საქმე №ა-756-შ-25-2019 15 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კომპანია „S. T. I.”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება (ინდექსი №520098/2018)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კომპანია „S. T. L. I.“-ის პრეზიდენტის გ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინების (ინდექსი №520098/2018) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით კომპანია „S. T. Line I.“-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) „S. T. I.”-ის სახელით შედგენილი შუამდგომლობა და იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „S. T. L. I.“-ს გააჩნდა „S. T. I.”-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება წარმოედგინა მისი ინტერესები საქართველოს უზენაეს სასამართლოში; ბ) „S. T. I.”-ის ინტერესების დაცვის მიზნით, უფლებამოსილი ადვოკატის სახელზე სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა; გ) ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინების (ინდექსი №520098/2018) სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, შესწორებული სახით; დ) კინგსის საოლქო მდივნის ნ. ს-ის მიერ გაცემული, ნოტარიუსის ი. კ-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დადასტურებული ქართული თარგმანი; ე) სათანადო წესით დამოწმებული, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; ვ) დაზუსტებული მოთხოვნა; ზ) სათანადო წესით დამოწმებული, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება (ინდექსი №520098/2018) არ აღსრულებულა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, შუამდგომლობის ავტორის მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში; თ) შპს „ბ. ე. ს. ჯ.“ დირექტორის მიერ დამოწმებული ინგლისურენოვანი დოკუმენტის ასლის სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. 2019 წლის 10 მაისს და იმავე წლის 20 მაისს კომპანია „S. T. I.”-ის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ მომართა სამოქალაქო საქმეთა პალატას და წარმოადგინა კომპანია „S. T. I.”-ის პრეზიდენტის გრიგორი სოლოვეის მიერ პ. დ-ზე გაცემული აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა უფლებამოსილებების მესამე პირზე გადანდობის უფლებით და ამ უკანასკნელის მიერ ვ. ლ-ზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლებითაც დასტურდება, რომ კომპანია „S. T. I.”-ის პრეზიდენტმა ვ. ლ-ას მიანიჭა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის წარმოდგენის უფლება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების ასლი კომპანია „S. T. I.”-ის წარმომადგენელს ვ. ლ-ას ჩაბარდა 2019 წლის 29 მაისს, მის მიერ მითითებულ მისამართზე. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 28 ივნისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კომპანია „S. T. I.”-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 29 მაისს, ხოლო ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2019 წლის 30 მაისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2019 წლის 28 ივნისს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 28 ივნისის დღის (პარასკევი) ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.
10. სამოქალაქო საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 3 ივლისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ სასამართლოში წარმოადგინა ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. წარმოდგენილ საბუთებზე დართული საფოსტო ბილით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 1 ივლისს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 85) ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპანია „S. T. I.”-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კომპანია „S. T. I.”-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინების (ინდექსი №520098/2018) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური