საქმე №ას-1008-2019 15 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთ აპალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვი სგარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „D. B.“
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ს-ე, ჟ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება–ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი– თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ.ნ ს-ემ და ჟ. ბ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების – შპს „D. B.-ისა“ და შპს „ს. .-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ისა და ჟ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „D. B.-ს“ ნ. ს-ისა და ჟ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21307 ლარის გადახდა. შპს „D. B.-სა“ და შპს „ს. ...-ის“ ნ. ს-ისა და ჟ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 248954,5 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცალ-ცალკე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „D. B.-მა, ( იხ. ს.ფ.153) და შპს „ს. ...-მა“( იხ. ს.ფ.143).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „D. B.-ის“ საპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (იხ.ს.ფ.173) , ხოლო შპს „ს. ...-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი (იხ.ს.ფ.175-177).
2019 წლის 29 მარტს შპს „ს. ...-ის“ წარმომადგენელმა რ. შ-ემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შპს „ს. ...-მა“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „ს. ...-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ბ. ი.“ და გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა(იხ.ს.ფ.197).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ს. ...-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ბ. ი.“ საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.(იხ.ს.ფ.218).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „D. B.-მა“ და მოითხოვა მაის გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია როგორც მისი, ასევე და შპს „ს. ...-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზრაურების სოლიდარულად დაკისრების მიზნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზრაურება. გადაწყვეტილება გასაჩივრდა კერძო საჩივრის ავტორის შპს „D. B.“-ის მიერ, რომლის სააპელაციო საჩივარიც წარმოებაში იქნა მიღებული. იმის გამო, რომ მეორე სოლიდარული მოპასუხე შპს „ს. ...-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ბ. ი.“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ გაუგებარი რჩება შპს „ბ. ი.“ საპროცესო მდგომარეობა შპს „D. B.“-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას. კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რადგან მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, ასეთ შემთხვევაში მეორე სოლიდარულ მოვალეს შპს „ბ. ი.“ არ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „D. B.-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი განსაზღვრავს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს და ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია საკითხთა წრე, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ამა თუ იმ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება, რაც შეეხება ნორმის მე-2 ნაწილს, იგი განსაზღვრავს კერძო საჩივრის სუბიექტებს: კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა შპს „ს. ...-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ბ. ი.“ საპელაციო საჩივარი, ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს არ ეხება.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ რადგან შპს „ბ. ი.“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ გაუგებარი რჩება შპს „ბ. ი.“ საპროცესო მდგომარეობა შპს „D. B.“-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, აღნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე. როგორც სსკ-ის 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის. დღევანდელ ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს.
სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით - სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა. სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.
სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.
ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.
როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.
სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული. ამით განსხვავდება სოლიდარული ვალდებულება წილობრივი ვალდებულებისგან. წილობრივი ვალდებულების დროს წილობრივი მოვალე მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში არის პასუხისმგებელი. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ხოლო სსკ-ის 466-ე მუხლიდან გამომდინარე, სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვიოს. სსკ-ის 467-ე მუხლის თანახმად კი, ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს დანარჩენ მოვალეებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბარობის კვალობაზე. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთამანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ შპს „ს. ...-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ბ. ი.“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, უარესდება კერძო საჩივრის ავტორის უფლებრივი მდგომარეობა.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო აგრეთვე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ რადგან მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, ასეთ შემთხვევაში მეორე სოლიდარულ მოვალეს შპს „ბ. ი.“ აღარ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 87-ე მუხლის თანახმად, თანამონაწილეები სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სოლიდარულმა მოპასუხეებმა არა ერთობლივი სააპელაციო საჩივრით, არამედ დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივრების დასასვებობის შემოწმებასთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „D. B.-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „D. B.-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი