საქმე №ას-110-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ხ.ზ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ს.გ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ.ზ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი, კასატორი), 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ბ.ს.გ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ორგანიზაცია, მოწინააღმდეგე მხარე) ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე, ჯერ 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო შემდეგ - უვადოდ (იხ.ტ.1, ს.ფ. 15-16, ტ.3, ს.ფ. 197).
2. მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2500 ლარს შეადგენდა, რომელიც მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს (იხ. ტ.1, ს.ფ. 17, 18).
3. დამსაქმებელმა, 2015 წლის 30 ივლისს, წერილობით გააფრთხილა მოსარჩელე კომპანიის რესტრუქტურიზაციის გამო, დასაქმებულის საშტატო ერთეულის შესაძლო გაუქმების შესახებ (იხ.ტ.1, ს.ფ. 45).
4. ორგანიზაციის 2015 წლის 7 სექტემბრის N2/101 ბრძანებით, მოსარჩელესთან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ.ტ.1, ს.ფ. 19).
5. მოსარჩელეს მიღებული აქვს სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, ერთი თვის შრომის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო (იხ.ტ.1, ს.ფ. 197).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 დასაქმებულმა 2015 წლის 19 ოქტომბერს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა 2015 წლის 7 სექტემბრის N2/101 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, 2015 წლის 7 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის, ყოველთვიურად, 2500 ლარის დაკისრება.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მიზნით აცნობა მისი საშტატო ერთეულის - ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობის გაუქმებისა და ახალი სტრუქტურული ერთეულის - ტრეინინგ-ცენტრის შექმნის შესახებ, რომლის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თითქოს მნიშვნელოვნად აღემატება ხარისხის კონტროლის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
6.3 მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ საშტატო ერთეულის ფუნქციური მოვალეობები არ შეცვლილა და დამსაქმებელს არც რაიმე ახალი საშტატო ნუსხა არ დაუმტკიცებია, შესაბამისად, მისი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ფუნქციურად განსხვავდება გაუქმებული სტრუქტურული ერთეულისგან.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით; სშკ-ის 37-ე მუხლის მე-2, 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლით; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლებით; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლებით; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-102-ე, 105-ე მუხლებით; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით - CASE OF SILIADIN V. FRANCE, CASE OF I.B. V. GREECE, CASE OF OBST V. GERMANY, CASE OF SCHUTH V. GERMANY, CASE OF BAKA V. HUNGARY, CASE OF IVANOVA V. BULGARIA.
8.3 საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიაში რეალურად განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მოსარჩელის საშტატო ერთეულის ნაცვლად - დასაქმებულის საშტატო ერთეულისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ახალი თანამდებობა შეიქმნა.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (დასაქმებულმა), მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დასაქმებულის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტა დაადასტურა.
10.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება, არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი სამუშაო ადგილისაგან.
10.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიის სამეწარმეო ხასიათის გადაწყვეტილება, ასევე, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლის, ძველი თანამდებობის ნაცვლად ახლის შექმნის აუცილებლობის გადაწყვეტილების დასაბუთება სასამართლო კონტროლის უმკაცრესი ჩარჩოებით ვერ შეიზღუდება. სასამართლომ კომპანიის მმართველობით პრეროგატივას პატივი უნდა სცეს და არ უნდა შეაფასოს იმ გადაწყვეტილების ეკონომიკური თუ მენეჯმენტური მიზანშეწონილობა, რომლითაც ხელშეკრულება წყდება, შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებს, სტრუქტურის შეცვლა რომელი აუცილებლობით იყო გამოწვეული და ახალი სტრუქტურა იწვევს თუ არა მართვის ოპტიმიზაციას.
10.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია და, სხვა ცვლილებებთან ერთად, დასაქმებულის საშტატო ერთეულიც გაუქმდა.
10.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელი კომპანიის 2015 წლის 27 თებერვლის დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ხარისხის კონტროლის მენეჯერის კომპეტენციას განეკუთვნებოდა: დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის, მომსახურების ხარისხის თვალყურის დევნება, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეცვლასთან დაკავშირებით, შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღება; თანამშრომლების შესაძლებლობების სწორად და მაქსიმალურად გამოყენების ორგანიზება კომპანიის სტრატეგიისა და მიზნების შესრულებისათვის; სერვისსტანდარტების დანერგვა და მათი პრაქტიკულად განხორციელება; პერსონალის სწავლების საჭიროების გამოვლენაში მონაწილეობის მიღება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება; დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურული ერთეულებისა და სამუშაო გარემოს გამართვის უზრუნველყოფა; კომპანიის ინტერესების წარდგენა და დაცვა რეგიონში; კლიენტებთან პრობლემური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობის მიღება; საქმიანობის შესახებ ანგარიშების/მოხსენებების მომზადება.
10.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, მხარეებმაც, სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელის დანიშნულება იყო, როგორც გარკვეული შინაარსის ტრენინგების ორგანიზება და გამართვა, ასევე, სხვა - გარკვეულწილად საზედამხედველო და ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.
10.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბდა კომპანიის დებულება და საშტატო განრიგი. „ეიჩარის“ დეპარტამენტში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა და ტრენინგცენტრის ხელმძღვანელის საშტატო ერთეული შეიქმნა.
10.9 სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრენინგცენტრის ფუნქციები განისაზღვრა ახალი დებულების 2.2 მუხლით, რომლის თანახმად, ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციებში შედის: კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა, დასაქმებული პერსონალის გადასამზადებლად პროექტების ინიცირება და მართვა; თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა - სასწავლო პროცესების საჭიროების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; სერვის-სტანდარტების დანერგვა და პრაქტიკულად განხორციელება; პერსონალის სწავლების საჭიროების გამოვლენაში მონაწილეობის მიღება, ტრენინგების ორგანიზება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კომპანიაში, სტრუქტურული ერთეულების შესაბამისად, საჭირო ტრენინგების (თანამედროვე მომსახურების მეთოდები; SERVICE+ და ეფექტური კომუნიკაცია; დროის მენეჯმენტი; კორპორაციული გაყიდვების ტრენინგი; მენეჯმენტის ტრენინგი; ეფექტური მართვა) გამართვა; ახალი თანამშრომლების კომპანიაში ადაპტაციისა და საქმიანი, ლოიალური და კეთილგანწყობილი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა; კატეგორიების მიხედვით სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნა; ტრენერების მომზადება კატეგორიების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების ინიცირება და მართვა.
10.10 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ტრენინგცენტრის მიერ ხარისხის კონტროლის მენეჯერისგან განსხვავებული საქმიანობის რეალობას ადასტურებს. საქმეში წარმოდგენილ დებულებებში განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შედარების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტრენინგცენტრის ფუნქციური დატვირთვა ხარისხის კონტროლის მენეჯერის დანიშნულებისაგან განსხვავებულია. ტრენინგცენტრს ჩამოშორებული აქვს თანამშრომელთა კონტროლის, მათ მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, შეცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების ფუნქციები. ტრენინგცენტრი წარმოადგენს სასწავლო დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მიმართულია სხვადასხვა საჭირო პრაქტიკული დანიშნულებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნისაკენ.
10.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარდგენილია სხვადასხვა დოკუმენტაცია სასამართლოში, მათ შორის, ახალი თანამდებობის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი პირის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს უყალიბებს რწმენას, რომ ახალი თანამდებობა და ამ თანამდებობაზე გამწესებული დაქირავებული, არსებითად განსხვავდება ძველი თანამდებობისაგან. სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჰიპერმარკეტ „გორგიას“ პროდუქტების ტექნიკურ სახელმძღვანელოებზე, რომელიც სწორედ ტრენინგცენტრის მიერ შექმნილი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სქელტანიანი დოკუმენტია და შეიცავს ჰიპერმარკეტის უამრავი პროდუქციის აღწერილობას, გამოყენების წესსა და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს.
10.12 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაწესებულებაში რეალურად და არა თვალთმაქცურად განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის საშტატო ერთეულის ნაცვლად, შეიქმნა ახალი - ტრენინგცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომლის დანიშნულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ხარისხის კონტროლის მენეჯერის ფუნქციებისგან, ვინაიდან წარმოადგენს სასწავლო დანიშნულების მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობას.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 დასაქმებულმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილება.
11.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველმა მოსამართლემ საქმის ერთპიროვნულად განხილვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ამით შეზღუდა კასატორის უფლება, საქმე კოლეგიურ სასამართლო შემადგენლობას განეხილა.
11.3 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში აღმოჩნდა, რომ მოსამართლეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან საქმე სამჯერ პაექრობისა და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დააბრუნა. შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
11.4 კასატორის განმარტებით, მუშაობის პერიოდში, დასაქმებულთა სამუშაო სპეციფიკის მიხედვით, ინტენსიურად მართავდა ტრენინგებს შრომისუნარიანობის, მოტივაციისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის გასაზრდელად.
11.5 კასატორის განმარტებით, კომპანიის ხელმძღვანელს სთხოვა, მის მიერ შესრულებული მოცულობითი სამუშაო სათანადოდ შეფასებულიყო, რაზეც 2015 წლის დასაწყისში ამ უკანასკნელისგან პრემიით დაჯილდოების თაობაზე ზეპირი თანხმობა მიიღო, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელმა პირობა არ შეასრულა და მოსარჩელის მიერ შეხსენების შემდეგ, დამსაქმებელმა მასთან შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც რეორგანიზაციის საფუძვლით ,,შეფუთა“.
11.6 კასატორის მტკიცებით, დასაქმებულის განმარტება, რომ კომპანიაში 2015 წელს მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია დაიწყო, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, რეალურად, ასეთი რამ არ მომხდარა.
11.7 კასატორის განმარტებით, კომპანიის განცხადება, რომ 2015 წლის მაისში დაცვის სამსახურის 7 თანამშრომელი გათავისუფლდა და თბილისის დაცვის სამსახურის დეპარტამენტი გაუქმდა, ეს მასშტაბურ რეორგანიზაციას არ უკავშირდება, ვინაიდან საზოგადოების მენეჯერმა კერძო დაცვის კომპანიის დაქირავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
11.8 კასატორის განმარტებით, რეორგანიზაციის დაწყებისა და დებულებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება და შემდგომ შესაძლო საშტატო ერთეულის გაუქმების შესახებ გაფრთხილების წერილი, კასატორის კუთვნილ შვებულებაში ყოფნას ემთხვევა, ამასთან, სამუშაო ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხის განსახილველად და ახალ თანამდებობაზე პირის შესარჩევად საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობასა და კრიტერიუმებზე დასაქმებულისთვის არავის უცნობებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა.
11.9 კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხემ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მისი და ახალი თანამშრომლის სამუშაო გამოცდილების რეზიუმე და 2015 წლის 27 თებერვლისა და 5 სექტემბრის დებულებები წარადგინა. კომპანიის განმარტებით, მან რეზიუმეებში მითითებული სამუშაო გამოცდილება შეადარა და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალ თანამშრომელს მიენიჭა უპირატესობა.
11.10 კასატორის განმარტებით, 2015 წლის თებერვლისა და სექტემბრის დებულებების გაცნობით ირკვევა, რომ ტრენინგცენტრის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები და გაუქმებული თანამდებობის ხარისხის კონტროლის მენეჯერის კომპეტენციები ბევრ რამეში ერთმანეთს ემთხვევა, ორივე თანამდებობის ფუნქცია იყო ტრენინგის გამართვა, ამასთან ერთად ვლინდებოდა განსხვავებებიც. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ დასაქმებულს ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება არ გააჩნდა.
11.11 კასატორის განმარტებით, მხოლოდ რეზიუმეთი, პირის კვალიფიკაციის შესაბამისობა ახალ შექმნილ თანამდებობასთან ვერ დადგინდება.
11.12 კასატორის განმარტებით, მხარეთა შრომითი ურთიერთობა უვადო იყო, მან ათეულობით ტრენინგი გამართა, ეფექტური კომუნიკაციების, ტოპ-მენეჯერებისათვის პროფესიული განვითარების თაობაზე, სერვისის ამაღლების სხვადასხვა სპეციფიკის ტრენინგები და შეეძლო საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ახალი თანამდებობა დაეკავებინა.
11.13 კასატორის მტკიცებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, მისი თანამდებობის გაუქმების შესახებ ბრძანებასა და გაფრთხილების წერილს შორის იურიდიული კავშირი არ არსებობს, ვინაიდან ბრძანებაში არ არის ასახული, სტრუქტურული ერთეულის გაუქმების გამო, მასთან მოსალოდნელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა საქმე ერთპიროვნულად, კოლეგიური შემადგენლობის ნაცვლად.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას და სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ,,სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ“ განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რაც შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას განეკუთნება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე ერთპიროვნულად განეხილა.
21. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად საქმის განხილვის გადადება და სხდომის მტკიცებულებათ გამოკვლევის ეტაპიდან გაგრძელება, ერთპიროვნულად მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების წინაპირობაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას“, სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან გაეგრძელებინა, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევისა და შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სამართლის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს და თანაბრად დაიცვას ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესები. რასაკვირველია, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასაქმებულთა შრომითი უფლებების შელახვის ხარჯზე. როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელიაუფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო გათავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012 5.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი). იხ. საქმე # ას 893-851-2013 , 7.11.2013) - იხ. სუსგ #ას- 686-652-2015, 28.07.2015წ.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო მხოლოდ იმას იკვლევს, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის.
24. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის განმარტებით, დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა კომპანიის სტრუქტურის ცვლილების გამო, რამაც მანამდე არსებული სტრუქტურული ერთეულის გაუქმება და ფუნქციური ცვლილება გამოიწვია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განმარტავს, რომ დამსაქმებელ კომპანიაში 2015 წლის 29 ივლისის N2 ბრძანებით რეორგანიზაცია დაიწყო და დებულებაში ცვლილება შევიდა. სხვა ცვლილებებთან ერთად, ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობა გაუქმდა, რომელიც ადამიანური რესურსების ე.წ. „ეიჩარის“ დეპარტამენტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში შედიოდა და მის ნაცვლად ტრეინინგცენრის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიქმნა.
27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ახალი საშტატო ერთეულის ფუნქციური დატვირთვა განსხვავებულია ხარისხის კონტროლის მენეჯერის ფუნქციებისგან, რასაც თავად კასატორის არ უარყოფს, როდესაც უთითებს, რომ ძველ და ახალ პოზიციებს შორის არსებობს განსხვავებებიც (იხ. წინამდებარე განჩინების 11.10 ქვეპუნქტი). ტრეინინგცენტრი მხოლოდ სასწავლო და სხვადასხვა საჭირო სახელმძღვანელოების შექმნას უზრუნველყოფს, რაც არსებითად განსხვავდება ხარისხის კონტროლის მენეჯერის ფუნქციებისგან, რომელიც მოცემულია კომპანიის 2015 წლის 27 თებერვლის დებულების მე-9 მუხლში და დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მიერ.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცვლილებით გაუქმებული თანამდებობის ნაცვლად შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შინაარსობრივად სხვა ფუნქციის მატარებელია, რამაც დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი მისცა.
29. „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში უთითებს: „გასათვალისწინებელია... საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტულისაწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე...“ (იხ. სუსგ # ას-941-891=2015, 29.01.2016წ; შდრ. #ას- 1145-1101-2016, 17.03.2017წ.).
30. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ხ.ზ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N54, გადახდის თარიღი 2019 წლის 28 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე