17 ივლისი, 2019 წელი.
№ას-921-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ბ.ღ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.ვ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: თ.ვ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.გ–ისა (შემდეგში პირველი მოპასუხისა) და ბ.ღ–ასგან (შემდეგში მეორე მოპასუხისგან) გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, კერძოდ, თელავის რაიონის სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადატრო კოდით N....
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 1 ივლისს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ე.პ–ეს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 44-45).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 2 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 4 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას განცხადებით მომართა 2019 წლის 8 ივლისს და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. აღნიშნული განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 5 ივლისს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ღ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე