საქმე №ას-381-2019 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ.ე.ე–“, ნ.ს–ი, მ.ნ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,რ.პ–სა” (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,ჯ.ე.ე–ს" (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) შორის, 2016 წლის 19 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის პრინტერი DX7 (WitColor 180x320) მიეწოდებინა (იხ. ტ.2, ს.ფ. 17-19).
2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისათვის მოპასუხეს 9700 აშშ დოლარი გადაუხადა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 139-140).
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე პუნქტში მითითებულ მხარეებს შორის, 2016 წლის 19 ივლისს, ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მფლობელობაში შემდეგი მოძრავი ქონება გადასცა: 10 ე.წ შტენდერი, 10 გამხსნელი, 16 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 16 წითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 12 ლურჯი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 8 შავი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 10 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (HIGH LIGT), 44 ყვითელი საღებავი ეკო ,,სოლვენტი“ (HIGH LIGT), 30 ლურჯი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT), 42 წითელი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT), 35 შავი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT) (იხ. ტ.3, ს.ფ. 39-40).
4. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ერთი მხრივ, კრედიტორსა და, მეორე მხრივ ნ.ს–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) და მ.ნ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი ან მესამე კასატორი) შორის, 2016 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელებმა, პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან დაყოვნებისათვის იკისრეს პასუხისმგებლობა 9700 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. ტ.2, ს.ფ. 99).
5. პირველმა მოპასუხემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მოსარჩელეს შეთანხმებული ნივთი არ მიაწოდა (იხ.ტ.3, ს.ფ. 141).
6. ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის - 9 700 აშშ დოლარიდან 1700 აშშ დოლარი 2016 წლის 12 ნოემბერს, ხოლო დარჩენილი თანხა 2017 წლის 30 აპრილამდე ყოველთვიურად - სულ ცოტა 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდით დაებრუნებინა (იხ. ტ.2, ს.ფ. 100-101).
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ამავე პუნქტის მითითებული პირობის დარღვევისას, მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველდღიურად გადასახდელი თანხის (დარჩენილი სრული თანხის) 0,18% (იხ.ტ.2, ს.ფ. 100-101).
8. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მხარეებს შორის, 2016 წლის 12 ნოემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პირველმა მოპასუხემ კრედიტორს საკუთრებაში გადასცა 1548 აშშ დოლარად ღირებული 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ქონების ნაწილი, კერძოდ: 10 შტენდერი, 10 გამხსნელი, 16 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 16 წითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 12 ლურჯი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 8 შავი საღებავი ,,სოლვენტი“ (TOYO JAPAN), 10 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტი“ (HIGH LIGT) (იხ.ტ.3, ს.ფ. 109).
9. სარჩელის საფუძვლები
9.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 12 სექტემბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ (დაზუსტებული სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 9 იანვარს) და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად 7000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.6 აშშ დოლარის გადახდა, 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდათ (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ. 2, ს.ფ. 90);
9.1.1 მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.
9.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ კომპანიამ მხოლოდ ნაწილობრივ - 2700 აშშ დოლარით შეასრულა ვალდებულება.
9.3 მოსარჩელის განმარტებით, მეორე და მესამე მოპასუხეებმა კომპანიის აქტივები ახლადშექმნილ საწარმოში გადაიტანეს და ზემოაღნიშნული თანხის გადახდით დრო მოიგეს, რათა კომპანია გადახდისუუნარო გაეხადათ.
10. მოპასუხეების შესაგებელი
10.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, 2712 აშშ დოლარის ნაწილში და განმარტეს, რომ მოსარჩელეს 2700 აშშ დოლარის გარდა, 4266 აშშ დოლარად ღირებული საქონელი გადასცეს.
10.2 მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 7000 აშშ დოლარიდან გადახდილად უნდა ჩაითვალოს ამ უკანასკნელისათვის გადაცემული საქონლის ღირებულება - 4266 აშშ დოლარი.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
11.1.1 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;
11.1.2 პირველ მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, 7000 აშშ დოლარის 0,05%-ის (3.5 აშშ დოლარი) გადახდა 2017 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა;
11.1.3 ზემოაღნიშნული დაკისრებული თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული დაგირავებული ნივთები (44 საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT), 30 ლურჯი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT), 42 წითელი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT), 35 შავი საღებავი ,,ეკო სოლვენტი“ (HIGH LIGT)). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
11.1.4 მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის, სასამართლოსგარეშე ხარჯისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 774 ლარის გადახდაც დაეკისრათ, ხოლო პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელი ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 254-ე, 276-ე, 352-ე, მე-400, 417-ე-418-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე, 131-ე, 133-ე, 137-ე მუხლებით;
11.3 საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 7000 აშშ დოლარია.
11.4 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გირავნობის საგნის ნაწილის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება 2016 წლის 12 ნოემბერს დაიდო. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი კი, 2017 წლის 9 იანვარს წარადგინა სასამართლოში. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულება დაიდო დაზუსტებული სარჩელის წარდგენამდე, შესაბამისად, დაზუსტებულ სარჩელში დავალიანების თანხა 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების გათვალისწინებით დაანგარიშდა.
11.5 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელით მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას დაეთანხმა, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2017 წლის 9 იანვრის მონაცემებით - 7000 აშშ დოლარია.
11.6 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე მხარეს არ გაუქარწყლებია შესაგებელში ასახული მოსარჩელის მიმართ დავალიანების - 7000 აშშ დოლარის არსებობის თაობაზე აღიარება.
11.7 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარის განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ დავალიანების თანხას 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადაცემული საგნების ღირებულება უნდა გამოჰკლებოდა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მიუთითებდა, რომ შესაძლებელია, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდეს პირველი მოპასუხის (კომპანიის) დირექტორი.
11.8 საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 137-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებას კომპანიის დირექტორმა მოაწერა ხელი.
11.9 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოგირავნეს მხარეთა შეთანხმებით, საკუთრებაში გადაეცა გირავნობის საგნის მხოლოდ ნაწილი, რომლის ღირებულებაც დავალიანების თანხას გამოაკლდა.
11.10 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 898-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ 2016 წლის 23 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით მეორე და მესამე მოპასუხეებთან პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ვალდებულება არ შეთანხმებულა, რის გამოც თავდებებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.
11.11 საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოზე მიუთითა, რომ შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
12. სააპელაციო საჩივარი
12.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება - დაკისრებული თანხების დაფარვის მიზნით მოსარჩელის მფლობელობაში არსებული დაგირავებული ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევისა (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.3 ქვეპუნქტი) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.4 ქვეპუნქტი).
12.2 მოპასუხეებმა მოითხოვეს წინამდებარე განჩინების 11.1.3 ქვეპუნქტში ასახული გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული პუნქტის შემდეგნაირად ჩამოყალიბება, კერძოდ, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული დაგირავებული შემდეგი ქონების: 250 აშშ დოლარად ღირებული 10 შტენდერის, 130 აშშ დოლარად ღირებული 10 გამხსნელის, 304 აშშ დოლარად ღირებული 16 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტის“, 304 აშშ დოლარად ღირებული 16 წითელი საღებავი ,,სოლვენტის“, 228 აშშ დოლარად ღირებული 12 ლურჯი საღებავი ,,სოლვენტის“, 152 აშშ დოლარად ღირებული 8 შავი საღებავი ,,სოლვენტის“, 180 აშშ დოლარად ღირებული 10 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტის“ იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
13.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტები (მოპასუხეები) სადავოდ ხდიდნენ მათთვის სოლიდარულად 7 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, ხელშეკრულების ნამდვილობასა და დაგირავებული ქონების ოდენობას.
13.4 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 131-ე და 133-ე მუხლებზე მიუთითა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე მხარის განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ დავალიანების თანხას, 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებით, მოსარჩელისათვის გადაცემული საგნების ღირებულება უნდა გამოჰკლებოდა, ხოლო, მეორე შემთხვევაში - შესაძლებელი იყო, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა კომპანიის დირექტორი.
13.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს საბუთის სიყალბის შესახებ სსსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით არ განუცხადებიათ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ 2016 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებაზე კომპანიის დირექტორმა მოაწერა ხელი.
13.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელმოწერა კომპანიის დირექტორს არ შეუსრულებია, მოპასუხე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოების დამტკიცება.
13.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 254-ე და 276-ე მუხლებზე და დაადგინა, რომ კომპანიამ ნაწილობრივ შეასრულა მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ, როგორც თანხის გადახდით, ასევე - გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის გზით სულ დაფარულია 2700 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შეთანხმებით, მოგირავნეს საკუთრებაში გადაეცა გირავნობის საგნის მხოლოდ ნაწილი, რომლის ღირებულებაც დავალიანების თანხას გამოაკლდა.
13.8 სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული ხარჯის დაკისრების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 37-ე, 53-ე, 54-ე და 55-ე, 249.5-ე მუხლებზე და, ამავე კოდექსის 41-ე მუხლზე დაყრდნობით, იმსჯელა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების კანონიერებაზე.
13.9 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეთა მიერ გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებულია იმ საფუძვლით, რომ ადვოკატი, რომელიც სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა, მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელია და მოსარჩელეს არ წარუდგენია მომსახურების ხელშეკრულება, გაფორმებული ამ უკანასკნელსა და ადვოკატს შორის.
13.10 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესს ადგენს სსსკ-ის 41-ე მუხლი, რომლის თანახმად, დავის საგნის ღირებულება სწორედ ამ ნორმის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
13.11 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეებისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის - 774 ლარის დაკისრება კანონიერია.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 აპელანტებმა (მოპასუხეებმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, წინამდებარე განჩინების 11.1.3 ქვეპუნქტში ასახული სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული პუნქტის შემდეგნაირად ჩამოყალიბება: მოპასუხეებისათვის დაკისრებული 7000 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული დაგირავებული შემდეგი ქონების: 44 ყვითელი ,,ეკო სოლვენტი“ საღებავის, 30 ლურჯი ,,ეკო სოლვენტი“ საღებავის, 42 წითელი ,,ეკო სოლვენტი“ საღებავის, 35 შავი ,,ეკო სოლვენტი“ საღებავის, 250 აშშ დოლარად ღირებული 10 შტენდერის, 130 აშშ დოლარად ღირებული 10 გამხსნელის, 304 აშშ დოლარად ღირებული 16 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტის“, 304 აშშ დოლარად ღირებული 16 წითელი საღებავი ,,სოლვენტის“, 228 აშშ დოლარად ღირებული 12 ლურჯი საღებავი ,,სოლვენტის“, 152 აშშ დოლარად ღირებული 8 შავი საღებავი ,,სოლვენტის“, 180 აშშ დოლარად ღირებული 10 ყვითელი საღებავი ,,სოლვენტის“ იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
14.1.1 კასატორები მოითხოვენ, მოსარჩელეს უარი ეთქვას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე.
14.2 კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა მიერ მითითებული მტკიცებულებები არ გამოიკვლია. ამასთან, მოსარჩელე ვალდებული იყო, სასამართლოში ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი კი არა, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების დედანი წარედგინა.
14.3 კასატორების განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხეებს ისე დააკისრეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის გადახდა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სამართლებრივად არ შეაფასეს.
14.4 კასატორების განმარტებით, მოსარჩელეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე შეთანხმების მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრების არარსებობა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 13.4-13.11 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით მიუთითებს, რომ კასატორებს, სსსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტის სიყალბის ფაქტზე არ მიუთითებიათ, ხოლო ასლის სახით წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), სანდოობის კუთხით სასამართლოს შესაფასებელია, რაც მოცემულ შემთხვევაში ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაში.
23. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 135-ე მუხლის დანაწესი ,,გამორიცხავს მტკიცებულების გაყალბების საშიშროებას, ვინაიდან ტექნიკის განვითარებამ ამგვარი შესაძლებლობები გაამარტივა და იმპერატიულად ადგენს, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარედგინოს. ამასთან, იგივე კანონი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ სასამართლოს დასაბუთებული მოსაზრებით დოკუმენტის ასლსაც მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის გარემოება ცალსახად დადგენილია და მტკიცებულებაში მითითებული ცნობები არ საჭიროებს შეფასებას. კანონის ეს დანაწესი იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ წერილობითი საბუთის ასლიც მტკიცებულებითი ძალის მქონედ იქნეს მიჩნეული. დოკუმენტის ასლისათვის ამგვარი სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე, რომელიც უეჭველად უნდა ემყარებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ, ინტუიციურ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა“ (იხ. სუსგ №ას-1130-1258-08, 2 ივნისი, 2009 წელი).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორები ვერ ადასტურებენ, კომპანიის დირექტორის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოუწერლობის ფაქტს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, კასატორების განმარტებით, დავალიანების თანხას, სწორედ 2016 წლის 12 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადაცემული საგნების ღირებულება უნდა გამოაკლდეს, ეს კი, მათსავე თავდაპირველ განმარტებას ეწინააღმდეგება.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების საეჭვოობაზე მითითება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესს სსსკ-ის 53-ე მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად ,,იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ წარმომადგენლის სახელზე სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, ამ უკანსაკნელს, მოსარჩელის უფლებამოსილმა პირმა - დირექტორმა მიანიჭა მოსარჩელის ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა მოსარჩელის წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, აღნიშნული კი, მიუთითებს მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ფორმათავისუფალი გარიგებაა და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე – ზეპირი ფორმით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა დასტურდება, რომელიც საქმეში წარმოდგენლი მტკიცებულების მიხედვით (იხ. ტ.3, ს.ფ. 125) სასყიდლიანია (იხ. სუსგ # ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; 14-16 პუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წინაპირობები.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს;
32. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეთათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი - 774 ლარი, წინამდებარე განჩინების 31-ე პუნქტში მითითებული გარემოებებისა და დავის საგნის ღირებულებიდან (7000 აშშ დოლარი) გამომდინარე სავსებით გონივრული და სამართლიანია.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორების (მოპასუხეების) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ე.ე“-ის, ნ.ს–ის და მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ.ე.ე“-ის (ს/კ .....), ნ.ს–ის (პ/ნ .....) და მ.ნ–ის (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.მ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 იანვარი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე