Facebook Twitter

25 ივლისი, 2019 წელი,

საქმე№ა-2266-შ-59-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილებით რ.ხ–ის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა დ.ა–ის, დაბადებული 1978 წლის 28 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში, რეგისტრირებული მისამართზე: ტამბოვის ოლქი, ნიკიფოროვის რაიონი, ს. ვოსტოჩნაია სტარინკა, ....., უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას, დაკმაყოფილდა.

რ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 27 თებერვლიდან;

ბ) მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ იყო უცნობი. რფ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მას დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის უცნობია საქმეში წარმოდგენილი პირის პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს სთხოვა საქმე გადაეწყვიტა თავისი შეხედულებისამებრ.

გ) დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, რფ საპენსიო ფონდის სამმართველო ტამბოვის ოლქის ქ. მუჩირინსკში (სარაიონთაშორისო) მინდობილობით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, შეიტანა წერილობითი შუამდგომლობა მის არყოფნაში საქმის განხილვის შესახებ, იმის მითითებით, რომ განმცხადებლის მოთხოვნების წინააღმდეგი არ იყო.

დ) გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ დ.ა–ი დაბადებულია 1978 წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში საქართველოს მოქალაქეა, მინიჭებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ არ გამოცხადებულა რუსეთის მოქალაქის პასპორტის მისაღებად, რომელიც გაფორმებული იყო მის სახელზე გასაცემად.

ე) შუამდგომლობის ტექსტიდან ირკვევა მხარის იურიდული ინტერესი აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ, კერძოდ - არასრულწლოვანი შვილებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

ვ) შუამდგომლობის ავტორის მიერ შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით რ.ხ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილებით რ.ხ–ის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა დ.ა–ის, დაბადებული 1978 წლის 28 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში, რეგისტრირებული მისამართზე: ტამბოვის ოლქი, ნიკიფოროვის რაიონი, ს. ვოსტოჩნაია სტარინკა, ....., უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას, დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 27 თებერვალს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისთვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი.

სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის (მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე: ა) სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალური აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

მინსკის კონვენციის 52-ე მუხლი ეხება ისეთ გადაწყვეტილებათა აღიარებას, რომლებიც აღსრულებას არ მოითხოვენ. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, აღიარებულია იმ პირობით, თუკი: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; ბ) საქმე წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტეროტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებულ უნდა იქნას, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა კომპეტენციას.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია, ამდენად, რ.ხ–ნის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე და მე-11 მუხლებით, მინსკის კონვენციის 52-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის N2-33/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც, რ.ხ–ის განცხადება, დ.ა–ის, დაბადებული 1978 წლის 28 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში, რეგისტრირებული მისამართზე: ტამბოვის ოლქი, ნიკიფოროვის რაიონი, ს. ვოსტოჩნაია სტარინკა, ......., უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა.;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი