Facebook Twitter

საქმე №ას-1906-2018 25 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.პ–ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

წარმომადგენელი - შ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ტ–ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

წარმომადგენელი - უ.მ–ძე

მესამე პირები - თ.პ–ი, ნ.პ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ტ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და მ.პ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოვალე, მსესხებელი, გარდაცვლილი ან მამკვიდრებელი) შორის 2011 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებული იყო, როგორც „უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის პირობით“, რომლის თანახმად, მსესხებელმა მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული ქ. ყვარელში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება, უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი) 8000 აშშ დოლარად მიჰყიდა. უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადა 2012 წლის 13 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.

2. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2011 წლის 15 დეკემბერს უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) მოსარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი მსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა და 2011 წლის 13 დეკემბრის წერილობითი შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის რეალურად არა ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, სახელდობრ, თავდაპირველმა მოვალემ კრედიტორს სესხის სახით 8000 აშშ დოლარი გადასცა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისათვის მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამავე გადაწყვეტილებით, სადავო უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებად აღრიცხვა და სესხის უზრუნველსაყოფად ამ ქონების იპოთეკით დატვირთვა განისაზღვრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამსესხებელმა (მოსარჩელემ), თუმცა საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვის დროს, 2013 წლის 2 ოქტომბერს, თავდაპირველი მოვალე (მ.პ–ი) გარდაიცვალა.

5. გარდაცვლილის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები (სამკვიდრო აქტივი და პასივი) 2014 წლის 11 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მისმა მეუღლემ - ო.პ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე, მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე) მიიღო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით, გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით, გამსესხებლის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

8. 2015 წლის 4 დეკემბერს სადავო უძრავი ქონება კვლავ მამკვიდრებლის სახელზე აღირიცხა, და სესხის (8000 აშშ დოლარის) უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა.

9. მსესხებელს, გარდაცვალებამდე, სესხი - 8000 აშშ დოლარი (საიდანც 5000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, ხოლო 3000 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი), კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია.

10. 2015 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის (მსესხებლის უფლებამონაცვლის) წინააღმდეგ და სესხის - 8000 აშშ დოლარის გადახდის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია მოითხოვა. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე - მოპასუხე, მიზანმიმართულად არიდებს თავს მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულებასა და სესხის - 8000 აშშ დოლარის კრედიტორისთვის დაბრუნებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო, ხოლო ნასყიდობა - თვალთმაქცური გარიგება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა როგორც სახელშეკრულებო, ასევე, მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით, ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

12. მოგვიანებით, ძირითადმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და სესხის თანხაზე - 8000 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიმართ, მოსარჩელის (გამსესხებლის) მოთხოვნის არარსებობის დადგენა და, შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმება მოითხოვა. ძირითადი მოპასუხის მტკიცებით, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ექვსი თვით, ამიტომ, კრედიტორს მოთხოვნის უფლება 2011 წლის 13 დეკემბრიდან 6 - თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2012 წლის 13 ივნისს წარმოეშვა. მოსარჩელეს კი, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მამკვიდრებლისათვის მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნისა და მოვალის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ, მას, როგორც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორს, მოპასუხის, როგორც სამკვიდროს მიმღები მემკვიდრის მიმართ, სამკვიდროში პასივის სახით შესული მამკვიდრებლის ვალის გადახდა კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მოუთხოვია, შესაბამისად, როგორც სახელშეკრულებო, ასევე, მემკვიდრეობის სპეციალური ნორმების მიხედვით, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა სესხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმული იყო, ხოლო იპოთეკის უფლება, მისი აქცესორული ხასიათიდან გამომდინარე, ძირითადი უფლების გარეშე არ არსებობს, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და თავდაპირველი სარჩელის უარყოფის საფუძველი იყო.

13. ძირითადმა მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არც სახელშეკრულებო და არც მემკვიდრეობის ნორმების მიხედვით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები არ დაურღვევია.

14. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა; ძირითადი მოპასუხის მიერ, ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ, სესხის თანხის - 8000 აშშ დოლარის გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია დადგინდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 1484-ე, 1421-ე, 1433-ე, 286.1, 301.1 და 1488-ე მუხლები გამოიყენა.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით მოთხოვნით.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითად მოსარჩელეს (გამსესხებელს) სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა არ დაურღვევია. აღნიშნული საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის, სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა საპრეტენზიო მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება სასარჩელო ხანდაზმულობის სამართლებრივი ინსტიტუტისაგან. სასამართლომ მიუთითა ხსენებული ორი სამართლებრივი ინსტიტუტის განსხვავებულ ბუნებაზე, რომელიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობს სამოქალაქო-სამართლებრივ სივრცეში და განსხვავებული სამართლებრივი დატვირთულობა გააჩნია. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 1488-ე მუხლი ადგენს არა სარჩელის ხანდაზმულობის ვადას, არამედ კრედიტორების მიერ მემკვიდრეებისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადას, რისი კვლევაც სასამართლოს მოპასუხის მითითების გარეშე, საკუთარი ინიციატივითაც შეუძლია.

16.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორისთვის იმ მემკვიდრის ვინაობა, ვინც სამკვიდრო მიიღო, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძირითადი მოპასუხე გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლედ ჩაბმით ძირითადი მოპასუხე ინფორმირებული გახდა მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულების შესახებ, ანუ მას ამ ფორმით წარედგინა კრედიტორის პრეტენზია, ამიტომ ძირითად მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს, სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის ვადა არ დაურღვევია.

16.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძირითად მოსარჩელეს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძველი წარმოეშვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, იპოთეკის საგნის კვლავ მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხვის შემდეგ. აღნიშნული მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე კი, სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა დაცული იყო.

17. აღნიშნული განჩინება ძირითადმა მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

17.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის საფუძველი წარმოეშვა არა 2012 წლის 13 ივნისიდან, არამედ 2015 წლის 4 დეკემბრიდან, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონება რომელიც მოსარჩელის სახელზე იყო აღრიცხული, კვლავ მამკვიდრებლის სახელზე აღირიცხა და სესხის თანხის - 8000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა;

მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძველი არ წარმოშობია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, არამედ, ხსენებულმა გადაწყვეტილებამ მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა 2011 წლის 13 დეკემბრიდან, როდესაც მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თვალთმაქცური უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

17.2. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ახალი მოთხოვნის საფუძველი კი არ დადგინდა, არამედ, კრედიტორის მიერ კანონსაწინააღმდეგო გარიგების დადების ფაქტი დადასტურდა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ კრედიტორმა იცოდა უფლების უკანონოდ განხორციელების ფაქტი. დაუშვებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ კრედიტორმა მას შემდეგ შეიტყო მოთხოვნის წარმოშობის შესახებ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა;

17.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ჩაბმით, მემკვიდრე ინფორმირებული გახდა მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულების შესახებ, ანუ მას ამ ფორმით წარედგინა კრედიტორის პრეტენზია, რის გამოც კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის ვადა დარღვეული არ ჰქონია;

17.4. ძირითად მოსარჩელეს, მამკვიდრებლის უფლებამონაცვლისათვის თანხის დაკისრება არ მოუთხოვია, მან მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვა. ამგვარი სარჩელის პირობებში კი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა მემკვიდრისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1494-ე მუხლიდან (კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) გამომდინარეობს.

20.1. გარდაცვლილის ვალის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მამკვიდრებლის მიერ კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)), 289.1 (იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლების საფუძველზე, მამკვიდრებლის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა სესხის გადახდის მიზნით, იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციის თაობაზე წარმოშობილი იყო.

21. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს სასესხო დავალიანების დაკისრების გარეშე არ შეეძლო იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის დამოუკიდებლად აღძვრა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იპოთეკის აქცესორული ბუნებისა, სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი იპოთეკარს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ სახეზეა შემდეგი წინაპირობები:

ა) იპოთეკარმა ნამდვილად გაასესხა თანხა, რომლის დაბრუნება უზრუნველყოფილია უძრავ ნივთზე კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკით;

ბ) მოვალე ვადაში არ აბრუნებს სესხს, ანუ მოპასუხემ გააჭიანურა ვალდებულების შესრულება;

გ) უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკა იურიდიული ძალის მქონეა, რადგანაც აკმაყოფილებს მისი ნამდვილობის წინაპირობებს (სსკ-ის 289.1 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მამკვიდრებელს ასესხა თანხა; ასევე უდავოა, რომ სესხის დავალიანება - 8000 აშშ დოლარი, არც გარდაცვლილსა და არც მის მემკვიდრეს არ დაუბრუნებია. ხსენებული გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ მამკვიდრებლის სახელზე აღირიცხა და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის განხორციელების ყველა წინაპირობა, რის გამოც კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.

22. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან არ დარღვეულა მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა.

22.1. სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007).

22.2. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ის, თუ როდიდან უნდა დაიწყოს სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა.

ამ თვალსაზრისით, პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყურადღება კვლავ გაამახვილოს სასარჩელო მოთხოვნაზე, ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველსა და მისი განხორციელების წინაპირობებზე.

როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 301.1 მუხლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს ნამდვილი იპოთეკა. სსკ-ის 289.1 მუხლის შესაბამისად კი, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ 2015 წლის 4 დეკემბრამდე სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად ირიცხებოდა, ის მხოლოდ 2015 წლის 4 დეკემბერს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა მოვალის საკუთრებად და სადავო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წლის 4 დეკემბრამდე იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ იყო, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, იპოთეკის საგანთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია წარედგინა მოვალის მემკვიდრისათვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა 2015 წლის 5 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2015 წლის 8 დეკემბერს, ანუ პრეტენზიის წარდგენის ვადის დენის დაწყებიდან მეოთხე დღეს, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მხრიდან უფლების არსებობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.

23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

25. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

26. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე