Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-287-94-კს-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი; გაუქმდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანება და მ. მ-ი აღდგენილ იქნა კასპის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე.

2003წ. 4 ივლისს მ. მ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება სახელფასო განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით. განმცხადებლების მითითებით, მ. მ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რაც სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებასთან და სამუშაოზე აღდგენასთან ერთად, მოიცავდა განაცდურის სახით დავის პერიოდში მიუღებელი 10 თვის ხელფასის _ 340 ლარის ანაზღაურებას. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში მსჯელობის საგანიც იყო, მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ ასახულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლების განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილება სცილდებოდა სსკ-ს 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მ. მ-ის წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით და იგივე მოტივით მოითხოვეს გადაწყვეტილების განმარტება განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად სსკ-ს 417-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. მ-ი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება ამავე სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. სსკ-ს 262-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის თხოვნით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებას მისი შინაარსის შეუცვლელად. ამგვარი განცხადებით გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება, მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძველზე, გაუქმდა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვდა კერძო საჩივრის ავტორი, კანონიერ ძალაში არ შესულა და მისი განმარტებაც პროცესუალურად დაუშვებელია. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, განსამარტი გადაწყვეტილების გაუქმების გამო, უნდა შეწყდეს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე აღძრული კერძო საჩივრის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებაზე მ. მ-ის კერძო საჩივრის შესახებ წარმოება შეწყდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.