საქმე №ას-282-2019 17 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.კ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძე(მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.შ–ს (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელის დედა), 1986 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერით, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე კოოპერატივის ბინა გადაეცა. ორდერში შეყვანილი იყო მ.შ–ის შვილი - ი.შ–იც (შეცვლილი გვარით: კ–ძე, შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, პირველი აპელანტი; იხ. ტ.1, ს.ფ. 21).
2. თავდაპირველი მოსარჩელე და ი.კ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის ავტორი, მეორე აპელანტი, კასატორი) 1995 წელს ზეპირად შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველი მოპასუხე წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებას შეიძენდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი სადავო უძრავ ქონებას მთლიანად დაეუფლა და საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან (იმავე მისამართზე, მდებარე ბ. N49) გააერთიანა. თავდაპირველი მოპასუხე ორივე ბინის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 69).
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება 2013 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, აღრიცხული იყო ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 22).
4. თავდაპირველი მოსარჩელის დედამ 2013 წლის 7 თებერვალს, საკუთარი შვილის (თავდაპირველი მოსარჩელის) სასარგებლოდ, უარი თქვა სადავო ქონების საკუთრების უფლებაზე და ნოტარიუსმა, თავდაპირველი მოსარჩელის სახელზე საკუთრების მოწმობა გასცა, რომლითაც ამ უკანასკნელმა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე მოიპოვა (იხ. ტ.1, ს.ფ. 22).
5. თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2013 წლის 12 თებერვლიდან რეგისტრირებულია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება (იხ. ტ.1, ს.ფ. 18).
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, შეგებებული მოპასუხის მიმართ, საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების მოთხოვნით აღძრული შეგებებული მოსარჩელის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-33; 34-52; 53-59).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1 მოსარჩელემ 2016 წლის 2 დეკემბერს სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული მოპასუხის წინააღმდეგ, მისი და მასთან ერთად მცხოვრები პირების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
7.2 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 5-6 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელ ფართს მოპასუხე, იქ მცხოვრებ პირებთან ერთად, რამდენიმე წელია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
8. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
8.1 შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონის) შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების კომპენსაციის 10%-ის - 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა წარმოადგენს.
8.2 შეგებებული მოსარჩელის მითითებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხისაგან ფორმადაუცველი გარიგებით, 1995 წელს არაპრივატიზებული სადავო უძრავი ქონება შეიძინა, მაგრამ რადგან ამ უკანასკნელს უძრავი ქონება არ ჰქონდა პრივატიზებული, მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, მოწმეები ნასყიდობის საფასურის გადაცემას ესწრებოდნენ.
8.3 შეგებებული მოსარჩელის მითითებით, იგი 1995 წლიდან, ოჯახთან ერთად, უწყვეტად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და კომუნალურ გადასახადებსაც იხდის.
8.4 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს სპეციალური კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს და უფლებამოსილია, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის კომპესაციის გადახდით.
9. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
9.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და მიუთითა წინამდებარე განჩინების 8.2 ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებაზე.
9.2 მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 2 აპრილის ბრძანებით, თავდაპირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა მის გამოსახლებაზე იმ მოტივით, რომ სადავო უძრავი ქონება, რეკონსტრუქციისას გაერთიანდა სხვა ბინასთან.
9.3 მოპასუხის განმარტებით, თავდაპირველმა მოსარჩელემ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური მიიღო, რაც დასტურდება სარჩელზე დართული, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ასევე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით.
10. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
10.1 შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად ძირითადი მოსარჩელეა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს მისგან სადავო უძრავი ქონება არ შეუძენია.
10.1 მოპასუხის განმარტებით, სპეციალური კანონის შესაბამისად, 1995 წელს არც თავდაპირველის მოსარჩელე იყო უძრავი ქონების მესაკუთრე და არც შეგებებული მოსარჩელე - ბინის კეთილსინდისიერი მოსარგებლე.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი მოსარჩელისა და მოპასუხის შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და სპეციალური კანონის მე-2 და მე-6 მუხლებით.
11.3 საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მოსარგებლე, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეა, რომელმაც მფლობელობის უფლება, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით მიიღო.
11.4 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მხარეებს შორის არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულება, შეგებებული მოსარჩელის (იგივე თავდაპირველის სარჩელის მოპასუხის) მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11.5 საქალაქო სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 11.3 ქვეპუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით განმარტა, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს აქვს ნივთის ფლობის უფლება, რაც, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება. თავდაპირველმა მოსარჩელემ, ისევე, როგორც შეგებებულმა მოსარჩელემ მისი გაუქმება (მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავიანთი სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პირველი აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
13.1.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
13.1.2 თავდაპირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.1.3 თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის (იგივე შეგებებული სარჩელის ავტორის) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება. მოპასუხეს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის (ძირითადი მოსარჩელისათვის) თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
13.1.4 თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავი ქონებიდან სხვა პირების გამოსახლების ნაწილში განუხილველად დარჩა.
13.1.5 შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13.1.6 შეგებებული მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
13.2 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე 1995 წელს წარმოადგენდა არა სადავო ქონების მესაკუთრეს, არამედ ორდერის საფუძველზე სადავო საცხოვრებელი სადგომის (ბინის) მოსარგებლეს, რაც განასხვავებს მას მესაკუთრისაგან, რომლის სტატუსიც 2013 წლის 12 თებერვალს კანონშესაბამისად მიენიჭა.
13.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთობა სპეციალური კანონით ვერ მოწესრიგდება, რადგან შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მითითებული კანონით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან მხარეთა შორის 1995 წელს ბათილი გარიგების დადებისას, შეგებებული სარჩელის მოპასუხე (ძირითადი მოსარჩელე) სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო და, შესაბამისად, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არც შეგებებული სარჩელის ავტორს მოუპოვებია მოსარგებლის სტატუსი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეგებებული სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, რაც მოპასუხის სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
13.4 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ვინდიკაციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
13.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს არ აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება, ვინაიდან მას მართლზომიერი მფლობელობა შესაბამისი მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.
13.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და განმარტა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და უდავოა მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა. ამასთან, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს არ წარუდგენია უძრავი ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
13.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 178-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოდავე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს. ამავდროულად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას ან შეიცავდეს საეჭვო, სადავო დებულებებს, რაც ხელს შეუშლის მის აღსრულებას.
13.8 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის თანმხლები პირების გამოსახლების მოთხოვნის ნაწილში ბუნდოვანია და ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 მეორე აპელანტმა (შეგეგებული სარჩელის ავტორმა, მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
14.2 კასატორი, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ორდერი მხარეებს უფლებას აძლევდა, დაედოთ გარიგება, რაც თავდაპირველმა მოსარჩელემაც აღიარა.
14.3 კასატორის მტკიცებით, თავდაპირველმა მოსარჩელემ აღიარა მოპასუხისაგან 2000 აშშ დოლარის მიღებისა და უძრავი ქონების თავდაპირველი სარჩელის მოპასუხისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ უძრავი ქონების რეკონსტრუქციის ფაქტი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არის დადგენილი.
14.4 კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მის უძრავ ქონებასთან გაერთიანებულია და, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, საიდან უნდა გამოასახლონ იგი.
14.5 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), რომლითაც დგინდება, რომ მხარეებმა სასყიდლიანი უფლების დათმობის ხელშეკრულება დადეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეებისა და ამხანაგობის თავმჯდომარის ჩვენებაც, რომლის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ (იგივე შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) მას მიმართა სადავო უძრავი ქონების შეგებებული სარჩელის ავტორისათვის გადაფორმების მიზნით.
14.6 კასატორის განმარტებით, 1986 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერით თავდაპირველ მოსარჩელეს, დედასთან ერთად მოპოვებული ჰქონდა მესაკუთრის უფლება და სხვა პირი, გარდა ორდერში შეყვანილი პირებისა, ვერ გახდებოდა სადავო ბინის მესაკუთრე გარიგების გარეშე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც, როდესაც უფლების მფლობელებმა - თავდაპირველმა მოსარჩელემ და დედამისმა, 1995 წელს მოპასუხესთან დადეს სასყიდლიანი გარიგება უფლების დათმობაზე.
14.7 კასატორის მტკიცებით, სამოქალაქო კოდექსი მართლზომიერ მფლობელს ორდერის საფუძველზე სრულად ანიჭებს მესაკუთრის უფლებას. ძირითად მოსარჩელეს თავისუფლად შეეძლო უფლების დათმობის შესახებ გარიგება 1995 წელს დაედო.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლესაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
24. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
26. საკასაციო სასამართლო, სარჩელის, შესაგებლისა და მათზე დართული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორმა ვერ დაასაბუთა სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, ძირითად მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, სადავო უძრავი ქონება 1995 წელს გაესხვისებინა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი მოსარჩელისა და დედამისის სადავო საცხოვრებელ სადგომში შესახლების საფუძველს წარმოადგენდა ორდერი, რაც სპეციალური კანონის თანახმად, პირის მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველია.
29. სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია: „მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით“.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე), 1995 წელს უფლებამოსილი არ იყო სადავო უძრავ ქონება გაესხვისებინა, ვინაიდან იმ მომენტისათვის, სადავო საცხოვრებელი სადგომი მისი და დედამისის საკუთრებად არ განიხილებოდა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა (იხ. წინამდბარე განჩინების 13.2-13.3 ქვეპუნქტები).
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე