საქმე №ას-546-516-2011 26 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჯ.მ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ა–ი ლ.ა–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ.მ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი ა.ა–ისა და ლ.ა–ის (შემდეგში ტექსტში ერთობრლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები, ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების მიერ საცხოვრებელ ბინაზე მოსარჩელის ხარჯით ჩატარებული აუცილებელი რემონტის ღირებულების 38 968 ლარისა და 80 თეთრის მოსარჩელისათვის ანაზღაურებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეების შეგებებული სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 31 587 ლარისა და 68 თეთრის მოპასუხეების სასარგებლოდ დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით, მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელისა და სხვათა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ სარჩელზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2019 წლის 17 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა ი.რ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რომელშიც აღნიშნა, რომ ის, როგორც კასატორის ინტერესების დამცველი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა.
2019 წლის 17 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა ი.რ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადა, რომ ის, როგორც კასატორის ინტერესების დამცველი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.მ–ას წარმომადგენლის ი.რ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ჯ.მ–ას საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ჯ.მ–ას სარჩელის გამო, ა. და ლ.ა–ების მიმართ, თნხის დაკისრების თაობაზე;
3. კასატორ ჯ.მ–ას (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 19 აპრილს (საგადახდო დავალება #1) გადახდილი 300 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი