№№ა-1378-ა-4-2019 1 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებლები (მოპასუხეები) – შ.ქ–ძე, ნ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ე.კ.“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 27 სექტემბერს შპს „ე.კ-მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ.ქ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შ.ქ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სესხის ძირი თანხის - 3004 აშშ დოლარისა და ზიანის, 821 ლარის, გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდნენ 31.01.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 178), მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 2018 წლის 3 მარტიდან და 2018 წლის 16 მარტს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 19 მარტს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მათ არაერთხელ ითხოვეს გადაწყვეტილების ჩაბარება, მათ შორის 30-ე დღესაც გამოცხადდნენ სასამართლოს კანცელარიაში და 2018 წლის 31 იანვრის განცხადების პასუხად ითხოვეს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, რაზეც ეთქვათ უარი, ვინაიდან გადაწყვეტილება მზად არ იყო. დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 5 მარტს ჩაიბარეს, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
8. 2019 წლის 20 მარტს საკასაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მათი მტკიცებით, საკასაციო სასამართლოს არ გადასცემია დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომელიც საპელაციო პალატაში წარადგინეს და სადაც მითითებული იყო, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არათუ მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში არ მოუმზადებია, არამედ, გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2018 წლის 2 მარტს 15:45 საათამდე მზად არ ჰქონდა. (განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა).
9. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით მოპასუხეების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ. და შ.ქ–ძეების საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, რომლითაც მათი კერძო საჩივარი უარყოფილ იქნა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
13. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
14. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების განახლების საფუუძველი, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 2 მარტს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) 15:45 სათზე მოამზადა და ატვირთა ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც მხარისათვის ხელმისაწვდომი ატვირთვიდან 24 საათის შემდგომ, 2018 წლის 3 მარტს (შაბათს) 15:45 სათზე გახდა (იხ. ცნობა, ს.ფ. 274). მითითებული ცნობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აქედან გამომდინარე, დასახელებული მტკიცებულების საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეთათვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომმოპასუხეთა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიო და ნ.ქ–ძეების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება კერძო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი