Facebook Twitter

№ას-1495-2018 1 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – შ.ქ–ძე, გ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ე.კ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 27 სექტემბერს შპს „ე.კ-მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.ქ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შ.ქ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სესხის ძირი თანხის - 3004 აშშ დოლარისა და ზიანის, 821 ლარის, გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდნენ 31.01.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 178), მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 2018 წლის 3 მარტიდან და 2018 წლის 16 მარტს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 19 მარტს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მათ არაერთხელ ითხოვეს გადაწყვეტილების ჩაბარება, მათ შორის 30-ე დღესაც გამოცხადდნენ სასამართლოს კანცელარიაში და 2018 წლის 31 იანვრის განცხადების პასუხად ითხოვეს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, რაზეც ეთქვათ უარი, ვინაიდან გადაწყვეტილება მზად არ იყო. დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 5 მარტს ჩაიბარეს, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

8. 2019 წლის 20 მარტს საკასაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მათი მტკიცებით, საკასაციო სასამართლოს არ გადასცემია დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომელიც საპელაციო პალატაში წარადგინეს და სადაც მითითებული იყო, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არათუ მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში არ მოუმზადებია, არამედ, გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2018 წლის 2 მარტს 15:45 საათამდე მზად არ ჰქონდა. (განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით, შიო და გ.ქ–ძეების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება კერძო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინეს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაეთვალოთ, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, ხოლო გადაწყვეტილების მზაობისა და მისი ჩაბარების თხოვნით კომუნიკაცია ჰქონდათ სასამართლოსთან, რაც დასტურდება მათ მიერ წარდგენილი განცხადებითა და სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გაცემული ცნობით.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოამზადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ისიც დღის ბოლოს. ეს გარემოება, დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის, სახელდობრ, ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მათ ვერ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში. ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 5 მარტს ჩაჰბარდათ, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 06.03.2018 წელს დაიწყო და 19.03.2018 წელს ამოიწურა. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 19 მარტს წარადგინეს (იხ. ს.ფ. 191), შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.

15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. და გ.ქ–ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი