№ას-841-2019 19 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.დ., ი.დ., ს.დ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ. (მოსარჩელეების: მ.ხ–ის, მ.პ–ის, დ.კ–ძის, მ.ხ–ის, რ.ე–სა და ი.ე–ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც მ.ხ., მ.პ., დ.კ–ძე, მ.ხ., რ.ე. და ი.ე. (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოსარჩელეები) მოითხოვდნენ ა.დ–ის, ლ.დ–ის, ი.დ–ის და ს.დ–თვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) 49 966 აშშ დოლარისა და 150 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ 9350 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ნ.ჯ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეების უფლებამონაცვლე ან მოწინააღმდეგე მხარე), ასევე მოპასუხებმა. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელეების უფლებამონაცვლისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით ა.დ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო კასატორებს - ლ.დ–ს, ი.დ–სა და ს.დ–ს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დღეის მდგომარეობით ამონაწერის ან 467.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 19 ივნისს ჩაჰბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 19 ივნისს ჩაჰბარდა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 7 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 20 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივნისს ამდენად, კასატორები - ლ.დ., ი.დ. და ს.დ. ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დადგენილ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე განცხადებით მოუმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოსათვის.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორებმა - ლ–დ–მა, ი.დ–მა და ს.დ–მა დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.დ–ის, ი.დ–სა და ს.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა