Facebook Twitter

29 დეკემბერი, 2016 წელი,

№ას-877-844-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი/მ ფ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.გ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. ზუგდიდში, ...... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .....) 2015 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ნ.გ–ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი) საკუთრებად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ.ნ–ამ (შემდეგში აღმასრულებელი), 2015 წლის 5 ოქტომბერს, 13:40 სთ-ზე და 15:20 სთ-ზე შეადგინა აქტი მოვალეების, მ.ნ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე) და ი.თ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მოვალე), ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის საფუძველზე ქ. ზუგდიდში, ...... ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) დივან-სავარძლის სამეული; 2) მომწვანო მაგიდა, ქვისებრი ზედაპირით; 3) გასაშლელი, ოვალური ფორმის, ყავისფერი მაგიდა; 4) 6 ცალი მოწითალო, ნაჭერგადაკრული სკამი; 5) LG-ის ფერადი ტელევიზორი; 6) შავი ტელევიზორის მაგიდა, შუშის ზედაპირით; 7) კომპიუტერის კომპლექტი; 8) კომპიუტერის კომპლექტი; 9) კარადის კომპლექტი; 10) LG-ის სარეცხი მანქანა; 11) მაცივარი; 12) სამზარეულოს მაგიდა წითელი შუშის ზედაპირით; 13) მისაღები დარბაზის გარნიტური; 14) საძინებლის კომპლექტი.

3. აღსრულების კრედიტორია ფ.ა–ა (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კრედიტორი), მოვალეები არიან პირველი და მეორე მოპასუხე. იძულებითი აღსრულება დაიწყო მეორე მოპასუხის მიმართ, ერთი და იმავე კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული 3 სხვადასხვა სააღსრულებო ფურცლისა (2/389-15, 2/383-15, 2/378-15) და პირველი მოპასუხის მიმართ იმავე კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

4. 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტებში მითითებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზეც იშუამდგომლა.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლომ სადავო მოძრავ ნივთებზე სააღსრულებო წარმოება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეაჩერა.

6. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, საქმეზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაეთანხმნენ.

7. მესამე მოპასუხემ სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოვალეებთან ნათესაური კავშირი აკავშირებდა, მათთან ერთად ცხოვრობდა და უძრავი ქონებაც პირველი მოპასუხისგან 2015 წლის 23 ივნისს - სადავო მოძრავი ქონების სააღსრულებო წარმოებისათვის არიდების მიზნით შეისყიდა. ამასთან მოსარჩელემ არ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც სადავო მოძრავ ნივთებზე მის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 158-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე და 45-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

8.2. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად სსკ-ის 158-ე მუხლი მოიხმო, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებულ ქონებაზე დადგინდა მეორე მოპასუხის პირდაპირი მფლობელობა. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გაქარწყლების ტვირთი სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე უცილობლად არ ადასტურებდა მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ მიუთითებია, კონკრეტულად საქმის რომელი მასალებით დადასტურდა დაყადაღებულ ნივთებზე პირველი მოპასუხის პირდაპირი მფლობელობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო მოსარჩელე და, სსკ-ის 151-ე მუხლის შესატყვისად, უძრავ ქონებაში არსებული მოძრავი ნივთებიც მას ეკუთვნოდა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლომ ყადაღისგან გაათავისუფლა სადავო მოძრავი ქონება.

10.1. პალატამ გაიზიარა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები და, ამასთან, დამატებით დაადგინა:

10.1.1. 2015 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებულ, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების შინაარსის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადებას ესწრებოდა პირველი მოპასუხე, რომელმაც აღნიშნა, რომ აღწერილ-დაყადაღებული ნივთები საცხოვრებელი ბინის იმჟამინდელი მესაკუთრის (მოსარჩელის) საკუთრება იყო (იხ.ს.ფ.15-20).

10.2. პალატის მოსაზრებით, სადავო ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში ყოფნის ფაქტი, სააღსრულებო წარმოებას მიქცეულ ნივთებზე აპელანტის მფლობელობას ადასტურებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 151-ე მუხლის დანაწესის შესატყვისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნეოდა.

10.3. სსკ-ის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციის პირობებში, მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ქონება მოვალეებს ეკუთვნოდა და არა მოსარჩელეს, მესამე მოპასუხის მხარეზე იყო, რომელმაც განსახილველი დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

11.1. კასატორის მოთხოვნა შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხეებთან მოსარჩელის ნათესაური კავშირი, რომლის გამოყენებით მოსარჩელემ ის უძრავი ქონება შეისყიდა, სადაც განთავსებულია სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთები. მოპასუხემ უძრავი ქონება მოსარჩელის სახელზე მას შემდეგ გაასხვისა, რაც საქმე სააღსრულებო ბიუროს აღსრულების მისაქცევად გადაეცა. ამდენად, უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, უცილობლად ვერ ადასტურებს სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია , რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

16.1. მოცემულ შემთხვევაში, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილისა და (საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად) სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის (ივარაუდება რომ ნივთის მფლობელია მისი მესაკუთრე) შინაარსიდან გამომდინარეობს.

16.2. განსახილველ დავაზე მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ, 2015 წლის 17 ივნისიდან უძრავი ნივთის (რომელშიც განთავსებულია სადავო მოძრავი ქონება) მესაკუთრეა მოსარჩელე.

16.3. სანივთო სამართალში განმტკიცებული მართლწესრიგის ფარგლებში, უძრავი ნივთის (როგორც მთავარი ნივთის) შემძენის საკუთრებად მოიაზრება შესაბამის ქონებაში მდებარე მოძრავი საგნები. ამასთან, აღნიშნული პრეზუმფცია არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, დაამტკიცოს მისი საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი მთავარი ნივთის საკუთვნებელზე.

16.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

16.5. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელობის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს, რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის გზით საფუძველი უნდა გამოაცალოს საკუთვნებელზე მთავარი ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილების გავრცელების პრეზუმფციას. საგულისხმოა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, კასატორს არ წარუდგენია საკუთარი მოთხოვნის შესატყვისი მტკიცებულებები, რაც საკუთვნებლის მიმართ მოსარჩელის საკუთრების უფლებას გამორიცხავდა.

16.6. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შესყიდვის მოტივზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო სააღსრულებო წარმოება მიქცეული ნივთები სსკ-ის 151-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ეკუთვნოდა თუ არა მოსარჩელეს - როგორც მთავარი ნივთის მესაკუთრეს. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებდა უძრავი ქონების გასხვისების კანონიერ და ზნეობრივ მხარეზე, კერძოდ, უძრავი ნივთის გასხვისებისას რა იურიდიული ინტერესი ამოძრავებდა პირველ მოპასუხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორს შეეძლო, საკუთარი კრედიტორული მოთხოვნის განხორციელების უზრუნველსაყოფად სხვა დავის ფარგლებში სადავოდ გაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა შეაფასოს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში. იმ პირობებში კი, როდესაც კრედიტორი რელევანტური სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით არ შესდავებია პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებულ გარიგებას და შესაბამის სასამართლოს არ დაუდგენია გარიგების არამართლზომიერების ფაქტი, კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ მითითებაზე, რომ უძრავი ქონება გასხვისდა სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებულ მოძრავ ნივთებზე აღსრულების არიდების მიზნით, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე Nას 204-197-2013, 01.07.2013წ, საქმე Nას-262-253-2012, 25.06.2012წ, საქმე Nას-305-293-2012, 7.05.2012წ. საქმე Nას-1522-1529-2011, 29.12.2011წ.).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ ფ.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ი/მ ფ.ა–ას დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ი/მ ე.ფ–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #465, გადახდის თარიღი 26.07.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი