Facebook Twitter

საქმე №ას-456-2019 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის N14 ოქმის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა ვ.ს–მა (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე), რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს, 15 წლის იჯარის უფლებით, სავაჭრო ობიექტის მოსაწყობად სარგებლობაში გადაეცა საბურთალოს რაიონში, ..... კორპუსის წინ 50 კვ.მ N38 მიწის ნაკვეთი (იხ. ტ.1. ს.ფ. 23-27).

2. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლით, ამავე პუნქტში მითითებულ მოსარჩელესა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე, აპელანტი, კასატორი) შორის, ქ. თბილისის პრემიერის 26.06.2000წ. N384 განკარგულების თანახმად, გაფორმდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ტ.1. ს.ფ. 21-22, 29-35).

3. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2014 წლის 8 მაისს, ცვლილება შევიდა. კერძოდ, იჯარის ვადა 2018 წლის 25 მარტამდე განისაზღვრა, წლიური საიჯარო ქირა კი - 300 ლარით (იხ. ტ.1. ს.ფ. 37-40).

4. საიჯარო პირობების თანახმად, პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის განისაზღვრა საიჯარო ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45).

5. მოპასუხეს 2017 წლის 16 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ მან საიჯარო პირობების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, არ გადაიხადა 08.11.2014წ.-დან 08.05.2017წ.-მდე არსებული საიჯარო ქირა, ჯამში - 900 ლარი და ამის საფუძველზე, 2017 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით, ერიცხებოდა პირგასამტეხლო - 1011 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-53).

6. მოპასუხეს, 2017 წლის 31 აგვისტოს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეუწყდა (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 47-48).

7. მოპასუხის დავალიანება საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე შეადგენს საიჯარო ქირას - 994.52 ლარს და პირგასამტეხლოს - 1108 ლარს, რაც მოიცავს პერიოდს - 2014 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

8. სარჩელის საფუძვლები

8.1 მეიჯარემ, 2017 წლის 1 დეკემბერს, სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და, მოითხოვა, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის - 994.52 ლარისა და, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2014 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე, პირგასამტელოს - 1108 ლარის, ხოლო 2017 წლის 20 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის გადახდა დაჰკისრებოდა.

8.2 მოსარჩელემ მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1 მოიჯარემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, საიჯარო ქირის ნაწილში და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე მიუთითა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

10.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის - 994.52 ლარის, პირგასამტეხლოს, 110.80 ლარისა და 2017 წლის 21 ნოემბრიდან, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0.03 ლარის გადახდა დაეკისრა.

10.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 581-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 208-ე მუხლებით;

10.3 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მიუთითა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1108 ლარიდან 110.80 ლარამდე შეამცირა, ხოლო ვალდებულების შესრულებამდე მოთხოვნილ პირგასამტეხლოზე განმარტა, რომ მოპასუხისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასატეხლოსთან ერთად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლო - 1 ლარი არაგონივრული იყო და და იგი 0.03 ლარამდე შეამცირა.

11. სააპელაციო საჩივარი

11.1 მეიჯარემ (მოსარჩელემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მეიჯარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

12.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა კი სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.

12.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 230-ე მუხლზე და განმარტა, რომ არ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

12.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ იყო, სადავო იყო მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება, რა შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 3761-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება აქვს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშეც განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როცა ასეთ საქმეზე სხდომა დანიშნულია, მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის საფუძვლად შეფასდეს.

12.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებშიც, მისი გონივრულობის საკითხზე იმსჯელოს (იხ. საქმე №ას-1125-1072-2014; 29.05.2015წ.).

12.6 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას პირგასამტელხოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

12.7 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას, ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე - სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებით.

12.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

12.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, გონივრულად განსაზღვრა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1108 ლარი მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა 110,80 ლარამდე. ამავე საფუძვლით, ჯეროვნად შემცირდა ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 1 ლარიდან - 0,03 ლარამდე.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 მოსარჩელემ (კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13.2 კასატორი უთითებს სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 416-ე-418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განისაზღვრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქირის თანხის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ - 1 ლარისა.

13.3 კასატორის განმარტებით, მოპასუხისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, როდესაც მხარე გარიგების დადების თაობაზე ნებას ავლენს, ის აცნობიერებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ან შეუსრულებლობის ყველა შესაძლო შედეგს.

13.4 კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალემ სახელშეკრულებო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

13.5 კასატორი უთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზეც და განმარტავს, რომ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

21. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მოპასუხისათვის 1108 ლარისა და 2017 წლის 21 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის (994.52 ლარი) გათვალისწინებით.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

24. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე