალბინიან სახლებში მდებარე ინდივიდუალური და საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ერთობლივად ემართათ, თუმცა აქვე დაეკისრათ, ვალდებულება შეესრულებინათ კანონის დაცვითა და საფუძველზე.

10.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მესამე მოპასუხე, პირველი მოპასუხისათვის სადავო ფართის გადაცემის დროს ამხანაგობის წევრი იყო. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მესამე მოპასუხემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა 2008 წლის 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილებისა და საერთო სარგებლობაში არსებული დერეფნის ერთ-ერთი ამხანაგობის წევრისათვის გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირს (ამხანაგობის წევრს) შესაძლებლობა მიეცემა, ამხანაგობის საერთო ქონების განვითარებაზე, მოვლა-პატრონობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უგულებელყოს არცოდნის მოტივით, შეუძლებელი იქნება კანონით დასახული მიზნების მიღწევა.

10.12 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ზემოაღნიშნული, სსკ-ის 185-ე მუხლის საფუძველზე, მესამე მოპასუხის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარების შესაძლებლობას გამორიცხავს და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

10.13 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკუთრების უფლების არსზე, მიუთითა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლება ვრცელდება, როგორც ძირითად ნივთზე, ასევე - მის არსებით შემადგენელ ნაწილზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ სარდაფში შენობის შიგნიდან შესვლა არ შეუძლია, ვინაიდან დერეფანი, სადაც სარდაფის კარია, მესამე მოპასუხეს ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული.

10.14 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სარდაფს ქუჩის მხრიდან კარი აქვს, დაუსაბუთებელია, რადგან მესაკუთრე უფლებამოსილია საკუთრებით დაუბრკოლებლად ისარგებლოს.

10.15 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 16 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რომლის საფუძველზე მესამე მოპასუხეს უარი ეთქვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 39 კვ.მ სარდაფში სადარბაზოს მხრიდან კარების გაუქმებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს აღნიშნული კარებით სარგებლობა მოითხოვოს.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 პირველმა და მესამე მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11.2 კასატორების განმარტებით, სასამართლო მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენისას, არასწორ არგუმენტებს დაეყრდნო და შესაბამისი საფუძვლები არასწორად განმარტა, კერძოდ, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ სადავო კრების ოქმის შედგენამდე სადავო ფართი საერთო სარგებლობის იყო. საქმეში არსებულ ნახაზზე უდავოდ ჩანს, რომ მესამე მოპასუხის მხარეს გადასასვლელი ღიობი, მოსარჩელის სარდაფს არ გააჩნია, ანუ სადავო 5.19 კვ.მ-ის ამხანაგობის წევრზე ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასვლის დროისათვის, ამ ფართს მოსარჩელე ვერ უკავშირდებოდა და საერთო სარგებლობის ფართად ვერ მიიჩნეოდა.

11.3 კასატორების მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ შეზღუდული ჰქონდა კუთვნილ სარდაფში მოხვედრის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მოსარჩელემ 2018 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ სარდაფს შესასვლელი სხვა მხრიდან აქვს და ამით სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ არ გააჩნია.

11.4 კასატორების განმარტებით, სასამართლოს სპეციალური კანონის მე-10 მუხლის ნაცვლად, იმავე კანონის მე-4 მუხლი უნდა გამოეყენებინა.

11.5 კასატორების განმარტებით, იმისათვის, რომ ფართის საკუთრებაში გადაცემა კანონიერი იყოს, შემდეგი პირობები უნდა არსებობდეს: 1. ფართი უნდა იყოს სამეურნეო; 2. ამხანაგობის წევრები უნდა ფლობდნენ; 3. მფლობელობა წარმოშობილი უნდა იყოს კანონის ამოქმედებამდე. კასატორების მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმის შედგენის დროს, სამივე პირობა დაკმაყოფილებულია.

11.6 კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მესამე მოპასუხის კეთილსინდისიერების საკითხიც. მხოლოდ ის გარემოება, რომ მესამე მოპასუხე ამხანაგობის წევრია, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სამეურნეო ფართების საკუთრების თაობაზე ინფორმაციის ქონის მავალდებულებელ გარემოებად. მესამე მოპასუხეს სადავო ფართის კუთვნილებისა და მფლობელობის შესახებ არ შეიძლება და არც ვალდებული იყო სცოდნოდა.

11.7 კასატორების განმარტებით, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებად არ ცნო ის ფაქტი, რომ სადავო კრების ოქმზე დართული ნახაზით, მოსარჩელეს არ ჰქონდა სადავო ფართთან კავშირის უფლება, კერძოდ, ამ ნახაზზე კარის ღიობი არ არის, რაც მტკიცებულებათა გამოკვლევისას დადგინდა სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისად, სადავო 5.19 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართად ვერ მიიჩნევა.

11.8 მოსარჩელემ სადავო ფართთან დაკავშირებით უფლება, მხოლოდ სარდაფის პირველი მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ მიიღო, კერძოდ, შემდეგ გაიცა კარის ღიობის ჩაჭრაზე ნებართვა და მოსარჩელეს 5.19 კვ.მ ფართით სარგებლობის უფლება მიენიჭა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით პირველი და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. „განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები და აღიარებითი სარჩელის კანონშესაბამისობის მარეგულირებელი საპროცესო-სამართლებრივი წესები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ გარიგების ნამდვილობის მარეგულირებელ ნორმებს, ისინი სამოქალაქო სამართლის სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების მარეგულირებელი ზოგადი ნორმებია, რომელთა მოქმედება ვრცელდება ნებისმიერი გარიგების, მათ შორის ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოხატვის კანონიერებაზე, თავის მხრივ, ცალმხრივი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ნების გამოვლენით მიღწეული შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნისას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი იურიდიული ინტერესის ნამდვილობას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი“ (იხ. სუსგ ას-838-802-2014, 19.03.15 წ.).

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომლის თანახმად, მოსარჩელის სარდაფს შესასვლელი სხვა მხრიდანაც აქვს და ეს უკანასკნელი ამ შესასვლელით სარგებლობს, აღნიშნული კი, დავის საგნის მიმართ, მის იურიდიულ ინტერესს გამორიცხავს.

21. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“, განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

23. საკასაციო სასამართლო, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო ფართი, ისევ საერთო საკუთრება გახდება და მოსარჩელეს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარ სარდაფში შესასვლელად, საერთო დერეფნის გავლით დაუბრკოლებლად ისარგებლოს, შესაბამისად, სწორედ ამხანაგობის კრების ოქმისა (პირველი მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში) და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით (მესამე მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში) მიიღწევა ის შედეგი, რაც მოსარჩელეს სურს. აღნიშნული კი, სავსებით აკმაყოფილებს ნამდვილი იურიდიული ინტერესის მქონე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკუთრების უფლების არსზე და განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო დერეფანი მესამე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაშია და მოსარჩელე შეზღუდულია დერეფნის გავლით, საკუთარი სარდაფით ისარგებლოს. აღნიშნული კი მას, საკუთარი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს და უფლებას აძლებს, საკუთარი ინტერესების დასაცავად, აღიარებითი სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ ამხანაგობის 2008 წლის 4 მარტის N9 კრების ოქმით, პირველ მოპასუხეს არა მხოლოდ სარდაფი, არამედ მასში შესასვლელი დერეფანი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა, რის გამოც მოსარჩელეს, საერთო დერეფნის გავლით, საკუთარ ფართში შესვლა შეეზღუდა.

27. საკასაციო სასამართლო სპეციალური კანონის მე-10 მუხლების პირველი ნაწილზე მითითებით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე“, განმარტავს, რომ 2008 წლის 4 მარტს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ისეთი კატეგორიის გადაწყვეტილებას მიეკუთნება, რომელიც სპეციალური კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებას საჭიროებდა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის სადავო კრების ოქმით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მოსარჩელის უფლებაზე გავლენა იქონია, საერთო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გადაწყვეტილება, ყველა ამხანაგობის წევრს ერთხმად უნდა მიეღო.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა კრებაზე, რის გამოც, ამხანაგობის კრების ოქმი ბათილია პირველი მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს (სსკ-ის 54-ე მუხლი). აქედან გამომდინარე და ამავე საფუძვლით ბათილია პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის, 2011 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (მესამე მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5.19 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში), ვინაიდან ის ბათილ ოქმს დაეფუძნა.

30. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მესამე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე მოპასუხე პირველი მოპასუხისათვის სადავო ფართის გადაცემის დროს, ამხანაგობის წევრი იყო და სადავო კრების ოქმით დაფიქსირებული გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილებაც მიიღო, აღნიშნული კი, მის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

31. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 11.2, 11.7 ქვეპუნქტებში მითითებულ პრეტენზიებსაც და დადგენილი ფაქტების საფუძველზე განმარტავს, რომ სადავო 5.19 კვ.მ ფართით სარგებლობის გარეშე, კორპუსის შიგნიდან მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ სარდაფებთან დაკავშირება შეუძლებელია. შესაბამისად, სადავო ქონების მდებარეობა გამორიცხავს, რომ სადავო ფართი ჯერ მხოლოდ პირველი მოპასუხის და შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესამე მოპასუხის მფლობელობაში იყო.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომამდე, მხარეთა მიერ გაცხადებული პოზიციებით ხელმძღვანელობს სასამართლო, რაც უზრუნველყოფს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პირველი მოპასუხისათვის გადაცემულ 24.34 კვ.მ ფართში 5.19 კვ.მ დერეფანიც შედიოდა, სადაც განთავსებული იყო მოსარჩელის სარდაფში შესასვლელი კარი, ამასთან, 2014 წლის 16 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მესამე მოპასუხეს უარი ეთქვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 39 კვ.მ ფართის სარდაფში სადარბაზოს მხრიდან კარების გაუქმებაზე, ზემოაღნიშნული კი, უსაფუძლოს ხდის, კასატორთა საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორების საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ნ–ის და ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ნ–ს (პ/ნ ......) და ზ.კ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ის (პ/ნ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 30 იანვარი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე