საქმე №ას-522-2019 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.ჭ–ძე, მ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ე–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ე–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....., /ს/კ ...../ (ტ.1, ს.ფ.16);
2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის N60-01180162316 წერილი, დამოწმების თარიღი 16/01/2018, Nას-691-662-2016 სასამართლო გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი 24/11/2017 (ტ.1, ს.ფ. 16);
3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ ლ.ჭ–ძე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და მ.ჭ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მესაკუთრემ 2018 წლის 5 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.
4.2 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა და განმარტა, რომ 2013 წელს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლის უმკვიდროდ ცნობასა და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ საქმეში მესამე პირად მისი და გ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელის და) ჩაება, რომელმაც სახლთმფლობელობის ლიტერი ,,ა“ საცხოვრებლი და ლიტერი ,,ბ“ დამხმარე ფართზე, მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
4.3 მოსარჩელის განმარტებით, მისი და სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, სახლთმფლობელობის იმ ნაწილს აქირავებდა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა. მან 2017 წლის სექტემბერში სახლი პირველ მოპასუხეს მიაქირავა.
4.4 მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხე არაერთხელ გააფრთხილა, რომ მისი და გასაქირავებელი ფართის მესაკუთრე არ იყო და სადავო უძრავი ქონება არ ექირავებინა.
5. მოპასუხეების შესაგებელი
5.1 მოპასუხეებმა წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება. მოპასუხეებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებით.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.3 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებიათ. უდავოა, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელები არიან, თუმცა, მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
8.4 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომლის თანახმად, პირველ აპელანტსა და მოსარჩელის დას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა მოსარჩელის დისათვის სესხად 7000 აშშ დოლარის გადაცემის სანაცვლოდ, სადავო უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლება მოიპოვეს.
8.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების განკარგვის, მათ შორის - მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მესაკუთრეს აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელეს, რომელსაც, მოპასუხეებთან ასეთი ნება არ გამოუვლენია, შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიერ სადავო უძრავი ქონების სარგებლობის თაობაზე ნების გამოვლენა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, უძრავ ქონების სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის თანხმობად/ნების გამოვლენად ვერ მიიჩნევა.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტების მოთხოვნა.
9.2 კასატორების განმარტებით, პირველ მოპასუხესა და მოსარჩელის დას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის დისგან, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება შეძინა.
9.3 კასატორების განმარტებით, სანამ მოსარჩელე სესხის თანხას არ დააბრუნებს, უფლება აქვთ, სადავო ქონებას ფლობდნენ.
9.4 კასატორები, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლალარაციის 22-ე მუხლზე უთითებენ და განმარტავენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. ამასთან, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება - სოციალური დაცვის პრინციპი დაირღვა.
9.5 კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, იზრდება რისკები, რომ მოსარჩელის დამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულოს, რა შემთხვევაშიც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი აღარ იარსებებს.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
15.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორსა და მოსარჩელის დას შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, კასატორები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებად ვერ მიიჩნევიან, ვინაიდან უძრავ ქონებაზე მესაკუთრის ნების გარეშე დადებული ხელშეკრულება არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც ამ ხელშეკრულების დადებით, მხარეებმა განსაზღვრეს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი ვერ გახდება, როგორიცაა - საკუთრების უფლება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჭ–ძის და მ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ჭ–ძეს (პ/ნ ....) და მ.ჭ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჭ–ძის (პ/ნ 31001025973) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N7729360622, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე