29 ივლისი, 2016 წელი,
ას-298-285-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ც.კ–ა, ნ.გ–ძე, ვ.ბ–ძე, ი.გ–ე, ე.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.კ–ო, ბმა „ა.“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ.ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.შ–მა, ს.კ–ომ, ვ.შ–ის მემკვიდრე ს.კ–ომ და ე.შ–მა (შემდეგში - მოსარჩელეებმა) სარჩელი აღძრეს ბმა „ა–ის“ (შემდეგში - ამხანაგობის ან მოპასუხის), ქ.ბათუმის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში - მოპასუხეების) წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 52 920 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით: მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ამხანაგობას დაეკისრა 2 247.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ, სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ.ბათუმის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მათ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ლ.კ–ო (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი).
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით: კასატორის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კასატორის სარჩელი დაკმაყოფილდა და ამხანაგობას 25 956 ლარის გადახდა დაეკისრა მის სასარგებლოდ.
8.1. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებმა ამხანაგობაში შეიტანეს 13700 რუსული რუბლი, რომლის სანაცვლოდაც 105 კვ.მ ბინა არ მიუღიათ, შესაბამისად, მოსარჩელეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიადგათ ზიანი. ეს უკანასკნელი კი უნდა განსაზღვრულიყო არა შეტანილი თანხის ოდენობით, არამედ აშენებული ფართის შესაბამისად, ვინაიდან შენატანით აშენდა არა ის, რაც უნდა აშენებულიყო, ანუ ცხრასართულიანი ბინა, არამედ მისი ნახევარი - ოთხსართულიანი ბინა. სადავო გადაწყვეტილებით ამხანაგობას, მისი წევრის სასარგებლოდ, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ (ნაცვლად 105 კვ.მ-ის ღირებულების - 52 920 ლარისა, 55.2 კვ.მ-ის ღირებულების - 25 956 ლარის) თანხის გადახდა დაეკისრა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
10. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ამხანაგობის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
11. 2014 წლის 11 ივლისს ამხანაგობის წევრებმა: ც.კ–მა, ნ.გ–ძემ, ვ.ბ–ძემ, ი.გ–ემ, ე.ჩ–ძემ (შემდეგში: განმცხადებლები, კერძო საჩივრის ავტორები) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმისწარმოების განახლება და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ისე დაეკისრა თანხის გადახდა, რომ ისინი, როგორც ამხანაგობის წევრები, საქმის განხილვაში მოპასუხის სტატუსით ჩართული არ ყოფილან, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება უშუალოდ მათ ქონებრივ ინტერესებს უკავშირდებოდა. საქმის განხილვისას ამხანაგობას წარმოადგენდა თავმჯდომარე ი.ბ–ძე (შემდეგში - ამხანაგობის თავმჯდომარე), რომელიც არ იყო საამისოდ უფლებამოსილი პირი, რადგან, ამხანაგობის წესდების თანახმად, სასამართლოში ამხანაგობის სახელით გამოსვლის უფლება მისთვის ამხანაგობის წევრთა კრებას უნდა მიენიჭებინა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩნებით შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
13.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-14 და 26-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ზოგადად, ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლო დავაშიც, ამხანაგობის წარმომადგენლად მიიჩნევა, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრისათვის გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომელიც დამატებითი მინდობილობის გაცემის გარეშეც, კანონის საფუძველზე ამხანაგობას წარმოადგენს, მხოლოდ ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული განსაკუთრებული საპროცესო მოქმედებების განხორციელება ეზღუდება და სწორედ ამ საპროცესო მოქმედებებისთვის სჭირდება მას ამხანაგობის ყველა წევრის მიერ გაცემული მინდობილობა.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით ამგვარი განსაკუთრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, გარდა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა, თუმცა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა მისი და შ.ჯ–ძის მიერ წარდგენილი საჩივრები დასაშვებად მიიჩნიეს. ამასთან, თავმჯდომარეს ამხანაგობის ინტერესების საზიანოდ არ უმოქმედია, პირიქით, სამივე ინსტანციის სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინტერესების დაცვას ცდილობდა.
13.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა მოცემულ დავაში კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაწილეობდა. სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სასამართლო პროცესში მხარედ მონაწილეობას, რა დროსაც ამხანაგობის ყველა წევრის უშუალოდ, როგორც ფიზიკური პირების, ჩაბმა საქმეში აუცილებელი არ არის, ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეობა სასამართლო დავაში გულისხმობს მისი ყველა წევრის მონაწილეობასაც.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე განმცხადებლებმა კერძო საჩივარი წარადგინეს.
14.1. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს, რომ ნორმა მხოლოდ მაშინ მოქმედებს ამხანაგობის თავმჯდომარის კომპეტენციაზე, თუ ამხანაგობა წესდებას არ მიიღებს. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობამ მიიღო წესდება, რომელიც თავმჯდომარის სასამართლოში და სხვა ორგანოებში მონაწილეობის საფუძვლებს ადგენს, კერძოდ, თავმჯდომარე უფლებამოსილია, ბინის ყველა მესაკუთრის სახელით გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოებში, თუ ამხანაგობის საერთო კრება მას ამ უფლებამოსილებას მიანიჭებს. დავის მიმდინარეობის არცერთ სტადიაზე კრებაზე ასეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, დარღვეულია სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა – წარმომადგენელს არ გააჩნდა მარწმუნებლის ნება მისი სახელით პროცესუალური უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.
14.2 სადავო არ არის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკავშირდება განმცხადებლების უფლებებსა და ინტერესებს, არც ისაა სადავო, რომ სასამართლომ საქმე მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა, ისე, რომ ამხანაგობის თავმჯდომარისათვის არ მიუნიჭებიათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ვლინდება სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე) ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხო მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი არ იყო მოწვეული ამ საქმის განხილვაზე.
16. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით ამხანაგობას, რომლის წევრები თავადაც არიან (რაც დასტურდება 11.03.2011 წლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და ამხანაგობის 2011 წლის მაისის კრების N16 ოქმით), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 956 ლარის გადახდა. ის, რომ განმცხადებლები ამხანაგობის წევრები არიან და სადავო გადაწყვეტილება მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს შეეხო, სასამართლოს არ უარუყვია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა დავაში უფლებამოსილი პირის - თავმჯდომარის მეშვეობით მონაწილეობდა და იმ საპროცესო მოქმედებათა უმრავლესობა, რომელიც მან შეასრულა, ამხანაგობის საერთო კრების მიერ გაცემულ მინდობილობას არ საჭიროებდა.
17. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, იმ საკითხის გადასაწყვეტად, ჰქონდა თუ არა თავმჯდომარეს უფლებამოსილება, წარმოედგინა ამხანაგობა სასამართლოში ერთ-ერთი ამხანაგობის წევრის მიერ ამავე ამხანაგობის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაძლოა, აღნიშნული განპირობებული იყო იმითაც, რომ გადაწყვეტილება, რომლის ბათილობასაც განმცხადებლები მოითხოვენ, ეფუძნება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობას აწესრიგებდა მითითებული კანონი, რადგან სსკ-ის 1512-ე მუხლის შინაარსიდან (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით) გამომდინარეობდა, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების უფლებამონაცვლეებად ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები იქნენ მიჩნეული (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება). მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო განცხადების განხილვისას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებას არასწორად მიიჩნევს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც მითითებული ნორმები არ ადგენს მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მენაშენეთა (ამხანაგობის წევრთა) უფლება-მოვალეობებს, არამედ უკვე აშენებული (ექსპლუატაციაში მიღებული) სახლის მესაკუთრეთა სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. ამდენად, სსკ-ის 1512-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ეხება დასრულებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეთა შორის წარმოშობილ უფლება-ვალდებულებებს (შდრ.: იხ. სუსგ №ას-666-887-08, 31.01.2009წ).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კორპუსი ცხრასართულიანი უნდა აშენებულიყო. რეალურად აშენდა ოთხსართულნახევრიანი შენობა. კორპუსი ამჟამადაც არ არის დასრულებული. წინა პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, რაკი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ყოფილ წევრთა უფლება-მოვალეობები, რომლის მშენებლობაც 1997 წლის 25 ნოემბრისათვის დასრულებული არ იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ოცდამეხუთე თავით (ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) დადგენილი ნორმების (სსკ-ის 930-ე-940-ე მუხლები) მიხედვით უნდა მოწესრიგდეს. ეს დასკვნა გამომდინარეობს სსკ-ის 1507-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან (იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ). მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ კოოპერატივის ყოფილ წევრებს (ასევე მათ უფლებამონაცვლეებს) შორის წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები, ამიტომ მათ მიმართ ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები უნდა გამოვიყენოთ (შდრ.: სუსგ №ას-584-553-2014, 17 დეკემბერი, 2015 წელი).
19. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს, მის მიერ შესრულებული შესატანის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა 105 კვ.მ ფართი. ამხანაგობის წევრებმა ამხანაგობის ქონება გაიყვეს თუმცა, მოსარჩელეს არ გადასცეს შეთანხმებული ფართი, რითაც ამ უკანასკნელს გადასაცემი ფართის ღირებულების ზიანი მიადგა. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა შეიძლება, დაეფუძნოს სსკ-ის 935.1 (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად), 937.1 (ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს.
20. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამხანაგობის იმ წევრებმა, რომლებმაც ამხანაგობის ქონება გაინაწილეს, დაარღვიეს მისი, სსკ-ის 935.1 მუხლიდან გამომდინარე, წილის შესაბამისი ქონების მიღების უფლება. ხელშეკრულების მონაწილეთა ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას სსკ-ის 937-ე მუხლის მეორე წინადადება განსაზღვრავს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, როდესაც ამხანაგობის წევრი (წევრები) დაარღვევს ამხანაგობის ხელშეკრულებით მასზე (მათზე) დაკისრებულ ვალდებულებას, დგება მისი (მათი) წილის შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი სხვა წევრების წინაშე.
21. ამდენად, ამანაგობის წევრთა მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ამხანაგობის წევრისათვისვე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირები ზიანის მიმყენებელი ამხანაგობის წევრები არიან, პასუხისმგებლობა კი - წილობრივია (განსხვავებით ამხანაგობის წევრთა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობისაგან, რომელიც, სსკ-ის 937.1 მუხლის პირველი წინადადებიდან გამომდინარე, სოლიდარულია). შესაბამისად, მოსარჩელე და ის წევრები, რომლებმაც გაინაწილეს ამხანაგობის ქონება, ერთმანეთის წინაშე გამოდიან, როგორც კრედიტორი და მოვალე, და სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობენ არა ამხანაგობის, არამედ თავიანთი სახელით.
22. რა შეეხება საკითხს, შეეძლო თუ - არა ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოედგინა მოპასუხეთა ინტერესები, პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, სსკ-ის 934.3 მუხლის (თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია) თანახმად, თავმჯდომარე ამხანაგობას წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუმცა ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ამხანაგობის წევრებს ერთმანეთთან აქვთ, განსხვავდება იმ სამართლებრივი ურთიერთობებისაგან, რომელიც ამხანაგობას მესამე პირებთან აქვს. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, ამხანაგობის საქმეების გაძღოლის დაკისრება გულისხმობს ამხანაგობის მონაწილეთა მიერ იმ უფლების გამოყენებას, რომლებიც მიმართულია არა ერთმანეთის მიმართ, არამედ საერთო მიზნის მისაღწევად. ზუსტად ამ უფლებების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამხანაგობის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც წარმოეშობა მათი კეთილსინდისიერად შესრულების (საერთო საქმეების გაძღოლის) ვალდებულება.
23. რაც შეეხება ამხანაგობის საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული სიკეთის განაწილებას, პალატა მიუთითებს ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ამხანაგობის ქონების განაწილება გავლენას ახდენს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მონაწილეთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რამაც შეიძლება, დაარღვიოს „შიდა სახელშეკრულებო” ბალანსი. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის მიერ ამ ბალანსის აღდგენის მოთხოვნა გავლენას ახდენს ამავე ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა უფლებებზე, რომლებიც უკავშირდებიან არა ამხანაგობის საქმეების გაძღოლას, არამედ მის შედეგად ამხანაგობის შექმნის მიზნით არსებული უფლების დაკმაყოფილებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ამხანაგობის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გამოდიან, როგორც კრედიტორი და მოვალე, და მონაწილეობენ სასამართლოში არა ამხანაგობის, არამედ თავისი სახელით“ (იხ. სუსგ Nას-90-423-09, 4.06.2009). მოცემულ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობს არა მესამე პირებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, არამედ თავად ამხანაგობის წევრებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ამხანაგობის ქონების განაწილების კანონიერებაზე დავობს. შესაბამისად, ასეთ დროს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სსსკ-ის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (სსსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის წევრის მიერ აღძრული სარჩელის განხილვისას მოპასუხე არა ამხანაგობა, არამედ მისი ის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც, მოსარჩელის მტკიცებით, სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვიეს. ასეთ შემთხვევაში კი (როდესაც წევრები ერთმანეთის წინაშე როგორც კრედიტორი და მოვალე გამოდიან), როგორც ითქვა, ამხანაგობის თავმჯდომარეს მოპასუხე წევრების სასამართლოში წარმოდგენა საერთო საფუძველზე შეუძლია.
25. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეეხო საქმისწარმოების განახლების მთხოვნელთა უფლებებს (იხ. პ.16), რომლებიც საქმის განხილვაში არ ყოფილან მოწვეული და არც სათანადო წესით წარმოდგენილი. ეს გარემოება კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების საფუძველია სსსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.
26. ამასთან, თუნდაც მოცემული ურთიერთობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივ ურთიერთობას დავუკავშიროთ და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ვიხელმძღვანელოთ, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებითაა, ის მაინც იურიდიულად დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
26.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება, ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე - სხვა საჭირო რეკვიზიტები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს განცალკევებული ქონება; მას შეუძლია, თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები; სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. ხოლო, ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში არ იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ვიდრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით. დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წესდება 2008 წელს მიიღო, შესაბამისად, თავმჯდომარეს უფლებამოსილება წესდების შესაბამისად უნდა განეხორციელებინა („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე).
26.2 წესდების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყველა ბინის მესაკუთრის სახელით გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოებში, თუ ამხანაგობის საერთო კრება მიანიჭებს მას ამ უფლებამოსილებას. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრებას თავმჯდომარისათვის არ მიუნიჭებია უფლებამოსილება, რომ მითითებულ დავაში მოპასუხედ დასახელებული ამხანაგობა წარმოედგინა.
26.3. ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივ ურთიერთობაშიც, როდესაც დავა არ ეხება ამხანაგობის საქმიანობას („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა), არამედ წევრთა იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგაა მიმართული, თავმჯდომარე არ შეიძლება, მივიჩნიოთ ამხანაგობის წარმომადგენლად. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული დანაწესი (26.7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს არ ანიჭებს უფლებას, სასამართლოში წარმოადგინოს ამხანაგობის წევრები იმ დავასთან დაკავშირებულ საქმეში, რომელიც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მათთვის გადაცემულ ინდივიდუალურ ფართებს შეეხება. ასეთ დროს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (სსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები) (სუსგ №ას-1073-1024-2013, 10 მარტი, 2015 წელი). ამდენად, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა თავმჯდომარე უფლებამოსილი, წარმოედგინა ამხანაგობა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმისწარმოების განახლებისას, ზემოხსენებულ მსჯელობათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (სათანადო მოპასუხეები) და საქმე მათი მონაწილეობით განიხილოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.კ–ას, ნ.გ–ძის, ვ.ბ–ძის, ი.გ–ესა და ე.ჩ–ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი