საქმე №ას-11-2019 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ''ჩ.რ... ბ.ჯ– ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე /ს/კ ..../ უძრავი ქონება, ნ.ნ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, დაზარალებული, აპელანტი) საკუთრებას წარმოადგენს (იხ.ტ.1, ს.ფ. 15);
2. შპს ''ჩ.რ...ბ.ჯ–ი" (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, კასატორი) სარკინიგზო გვირაბს აშენებს წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიაზე. კომპანიამ მშენებლობის პროცესში მიწისქვეშა აფეთქებები გამოიყენა.
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიუროს) 2017 წლის 20 მარტის N001431317 დასკვნის თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ რაიონში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობით. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერად აფეთქებას, ასევე, მისგან წარმოქმნილ დინამიკურ დატვირთვას კედლებზე არსებული დაზიანებების პროგრესირება და ახალი ბზარების განვითარების გამოწვევა შეეძლო. საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, ძირითადად II ხარისხისაა. ასაკობრივი ცვეთიდან გამომდინარე - მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საექსპლუატაციოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით, სახლზე საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) უნდა გაიკრას (ტ. 1, ს.ფ. 16-29).
4. მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 11950.02 ლარით (ტ. 1, ს.ფ. 30-40).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 20 თებერვალს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, 11950 ლარის დაკისრება მოითხოვა, აგრეთვე - ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.
5.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1965 წელს.
5.3 მოსარჩელის განმარტებით, ყველა შენობა განიცდის ფიზიკურ ცვეთას, თუმცა მოპასუხის მიერ სარკინიზო გვირაბის აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას, საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა და განმარტა, რომ, დასკვნის თანახმად, სახლს რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყელი არ გააჩნია, რაც მშენებლობის წესების დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, შენობაზე დაყენებული არასტანდარტული ქაღალდის ყალაურებით ირკვევა, რომ ბზარების გახსნილობა არ არის მომატებული, რაც კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს გამორიცხავს.
6.2 მოპასუხის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა აგებულია ვარაუდზე და მისი კვლევითი ნაწილი მხოლოდ გარეგანი დათვალიერების შედეგებს ეფუძნება, შესაბამისად, დასკვნა დაუსაბუთებელია და რაიმე კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან არ გამომდინარეობს.
6.3 მოპასუხემ მიუთითა, რომ საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, კომპანია "ე–მა" წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სოფელში, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოების ზეგავლენა შეაფასა იმ მიზნით, რომ აფეთქების სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები შემოწმებულიყო, რათა ბიძგები დასაშვებ ნორმებში ყოფილიყო. ექსპერტიზის ბიუროს აღნიშნული კვლევის შედეგები არ გამოუყენებია, ხოლო მას სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ არ გააჩნდა.
6.4 მოპასუხის განმარტებით, ზემოაღნიშნული კომპანიის კვლევის თანახმად, მოპასუხის აფეთქებით სამუშაოებს, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.
6.5 მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც და განმარტა, რომ აუდიტმა განსაზღვრა, შეკეთებულიყო ის დაზიანებები, რომელთა წარმოქმნაშიც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის და გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობით.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 317-ე და 992-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობა არ დასტურდება.
8. სააპელაციო საჩივარი
8.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
9.1.1 გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება;
9.1.2 მოპასუხეს მოსარჩელის სასარჩებლოდ 5975 ლარის გადახდა დაეკისრა.
9.2 სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 317-ე, 992-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 415-ე მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა შერეული ბრალის არსებობაზე.
9.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 23 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ შენობაზე ბზარები შეიძლება ჯდენითი დეფორმაციით ან დინამიკური ზემოქმედებით იყოს გამოწვეული. ჯდენითი დეფორმაციის დროს, ბზარები კონკრეტული მიმართულებით ჩნდება და ერთ კონკრეტულ ადგილას იყრის თავს, ხოლო დინამიკური დატვირთვის დროს - სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა კედელზე. ექსპერტმა განმარტა, რომ საქმეში არსებულ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში მითითებული „შეეძლო გამოეწვია“ დაწერილია იმის გამო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბზარები პირველ და მეორე ტორსულ კედლებზე, ასევე, უკანა კედელზე ადის, ამიტომ ბზარების ხასიათიდან გამომდინარე, დასკვნაში მიეთითა, რომ განვითარება დინამიკურ დატვირთვას შეეძლო გამოეწვია.
9.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე, როგორ უნდა ყოფილიყო გაგებული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, სახლი დააზიანა თუ არა მოპასუხის ქმედებებმა, ექსპერტმა მიუთითა, რომ - ნაწილობრივ დააზიანა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ შენობას ბზარები მანამდეც შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა, მისი განმარტებით, არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ბზარების ხანდაზმულობას განსაზღვრავს. ექსპერტის განმარტებით, როცა ბზარები რამდენიმე თვის გაჩენილია, მისი ხანდაზმულობის დადგენა შესაძლებელია, თუმცა, ძველი ბზარების შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. ექსპერტმა, აფეთქებებით დაზიანებების გამოწვევა არ გამორიცხა, თუმცა ცალსახად ისიც ვერ განმარტა, რომ ბზარები მხოლოდ აფეთქებების შედეგია.
9.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექსპერტმა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ შენობას ისეთი ბზარებიც აღენიშნება, რომლებიც, როგორც წესი, დინამიკური ზემოქმედების შედეგად ჩნდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამოწვეული ზიანი, შესაძლებელია ნაწილობრივ მოპასუხის ქმედებით ყოფილიყო გამოწვეული, ანუ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს.
9.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დგინდება, რომ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა, მოპასუხემ მონიტორინგი 2012 წლის ოქტომბერში, ფართომასშტაბიანი მონიტორინგი კი - მხოლოდ 2013 წლის მარტში დაიწყო. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული კომპანია „ე–ის“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, სასამართლოს ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ დასკვნა გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების კვლევას სრულად ასახავს.
9.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაც (შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), რომლის თანახმად, ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავს მასშტაბურ მშენებლობებს დაიწყებდა, რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოეკვლია, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, მშენებლობამ რა დააზიანა. საქმის მასალებით კი, მსგავსი კვლევა არ დასტურდება, რაც, მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით, კომპენსირებული ვერ იქნება.
9.8 სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და ექსპერტიზის დასკვნის, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ექსპერტის ჩვენების ერთობლივად გამოკვლევით დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შერეული ბრალი.
9.9 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მას შემდეგ, რაც ექსპერტის განმარტებით დადგინდა, რომ გამოწვეული ზიანი შესაძლოა, ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ განხორციელებულ დინამიკურ დატვირთვას გამოეწვია, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და იმგვარ გარემოებებზე მითითება წარმოადგენდა, რომლითაც მსგავს დინამიკურ დატვირთვებს უძრავ ქონებაზე იდენტური დაზიანებების მიყენება შეეძლო. ამგვარი გარემოებების არსებობა კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
9.10 სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ იგი ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხება და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული.
9.10 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპანია ,,ე–ის“ დასკვნა, თავისი მნიშვნელობით, კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და ამ დასკვნის განმარტებისთვის დაკითხული ექსპერტის ჩვენებას ვერ აქარწყლებს, რომლის თანახმად, გვირაბის მშენებლობისას დინამიკურ დატვირთვებს (მრავალჯერად აფეთქებებს) შესაძლოა, იმ ტიპის დაზიანებები გამოეწვია, რაც სადავო უძრავ ქონებას აღენიშნება.
9.11 ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილ სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ღირებულება 11950 ლარით განისაზღვრა.
9.12 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ როდესაც მოდავე მხარეთა შორის შერეული ბრალის არსებობა დგინდება და ამავდროულად, თითოეული მხარის მიერ მიყენებული ზიანის პროცენტულობის დათვლა ვერ ხერხდება, მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მხარეებს თანაბრად უნდა გადაუნაწილდეთ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 11 950 ლარს შეადგენდა, ამიტომ მოპასუხეს, ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, 5 975 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოპასუხემ (კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად არ შეაფასა.
9.3 კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 20 მარტის დასკვნაზე და განმარტავს, რომ, დასკვნის თანახმად, სახლს რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყელი არ გააჩნია, რაც მშენებლობის წესების დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, დასკვნის თანახმად, შენობაზე დაყენებულია არასტანდარტული ქაღალდის ყალაურები, რომლითაც ირკვევა, რომ ბზარების გახსნილობა არ არის მომატებული, ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიას მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.
9.4 მოპასუხის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა აგებულია ვარაუდზე და მათი კვლევითი ნაწილი მხოლოდ გარეგანი დათვალიერების შედეგებს ეფუძნება, შესაბამისად, დასკვნები დაუსაბუთებელია და რაიმე კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან არ გამომდინარეობს.
9.5 კასატორის განმარტებით, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ უძრავი ქონების ზოგიერთი დაზიანება შესაძლებელია რკინიგზის გვირაბის მშენებლობის გამო წარმოებულ აფეთქებებს გამოიწვია, მაგრამ ცალსახად იმაზე მითითება, რომ სახლზე არსებული დაზიანებები ამ მიზეზით არის გამოწვეული, დაუშვებელია.
9.6 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა პირდაპირი მტკიცებულება, კომპანიის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებასთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის შესახებ. მით უფრო, როცა დინამიკური დატვირთვის მიზეზი შესაძლებელია, ყოფილიყო განვლილი პერიოდის მიწისძვრები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორის განმარტებით, იმის გაზიარება, რომ დინამიკური დატვირთვა აუცილებლად აფეთქებების შედეგია, არასწორია.
9.7 კასატორი, კომპანია ,,ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და 2018 წლის 6 მარტის დასკვნებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ კვლევის თანახმად, კომპანიის აფეთქებით სამუშაოებს, ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში.
9.8 კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 8.6 ქვეპუნქტში მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების 9.7 ქვეპუნქტში მითითებულმა კომპანიამ 2018 წლის 6 მარტს უშუალოდ მოსარჩელის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოამზადა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება აფეთქებასაშიში ზონის გარეთ მდებარეობს, მშენებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის 111 მეტრია, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი - 450 მეტრი, ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები ნორმის ფარგლებში იყო და სახლის მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
9.9 კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულს საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემებიც ადასტურებს, რომლის თანახმად, დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი სახლის მიმართ, არ დაფიქსირებულა. კასატორის განმარტებით, 2017 წლის დასკვნა სწორედ ამ მონაცემების მიხედვით არის შედგენილი და 2017 წელს გაცემული დასკვნა არ მიუთითებს იმაზე, რომ დასკვნაში ასახული მონაცემები მოძიებულია იმავე წელს.
9.10 კასატორის განმარტებით, გვირაბის მშენებლობა, მართალია, 2012 წლის ზაფხულს დაიწყო, მაგრამ თავდაპირველ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და გვირაბი მექანიკური ექსკავაციის წესით ითხრებოდა, ვინაიდან ქანები რბილი იყო და აფეთქება საჭირო არ იყო. კასატორის განმარტებით, როდესაც ამის საჭიროება შეიქმნა, დაახლოებით ოქტომბერში შესაბამისი აპარატურაც დაიდგა და გვირაბის გათხრის სამუშაოების მანძილის ზრდის შესაბამისად თანდათანობით ემატებოდა.
9.11 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 8.6 ქვეპუნქტში მითითებული მსჯელობა სწორიც რომ იყოს, მოსარჩელის უძრავი ქონება 450 მეტრში მდებარეობს ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე და საცხოვრებელი სახლის მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
20. მოსარჩელე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებას (მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს) ადასტურებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ რაიონში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობით. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერად აფეთქებას, ასევე, მისგან წარმოქმნილ დინამიკურ დატვირთვას კედლებზე არსებული დაზიანებების პროგრესირება და ახალი ბზარების განვითარების გამოწვევა შეეძლო. საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, ძირითადად II ხარისხისაა. ასაკობრივი ცვეთიდან გამომდინარე - მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საექსპლუატაციოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით, სახლზე საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) უნდა გაიკრას (ტ. 1, ს.ფ. 16-29).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ბზარები მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების პირველი და მეორე ტორსულ კედლებსა და უკანა კედელზე ადის, რაც მათი განვითარების დინამიკური დატვირთვის შედეგზე მიუთითებს, ვინაიდან ამ დროს, ბზარები სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა კედელზე ჩნდება. სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე, როგორ უნდა ყოფილიყო გაგებული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, სახლი დააზიანა თუ არა მოპასუხის ქმედებებმა, ექსპერტმა მიუთითა, რომ - ნაწილობრივ. ექსპერტმა, აფეთქებებით დაზიანებების გამოწვევა არ გამორიცხა, თუმცა ცალსახად ისიც ვერ განმარტა, რომ ბზარები მხოლოდ აფეთქებების შედეგია.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის იმ განმარტებაზეც, რომლის თანახმად, შენობას ისეთი ბზარებიც აღენიშნება, რომელიც, როგორც წესი, დინამიკური ზემოქმედების შედეგია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №72-72-2018, 15.02.2018წ.).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ (კასატორმა) მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად, კომპანია ,,ე–ის“ 2017 წლის ივლისის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება და იმავე კომპანიის 2018 წლის 6 მარტის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის კვლევის ობიექტს წარმოადგენს გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს შეეძლო თუ არა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი 2017 წლის ივლისის კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს და სწორედ მასში ასახულ ანგარიშს ემყარება 2018 წლის 6 მარტის დასკვნაც.
27. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ წარდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს, მოცემულ დავის საგნის მიმართ არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნები, როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ გამოკვლეულა და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება არ განხორციელებულა, ასევე შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა არ მომხდარა, მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისა და ექსპერტის განმარტებების გასაბათილებლად.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტის განმარტებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი კასატორზე გადავიდა, ანუ მას უნდა გაექარწყლებინა დინამიკური დატვირთვის პირობებში კომპანიის არაბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით, თუმცა, მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
29. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, 2017 წლის ივლისის დასკვნა, სრულად ვერ ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების კვლევას.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე აფეთქების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციის მონიტორინგს უწყვეტად არ ახორციელებდა, შესაბამისად, უცნობია გამოტოვებულ პერიოდებში რა სიხშირისა და სიმძლავრის მიმდინარეობდა აფეთქებები, ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან ასახავს. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომლის თანახმად, აფეთქებები მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო.
31. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, დინამიკური დატვირთვის მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო განვლილი დროის მიწისძვრები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების თანახმად (შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციამ, რომელიც მასშტაბურ მშენებლობებს დაიწყებს, რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოიკვლიოს, რათა შემდგომ მარტივად იყოს აღქმადი, მშენებლობამ რა დააზიანა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი კვლევა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არ ჩატარებულა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია არა კომპანიის მხრიდან მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე წლების განმავლობაში დინამიკური ზემოქმედებით (აფეთქებითი სამუშაოებით), არამედ იშვიათი მიწისძვრის დინამიკური დატვირთვით.
32. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით ,,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში იმსჯელა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
33. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერებითა და სსკ-ის 415-ე მუხლზე მითითებით ,,თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი“ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, დამდგარი ზიანი, ნაწილობრივ, მოპასუხის ქმედებითაა გამოწვეული, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, რაც მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის, 5975 ლარის, დაკისრების საფუძველია.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ნაწილობრივ დაძლია სსსკ-ის 992-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გამომრიცხველი (ამ შემთხვევაში შერეული ბრალის) გარემოებები, ვერ დაამტკიცა.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ.რ.. ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჩ.რ... ბ.ჯ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N087, გადახდის თარიღი 2019 წლის 26 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე