Facebook Twitter

საქმე №ა-2878-გან-6-2019 18 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი– შპს „კ.ჯ–ა“

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ა–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს: შპს ,,პ.ბ–ს”, შპს ,,კ.ჯ–ას”, ი/მ გ.გ–ძეს, ი/მ ა.კ–ას და შპს ,,ჯ.ა.კ–ს”, 2016 წლის 9 ივნისიდან სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩოს, 600 (ექვსასი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2. 2019 წლის 14 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „კ.ჯ–ას“ დირექტორებმა ა.ხ.რ–ომ და ა.დ.პ–მა (შემდეგში: განმცხადებლები). განცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება და განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე მიუთითეს. განმცხადებელთა განმარტებით, გაუგებარი და ბუნდოვანია თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რჩება ძალაში სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება მატერიალური (13 000 ლარი) და მორალური (8 000 ლარი) ზიანის ანაზღაურებას. სარჩელის მითითებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „კ.ჯ–ას“ სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაკისრებული აქვს მატერიალური (13 000 ლარი) და მორალური (8 000 ლარი) ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არათუ სარჩელის აღნიშნულ ნაწილში, არამედ საერთოდ გამორიცხული იქნა შპს „კ.ჯ–ას“ ნებისმიერი სახისა და ფორმის პასუხისმგებლობა, რაც გარკვეულწილად შეცვალა საკასაციო სასამართლომ ყოველთვიური სარჩოს დაკისრების ნაწილში.

3. განცხადებლებმა განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა შპს „კ.ჯ–ას“ განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

5. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

6. განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე ცხადია, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებელთა მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

8. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.

9. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ა–ძის სარჩელი შპს „კ.ჯ–ასა“ და შპს „პ.ბ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ხუთივე მოპასუხეს (მათ შორის შპს „კ.ჯ–ას“) მოსარჩელის (გ.ა–ძის) სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 13 000 ლარისა და მორალური ზიანის - 8 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმას, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებულ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,კ.ჯ–ას” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე