№ას-1348-1268-2017 30 აპრილი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – თ.ა.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ი.ბ., გ.ა., ა.ა.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ა. (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეუღლე) და ი.ბ. (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, სადავო ქონების შემძენი, მეუღლე) 1998 წლის 7 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/15700-13), მეუღლებს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. განქორწინება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 14 ივლისს დარეგისტრირდა.
3. 2007 წლის 18 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ..... N137, მე-3 სართულზე, 30.00 კვ.მ ბინა N16, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N .... (შემდეგში სადავო ქონება, უძრავი ქონება/ნივთი), მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.
4. 2015 წლის 29 ივლისით დათარიღებული ჩუქების ხელშეკრულებით, მესაკუთრემ სადავო ქონება შვილებს - გ. და ა. ა–ებს აჩუქა. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი მათ თანაბარწილ საკუთრებად არის რეგისტრირებული.
5. 2014 წლის 27 მარტს მეუღლეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე სადავო ქონებაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა. დოკუმენტი დამოწმებულია სანოტარო წესით (იხ ტ 1, ს.ფ. 63).
6. 2016 წლის 26 თებერვალს, მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და შესაბამისი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან დასახელებული ქონება საკუთარი სახსრებით შეიძინა. ამასთან, სადავო ქონებაზე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რაც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას გამორიცხავდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის 173-ე,1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1168-ე, 1161-ე, 1164-ე, 323-ე და 1165-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
8.2. სასამართლოს განმარტებით, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში იყო შეძენილი და არსებობდა მისი თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს, კანონმდებელმა უპირატესობა მეუღლეთა შეთანხმებას მიანიჭა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეები ქორწინების პერიოდში ქონების გაყოფის წესზე შეთანხმდნენ, კერძოდ, მოსარჩელემ თანხმობა გამოხატა სადავო ქონება მოპასუხის საკუთრებად განსაზღვრულიყო და, ამდენად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დამატებით ემსჯელა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე, ვინაიდან შესაბამისი ქმედება არ გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს - უძრავი ნივთის ½ წილზე მის მესაკუთრედ აღიარებას.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ უძრავი ნივთი ქორწინების პერიოდში იყო შეძენილი და მოწინააღმდეგე მხარეს უფლება არ ჰქონდა, მისი თანხმობის გარეშე დაედო ჩუქების ხელშეკრულება. ამასთან, აპელანტმა უარყო უძრავ ნივთის საკუთრების უფლებაზე უარის თქმის ფაქტი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.
10.2. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საქმის მასალებით დადასტურდა სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტი, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარისთვის ამ ქონების მიკუთვნების შესახებ, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, აპელანტის მსჯელობა, რომ იგი მეუღლის მიერ უძრავი ნივთის განკარგვის მომენტში კვლავ ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
11.1. სსკ-ის 1158-ე და 1159-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. ამდენად,მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილი არ იყო, ერთპიროვნულად განეკარგა უძრავი ნივთი.
11.2. კასატორის განმარტებით, 27/03/2014 წლის ხელწერილით, მან ნება გამოავლინა, სადავო ბინაში არსებული ჭურჭელი და ავეჯი განსაზღვრულიყო მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად. ხელწერილიდან არ გამომდინარეობდა, რომ კასატორმა უარი თქვა სადავო ბინის წილზე მეუღლის სასარგებლოდ.
11.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მას უკანონოდ დააკისრა ადვოკატის ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
16.1. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენლი) და 1159-ე (თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16.2. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისა თუ განკარგვის წესის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1158-1159-ე მუხლებით რეგლამენტირებული დანაწესი დისპოზიციური შინაარსისაა და მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში შესაძლებელია, ქონებრივი ურთიერთობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე, განქორწინების შემდგომ განსახვავებულად მოწესრიგდეს. ამავე კოდექსის 1165-ე მუხლი კი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული მაშინ - სასამართლოს მიერ. განსახილველი შემთხვევა, სწორედ ასეთ, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ქონების გაყოფის განსხვავებულ წესს უკავშირდება. მოსარჩელემ ხელწერილში ნათლად და ცალსახად გამოავლინა სადავო ქონებაზე უარის თქმის ნება, რასაც შეუქცევადი ხასიათი აქვს. საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კასატორის მსჯელობას, რომ მან მხოლოდ უძრავ ქონებაში არსებული ჭურჭლის მოპასუხისადმი კუთვნილება განსაზღვრა. ხელწერილი არ შეიცავს იმგვარ ბუნდოვან დათქმებს, რომელიც შესაძლოა, ინტერპრეტაციისა და განმარტების საგანი გახდეს, წერილობითი დოკუმენტი მკაფიოდ მიუთითებს უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპასუხის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, კასატორმა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში უარი თქვა სადავო ქონებაზე მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელებაზე, კასატორის შედავება მეუღლის მიმართ უძრავი ნივთის განკარგვისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, სამართლებრივად მოკლებულია საფუძვლიანობას.
16.3. არარელევანტურია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის 100 ლარის დაკისრების ნაწილშიც კასატორის პრეტენზია, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კასატორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამასთან, საქმეში დაცული სხდომის ოქმიდან (იხ. ტ.2, ს.ფ. 47-60) ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსახილველ საქმეზე იურიდიული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე, რითაც შესაბამისი მხარის იურიდიული ინტერესი გამოიკვეთა ადვოკატის ხარჯის გადახდის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოწესრიგების სფეროში მოქცევის თაობაზე. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მოქმედება სწორად შეაფასა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის აპელანტისათვის დაკისრების მოთხოვნად და ამდენად, აღნიშნული გარემოებისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ხარჯების განაწილების წინამდებარე წესის გათვალისწინებით, კასატორის შედავება ადვოკატის ხარჯის დაკისრების კანონიერების მიმართ უსაფუძვლოა და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. Nას-1020-1257-04, 25 მარტი, 2005 წელი).
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი