25 ივლისი, 2019 წელი,
№ას-1066-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს “ჯ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა სს “ჯ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობას, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენასა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 1 სექტემბრიდან იძულებითი განცდურის ანაზღაურებას ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ რომელმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 1 ივლისს შემოვიდა საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად, რომელსაც თან ერთვის ფოსტის კონვერტი და მასზე საკასაციო საჩივრის გამოგზავნის თარიღად აღნიშნულია 2019 წლის 28 ივნისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
6. სსსკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოცხადების თარიღი იყო 7 მაისი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული მხარეთათვის ცნობილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან აღსანიშნავია, რომ განჩინებაში განმარტებულია მისი გასაჩივრების წესები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასაბუთებული განჩინება ვადაში მომზადდა (საქმეში დევს განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2019 წლის 27 მაისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 280)) შესაბამისად, მხარის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 6 ივნისს.
8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 7 ივნისს და დასრულდა 2019 წლის 27 ივნისს 24 საათზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით არის გაგზავნილი 2019 წლის 28 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
9. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც სსსკ-ის 46-ე მუხლით დადგენილი შეღავათებიდან, ან საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს წარმოუქმნიდა მოპასუხისათვის განჩინების ასლის გაგზავნის ვალდებულებას.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ჯ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. სს "ჯ.კ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 ივნისს #1561717790 საგადახდო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა