საქმე №ა-5274-შ-130-2018 11 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. უ. ძე ჟ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი. ძე უ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (შემდგომში - „ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილება“ ან „საცნობი გადაწყვეტილება“) მ. ი. ძე უ-ს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“ ან „მოპასუხე“) ს. უ. ძე ჟ-ის სასარგებლოდ (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“ ან „მოსარჩელე“) დაეკისრა 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ტენგეს ოდენობით ვალის და სახელმწიფო ბაჟის - 10 500 (ათი ათას ხუთასი) ტენგეს გადახდისთვის ხარჯის, სულ 1 060 500 (ერთი მილიონ სამოცი ათას ხუთასი) ტენგეს გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 12 ნოემბრის №11554 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა მოსარჩელის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა.
3. ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 14 ივნისს და ექვემდებარება აღსრულებას (იხ. ტ. 1. ს. ფ. 5), ამასთან, არ აღსრულებულა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (იხ. ტ. 1. ს. ფ. 6). მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია (იხ. უკუგზავნილი (ტ. 1. ს. ფ. 39) და მოწინააღმდეგე მხარის დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი, გაცემის თარიღი: ...04.20.., მოქმედების ვადა: ....01.20... (ტ. 1. ს. ფ. 61)).
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა წარმოედგინა მოსაზრება აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
5. 2019 წლის 1 აპრილს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ნ. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
6. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. მოპასუხისთვის არ ყოფილა ცნობილი სარჩელისა და სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სასამართლო სხდომები ჩატარდა მოპასუხის გარეშე, რომელსაც არ აცნობეს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. მოპასუხე ცოლ-შვილით, დიდი ხანია, აღარ ცხოვრობს ყაზახეთში, რაც მოსარჩელისთვის კარგად იყო ცნობილი. აღნიშნულს მოწმობს მოპასუხის პასპორტში არსებული შტამპები მის მიერ საზღვრის კვეთებთან დაკავშირებით. მოსარჩელემ შეგნებულად არ მიუთითა და არ აცნობა სასამართლოს მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რადგან ასეთ შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ვალის აღების შესახებ წარდგენილ დოკუმენტზე გაყალბებულია მოწინააღმდეგე მხარის ხელმოწერა. აღნიშნული შემდგომში დადასტურებულია კიდეც ექსპერტიზის დასკვნით. მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო 2017 წელს და მან შუამდგომლობით მიმართა ყაზახეთის საოლქო სასამართლოს - საქმე გადმოეგზავნათ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის გათვალისწინებით საქართველოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
6.2. შუამდგომლობა ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტს;
6.3. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ იგი ან მისი რწმუნებული დროულად ან ჯეროვნად არ იყო ინფორმირებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ ორჯერ გაეგზავნა უწყება იმ მისამართზე, სადაც იგი არ ცხოვრობდა. ყაზახეთის სასამართლოს უწყების ჩაბარება შსს-სთვის რომ დაევალებინა, ცალსახად გახდებოდა ცნობილი, რომ მოწინააღმდეგე მხარე საცხოვრებლად ცოლ-შვილით წამოსული იყო საქართველოში და არ გაძნელდებოდა მისი მოძებნა, რაც შემდგომ გააკეთა ყაზახეთის სააღსრულებო დაწესებულებამ. გარდა ამისა, სასამართლოს საჯარო შეტყობინება არ გაუკეთებია.
7. მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის ბესიკ მჭედლიშვილის განმარტებით (იხ. 2019 წლის 12 აპრილის განცხადება), მოსარჩელის მიერ ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
8. მოწინააღმდეგე მხარის საპასუხოდ, 2019 წლის 31 მაისს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა განცხადება და განმარტა შემდეგი:
8.1. სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ არ აღძრულა, რაც დასტურდება პოლიციის მიერ გაცემული წერილით;
8.2. ჩრდილოეთ-ყაზახეთის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებით ყიზილჯარის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა, როგორც უკანონო და 2018 წლის 18 იანვრის ექსპერტის დასკვნა №912 ცნობილ იქნა დაუშვებელ და არასარწმუნო მტკიცებულებად;
8.3. ჩრდილოეთ-ყაზახეთის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ყიზილჯარის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჩაიდინა დარღვევა და არ მიიღო ხელმოწერისა და ხელწერის ნიმუშები სასამართლოს სხდომაზე თავად მოწინააღმდეგე მხარისგან. ამის ნაცვლად, ექსპერტს გაუგზავნა მოპასუხისგან ფოსტით მიღებული და საქართველოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ნიმუშები, რაც საპროცესო კანონით არ არის გათვალისწინებული და დაუშვებელია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით დადგინდა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა. ზეპირი სხდომა გაიმართა 2019 წლის 5 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი], ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.3 მუხლი].
12. მოწინააღმდეგე მხარე მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებითა და ზეპირ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სადავოდ ხდის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის სხდომის თაობაზე მისი ინფორმირებულობის საკითხს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
14. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შეთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვანი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება. ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის იმავე საფუძველს შეიცავს „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) 26-ე მუხლის 1.3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, გარდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უარი შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში: თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ ანდა მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, არ მონაწილეობდა მისი შესაბამისი წარმომადგენელი.
15. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოსთვის უცნობია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რის გამოც, სასამართლომ, იხელმძღვანელა რა ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად უკანასკნელი ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 9). შუამდგომლობაზე თანდართული ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს ცნობით დასტურდება, რომ, ვინაიდან უცნობი იყო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი, საქმე განხილულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის უკანასკნელი ცნობილი საცხოვრებელი ადგილის აღმასრულებელი ორგანოსთვის - ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის აკიმატისთვის, შეტყობინებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 7). საქმის მასალებით ირკვევა ისიც, რომ საცნობი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელშიც უთითებდა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა სარჩელში მითითებულ მისამართზე ის არ ცხოვრობდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის დადგენილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საცნობი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. დასახელებული დადგენილების თანახმად, მოპასუხის საჩივარში ასახული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა სარჩელში მითითებულ მისამართზე იგი არ ცხოვრობდა, დაუსაბუთებელია. 2015 წლის 17 მარტის ერთიანი ავტომატიზირებული საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის მონაცემების ელექტრონული მოთხოვნის თაობაზე ანგარიშის მიხედვით, 1977 წლის 2 მაისს დაბადებული მ. ი. უ-ი დარეგისტრირებულია მისამართზე: ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქი, ქალაქი პეტროპავლოვსკი, მ. ქუჩა, სახლი №..., ბინა №.... მოპასუხე მ. ი. უ-ს მითითებულ მისამართზე ეგზავნებოდა სასამართლო უწყება 2015 წლის 17 მარტს, 9 საათსა და 00 წუთზე სასამართლოში გამოძახების თაობაზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობდა, სასამართლო უწყება სასამართლოში შევიდა წარწერითა და ბეჭდით, რომლითაც დასტურდებოდა მისი მიღება ქალაქ პეტროპავლოვსკის აკიმატის მიერ, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად განიხილა საქმე მოპასუხის უკანასკნელი ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საბოლოოდ, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 16-17).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას (იხ. სუსგ №ა-1997-შ-48-2018, 5 ნოემბერი, 2018 წელი). აღნიშნულზე ასევე პირდაპირ მიუთითებს ორმხრივი ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლომ საკუთარი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე შეამოწმა მოპასუხის უკანასკნელი ცნობილი მისამართის მიხედვით უწყების ჩაბარების საკითხი და საცნობი გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია, რაც ქმნის პრეზუმფციას, რომ მოწინააღმდეგე მხარე მ. ი. ძე უ-ი სათანადო წესით იყო ინფორმირებული 2015 წლის 17 მარტის სასამართლოს სხდომაზე გამოძახების თაობაზე.
18. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების წესები. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული მისთვის უწყების ჩაბარებისას. პირიქით, მის მიერ ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის საოლქო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვისას დადგენილია ამ ნაწილში საცნობი გადაწყვეტილების კანონიერება.
19. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს უწყების ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა დაევალებინა (რა შემთხვევაშიც ცნობილი გახდებოდა მოპასუხის საქართველოში ცხოვრების ფაქტობრივი გარემოება) და, ამასთან, საჯარო შეტყობინებაც უნდა გაეკეთებინა. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა მიეთითებინა ამ საფუძვლით საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე და დაედასტურებინა იგი სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით, რაც მას არ განუხორციელებია. მაგალითად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლოს მოპასუხის მოძებნას შსს-ის მეშვეობით ან მხარის ინფორმირებულად მიჩნევას მხოლოდ საჯარო შეტყობინების გზით, რაც მას არ გაუკეთებია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ უწყების ჩაბარებულად მიჩნევა ქალაქ პეტროპავლოვსკის აღმასრულებელი ორგანოსთვის (აკიმატისთვის) შეტყობინების მეშვეობით შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარ გამონაკლისად, როდესაც მხარე ინფორმირებულად მიიჩნევა მისთვის უწყების პირადად ჩაუბარებლობის შემთხვევაში. მსგავსი გამონაკლისის არსებობა გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ის 78-ე მუხლით [თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით].
21. გამომდინარე იქედან, რომ მხარის მითითებით, იგი საქმის განხილვის დროს არ იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ცხოვრობდა საქართველოში, ვერ იქნება გაზიარებული მისი მოსაზრება, რომ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოსთვის შეტყობინების ნაცვლად, უწყების საჯარო შეტყობინების გზით გავრცელებით უკეთესად იქნებოდა მიღწეული მისი სათანადო წესით ინფორმირების მიზანი. იგივე შეიძლება ითქვას მოპასუხის პრეტენზიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დავალების შესახებ. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უწყების ჩაბარების დავალება ასევე გულისხმობდა მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენას, მის მოძებნას, რაც ეფექტურს გახდიდა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, აღნიშნული კოდექსის 73.7 მუხლი [თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს] სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებისას არ ითვალისწინებს მოპასუხის ძებნას და იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის უწყების ჩაბარების დავალების მსგავს ინსტიტუტს წარმოადგენს. მოპასუხის ძებნა შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში [სსსკ-ის 51-ე მუხლი: მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს – გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები] და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი: როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ].
22. დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება, რომ მოსარჩელისთვის კარგად იყო ცნობილი მისი საქართველოში ცხოვრების ფაქტის შესახებ და მოსარჩელემ შეგნებულად არ მიუთითა და არ აცნობა სასამართლოს მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. მხარემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ იცოდა მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და სარჩელში მოპასუხის არასწორი მისამართი მიუთითა. მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებით სადავო გარემოება ვერ დადასტურდება.
23. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას, რომ ვალის აღების შესახებ ხელწერილი, რომელიც საფუძვლად დაედო საცნობ გადაწყვეტილებას, გაყალბებულია, ასევე უარსაყოფია. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
24. ზემოაღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ორმხრივი ხელშეკრულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ მის წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელწერილის ნამდვილობის საკითხი სადავო გახადა ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოწინააღმდეგე მხარემ 2017 წლის 5 ოქტომბერს აღძრა სამოქალაქო სარჩელი ფულადი სახსრების სესხის გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა, ჩრდილოეთ-ყაზახეთის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებით ყიზილჯარის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა და, საბოლოოდ, სარჩელი უარყოფილ იქნა. აღნიშნული დადგენილება შევიდა კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 121-125).
26. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი სახსრების სესხების შესახებ ხელწერილის გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საცნობი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. ამასთან, მოპასუხე ვერც იმას უთითებს, თუ როგორი სამოქალაქო საპროცესო წესრიგი არის დადგენილი ყაზახეთის რესპუბლიკაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაუქმებლად [მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას, იმ შემთხვევების გარდა, როცა გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას ძალაში შესვლამდე]. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას ან შეცვლას ითვალისწინებს მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში [სსსკ-ის 265-ე მუხლი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები]. მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელწერილის გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ვერ დააბრკოლებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება არა თუ ის გარემოება, რომ საცნობი გადაწყვეტილება გაუქმებულია, არამედ არ არსებობს ხელწერილის გაყალბების ფაქტზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი [სსსკ-ის 423.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. 423.2 მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი].
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.
28. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
29. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. უ. ძე ჟ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-ყაზახეთის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკის №2 სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი. ძე უ-ს ს. უ. ძე ჟ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ტენგეს ოდენობით ვალის და სახელმწიფო ბაჟის - 10 500 (ათი ათას ხუთასი) ტენგეს გადახდისთვის ხარჯის, სულ 1 060 500 (ერთი მილიონ სამოცი ათას ხუთასი) ტენგეს გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე