საქმე №ა-2825-შ-78-2019 26 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. ფ-ის
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. მ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ფ-სა (ფ-ის) და ჟ. მ-ას შორის გარდაბნის რაიონის სოღანლუღის მმაჩის განყოფილების მიერ 1972 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
რ. ფ-ის წარმომადგენელმა ნანა აბრამიშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, შესაბამისად კანონიერ ძალაშია შესული. საბერძნეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკიის მხარის გენერალური მდივნის 2004 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით (ოქმი №5733/2003) ბერძნული ეროვნების მქონე პირი რ. ფ-ის მიერ 2002 წლის 12 მარტს წარდგენილი მოთხოვნა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და რ. ფ-ს მიეკუთვნა გვარი „ფ-ის.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით რ. ფ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ. ფ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ფ-სა (ფ-ის) და ჟ. მ-ას შორის გარდაბნის რაიონის სოღანლუღის მმაჩის განყოფილების მიერ 1972 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, შესაბამისად კანონიერ ძალაშია შესული. საბერძნეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკიის მხარის გენერალური მდივნის 2004 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით (ოქმი №5733/2003) ბერძნული ეროვნების მქონე პირი რ. ფ-ის მიერ 2002 წლის 12 მარტს წარდგენილი მოთხოვნა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და რ. ფ-ს მიეკუთვნა გვარი „ფ-ის.“
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეა, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ. ფ-სა (ფ-ის) და ჟ. მ-ას შორის გარდაბნის რაიონის სოღანლუღის მმაჩის განყოფილების მიერ 1972 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ამ საკითხს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულებას ასაბუთებს განქორწინების მოწმობის აღების სურვილით, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება მიჩნეული ნამდვილ იურიდიულ ინტერესად (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგანაც ზემოხსენებული კანონის 69-ე მუხლით მოწესრიგებულია ქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განქორწინების თაობაზე საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ფ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის დრამას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რ. ფ-სა (ფ-ის) და ჟ. მ-ას შორის გარდაბნის რაიონის სოღანლუღის მმაჩის განყოფილების მიერ 1972 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე